„ალტ-ინფოსა“ და „ტელეკომპანია სეზონის“ ეთერში დავით უსუფაშვილის განცხადება მანიპულაციური შინაარსით გავრცელდა.

5 დეკემბერს „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემა „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ გადაცემის წამყვანი ჯაბა ჟვანია ამტკიცებდა, რომ დავით უსუფაშვილი სხვებს სამშობლოსთვის გმირულად თავგანწირვისკენ მოუწოდებს, როცა თავის შვილს სამშობლოსთვის შესაწირად და პატრიოტად არ ზრდის.

9 დეკემბერს „ტელეკომპანია სეზონის“ წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დავით უსუფაშვილის განცხადება ასევე შეაფასა. ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე გადაცემის მონაკვეთი შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა -„ნაცები თავიანთ შვილებს გართობისთვის ზრდიან, სხვის შვილებს კი სასაკლაოზე აგზავნიან“

გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ წამყვანის მტკიცებით, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავის შვილებს არა საქართველოსთვის თავის გასაწირად და საომრად, არამედ თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის ზრდის, ხოლო უკრაინაში ბრძოლისკენ სხვის შვილებს მოუწოდებს.

ჯაბა ჟვანიამ და ნიკოლოზ მჟავანაძემ თავიანთი შეფასებების გასამყარებლად გადაცემებში დავით უსუფაშვილის განცხადების ჩანაწერის მონაკვეთი მოიხმეს, სადაც დავით უსუფაშვილი ამბობს: „ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, თქვენ, ჩემო შვილო [...] შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ შვილო თქვენ დაიბადეთ, შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი...“

დავით უსუფაშვილის განცხადების ჩანაწერის აღნიშნულ მონაკვეთზე დაყრდნობით ჯაბა ჟვანიამ და ნიკოლოზ მჟავანაძემ მანიპულაციური შეფასებები გააკეთეს:

• ჯაბა ჟვანიას განცხადებით, „კაცი, რომელიც თავის შვილს თავისი სიტყვებით ამბობს, რომ არ ზრდის იმისთვის რომ სამშობლოს შეეწიროს, ახლა ჩვენ მოგვიწოდებს, რომ შევეწიროთ სამშობლოს და თავის შვილს ეუბნება, რომ შენ თავისუფალი უნდა იყო, ოღონდ ვისი სისხლის ხარჯზე უნდა იყოს თავისუფალი იმ შემთხვევაში თუ მტერი შემოგვესევა, [...] ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, ვისმა შვილმა უნდა გაწიროს თავი ომისკენ როცა მოგვიწოდებთ და მშვიდობა როცა გაღიზიანებთ?! საკუთარ შვილს რომ მაგას ეუბნებით რომ თქვენ არ უნდა შეეწიროთ სამშობლოს, თავისუფალი უნდა იყოთ, საინტერესოა, ვისი შვილების სისხლის ხარჯზე უნდა იყოს ამათი შვილები თავისუფალი.“

• ნიკოლოზ მჟავანაძემ დავით უსუფაშვილს მიმართა: „შენ ის კაცი არ იყავი რომ გამოდიოდი და ლაპარაკობდი, მე შვილებს არ ვზრდი ისე, რომ საქართველოსთვის თავი გაწიროსო, მე ვეუბნები შვილო შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო წახვალ თუ არა საომრად. შენ შვილს არ უშვებ საომრად და სხვისი შვილი უნდა წავიდეს საომრად შე მართლა საქართველოს მტერო?“, „კაცი გამოდის და ლაპარაკობს რომ ჩემს შვილს არსად არ გავუშვებ და მოუწოდებს ახლა სხვის შვილებს, წადით უკრაინაში იომეთო“

სინამდვილეში, „ალტ-ინფოსა“ და „ტელეკომპანია სეზონის“ გადაცემებში დავით უსუფაშვილის განცხადების ჩანაწერის მონაკვეთი არასრულადაა წარმოდგენილი. კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად გავრცელებული ჩანაწერი კი შეცდომაში შემყვანია. რესპუბლიკური პარტიის YouTube გვერდზე 2010 წელს განთავსებული ჩანაწერი მოიპოვება, სადაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ შეხედულებებისა და იდეოლოგიის შესახებ უფრო ფართოდ მსჯელობს.

„რესპუბლიკური პარტია, რომელიც არის ლიბერალური მიმართულების პარტია... ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება და იდეა, რომელიც შესაძლოა ჩვენი თანამოქალაქეების ერთ ნაწილში ვერ არის ასეთი პოპულარული. მაგალითად, ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ ჩემო შვილო [...] შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის რომ სამშობლოს უნდა გმირულად შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი და იყოთ ბედნიერნი; და თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ... რასაც გინდა. ბევრ ჩემს თანამოქალაქეს ეს არ ესმის და მსაყვედურობს, არ ხარ პატრიოტიო... მე არ დავდივარ გაღეღილი პერანგით, რომ ყველას დავანახო, ჯვარი მიკეთია თუ არ მიკეთია; იმიტომ რომ მგონია, ეს არის ჩემი პირადი საქმე. მე არც თქვენ, არც სხვას არ [გან]ვსჯი ამით, რომელ ეკლესიაში დადის, რამდენჯერ დადის, როგორი ჯვარი უკეთია და ა.შ. და ა.შ. ამით არ [გან]ვსჯი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა

შესაბამისად, ჩანაწერის უფრო ვრცელი ვერსიდან ჩანს, რომ დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ შეხედულებებზე, მათ შორის ნებისა და არჩევანის თავისუფლებაზე საუბრობს, მაგალითის სახით კი შვილებთან მისი და პარტიის წევრების დამოკიდებულება მოჰყავს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, შვილებს ნებისმიერ საკითხზე თავისუფალი არჩევანისა და ბედნიერების საშუალებას აძლევენ, თავისუფალი არჩევანი კი შესაძლოა, როგორც სამშობლოს სამსახურსა და მისთვის თავგანწირვაში, ისე პროფესიულ თავგანწირვაში და ა.შ. გამოვლინდეს.