სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მაღალ პოლიტიკურ თუ საჯარო სამსახურში მყოფი და ასევე, პარტიასთან დაკავშირებული პერსონების, სხვადასხვა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ვიდეო კოლაჟია გაკეთებული.
ვიდეოს დასაწყისში დამონტაჟებულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, სადაც ის ამბობს: „სიმღერა იყო დაწერილი ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზეც კარგი სიმღერები დაიწერა, სოხუმზე არ იწერებოდა, არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში“, რის შედეგადაც ვიდეო წყდება და გრძელდება გვარამიას საუბრით, სადაც ის ამბობს, რომ „ეჭვიც ხომ არ გეპარებათ, რომ ესეც რუსეთია? მე მგონი არა, არც არავის, ოცნების მომხრეებსაც კი. შემდეგი ვიდეო“.
მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს მონაკვეთი, გარდა იმისა რომ უკონტექსტოდაა წარმოდგენილი და არ ჩანს, რეალურად რაზე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტი, რედაქტირებულია და ამოჭრილია ერთი სიტყვა, რომელიც მის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სრულიად უცვლის შინაარს. სააკაშვილის ვიდეოს ეს მონაკვეთი მისი 2012 წლის 2 მაისის მიმართვიდან არის ამოღებული, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა ქუთაისის განახლებულ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მიხეილ სააკაშვილის საინფორმაციო ვებგვერდზე იძებნება ამ მიმართვის სრული ტექსტი, სადაც დასტურდება, რომ სააკაშვილმა სინამდვილეში თქვა, რომ „სოხუმზე სიმღერები არ იწერებოდა, თითქოს, ის საქართველოს შემადგენლობაში არ იყო და დასავლეთ საქართველო კონტროლიდან იყო გასული“. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამოჭრილია ის ძალიან მცირე მონაკვეთი, სადაც სააკაშვილი ამბობს სიტყვას „თითქოს“. ვიდეოს მე-9 და მე-10 წამებს შორის ჩანს კადრის ცვლილება. სწორედ ეს არის ის მომენტი, სადაც ამოჭრილია სიტყვა „თითქოს“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილი ვითომ ამბობს, რომ სოხუმი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში.
შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.
-----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.