სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც, ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭო წელს „კლიმატის ლოკდაუნს“ გეგმავს, რათა პლანეტა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისგან გადაარჩინოს. მასალის თანახმად, ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭომ დაამტკიცა გეგმა, რომელიც მოსახლეობის 6 ზონაში ჩაკეტვას ისახავს მიზნად. პოსტის ავტორის მიხედვით, მათ ქალაქი 6 ზონად დაყვეს, მთავარ გზებზე ელექტრონული კარიბჭე დააყენეს და ამას 15 წუთიანი ქალაქის დღის წესრიგი დაარქვეს. პოსტში მოცემული ინფორმაცია იმგვარად არის მოცემული, თითქოს ეს ყველაფერი ადამიანების ჩაკეტვას და მათ მართვას ემსახურება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ოქსფორდშირის საგრაფოს ადგილობრივმა მმართველებმა ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირების ახალი სისტემა განიხილეს. ახალმა გეგმამ ქალაქ ოქსფორდში საცობების რაოდენობა უნდა შეამციროს. გეგმის თანახმად, ქალაქ ოქსფორდის მთავარ გზებზე დამონტაჟდება სატრანსპორტო მოძრაობის მარეგულირებელი 6 კამერა ე.წ. traffic filters, რომლის მთავარი მიზანი ავტობუსით უფრო სწრაფად გადაადგილება და ფეხით/ველოსიპედით მოსიარულეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა იქნება (შეგიძლიათ, იხილოთ რუკა, სადაც ასახულია ქალაქ ოქსფორდში traffic filters-ის განლაგება). Traffic filters წარმოადგენს ტრანსპორტის სანომრე ნიშნების ამომცნობ კამერებს და არა ფიზიკურ ბარიერს. კერძო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთებს ნებართვის გარეშე გაივლიან, ავტომატურად დაჯარიმდებიან. რაც შეეხება ქალაქ ოქსფორდში ან ქალაქგარეთ მცხოვრებ მძღოლებს, ისინი მოცემულ მონაკვეთებში თავისუფლად გადაადგილებისთვის წელიწადში 100-დღიან ნებართვას მიიღებენ. შეზღუდვა არ მოქმედებს სხვა დანარჩენი სახის სატრანსპორტო საშუალებაზე: ავტობუსებზე, ტაქსებზე, მოპედებზე, მოტოციკლეტებსა და სატვირთო მანქანებზე.

საგრაფოს მთავრობამ Associated Press-თან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ემსახურება მოძრაობის დარეგულირებას და ის მიზნად არ ისახავს ოქსფორდშირის საგრაფოს რომელიმე ნაწილის ჩაკეტვას და მასზე წვდომის გაუქმებას. ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭოს სპიკერმა, პოლ სმიტმა, განაცხადა, რომ „ქალაქ ოქსფორდის ყველა ნაწილი მანქანით კვლავ მისაწვდომი იქნება. სახლის დატოვებისთვის ან მანქანის მართვისთვის საგრაფოს საკრებულოსგან ნებართვის აღებას მოსახლეობას არავინ მოსთხოვს“. მისი თქმით, „მძღოლები, რომლებსაც არ აქვთ ნებართვა, კვლავ შეძლებენ დაჯარიმების გარეშე შევიდნენ ქალაქის ნებისმიერ ნაწილში. უბრალოდ მათ ამისთვის სხვა მარშრუტის გავლა და იმ კონკრეტული გზის მონაკვეთებისთვის თავის არიდება მოუწევთ“. ინიციატივის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქალაქის გადატვირთულ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შემცირდეს და ფეხით/ველოსიპედებით გადაადგილება წახალისდეს.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ „15- წუთიანი ქალაქის დღის წესრიგის გეგმას“, ის traffic filters-ის ინიციატივასთან კავშირში არ არის. 15-წუთიანი ქალაქის პროექტი (the 15-Minute City project) დამოუკიდებელ გეგმას წარმოადგენს, რომლის განხორციელების იდეალურ შემთხვევაში ქალაქის მაცხოვრებლები მნიშვნელოვან სერვის ცენტრებამდე ფეხით ან ველოსიპედით 15 წუთში მივლენ. Facebook-მომხმარებლებმა ეს ორი პროექტი არასწორად დააკავშირეს ერთმანეთთან და მცდარი დასკვნა გამოიტანეს, რომ traffic filters-ის საგზაო მოძრაობის წესები მოსახლეობას თავიანთი უბნების დატოვებასაც აუკრძალავს.

-----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.