სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის ყალბი ციტატა ვრცელდება. პოსტის მიხედვით, პოდოლიაკმა, პუტინის მიერ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ - სერგეი შოიგუსთვის, საშობაოდ მთელი ფრონტის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინსტრუქციების მიცემის საპასუხოდ განაცხადა, რომ „უკრაინა საშობაოდ დაზავებას უარყოფს! ჩვენი გვესროდნენ წმინდა ბანდერას დაბადების დღეზე, რატომ უნდა დავუშვათ გამონაკლისი თქვენი ქრისტეს გამო?“.
სინამდვილეში, მიხაილ პოდოლიაკმა, პუტინის და რუსეთის პატრიარქ კირილის ინიციატივაზე საშობაო ზავის შესახებ, საპასუხოდ სულ სხვა კომენტარი გააკეთა. პოდოლიაკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ: „Პირველი. უკრაინა არ უტევს სხვა ქვეყნის ტერიტორიებს და არ კლავს მშვიდობიანი მოსახლეობას, როგორც ამას აკეთებს რუსეთი. უკრაინა თავის ტერიტორიაზე მხოლოდ საოკუპაციო არმიის წევრებს ანადგურებს...
მეორე. რუსეთის ფედერაციამ უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები - მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს „დროებითი ზავი“. თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ...“
Twitter-ის პოსტის გარდა, მიხაილ პოდოლიაკის სხვა განცხადება, სადაც ის რუსეთის ინიციირებულ „საშობაო ზავზე“ აკეთებს კომენტარს, არ იძებნება. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოდოლიაკმა შობის ზავი უარყო იმ მიზეზით, რომ სტეფან ბანდერას დაბადების დღეზე ბრძოლა გრძელდებოდა, გაყალბებულია.
აღსანიშნავია, რომ პუტინის ინიციატივის შემდეგ, შობის დღეს - 7 იანვარს, სამხედრო მოქმედებები უკრაინის ფრონტზე რუსეთს არ შეუწყვეტია და რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინული დასახლებებისა და უკრაინული არმიის დაბომბვას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ.
------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.