„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა Facebook- გვერდმა „ალტ-სიახლე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებენ, რომ „ყატარმა უარი განაცხადა გერმანიის ნაკრების თვითმფრინავის მიღებაზე, რომელიც ლგბტ სიმბოლოებით იყო გაწყობილი“. ალტ-ინფო-ს განმარტებით, „მიზეზი ლუფთჰანზას ბორტზე გამოსახული რამდენიმე მამაკაცი გახდა. ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლებამ ის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას დაუკავშირა, რაც ქვეყანაში აკრძალულია“. პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ „უარის შემდეგ გერმანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ომანში გაფრინდა, საიდანაც გერმანელი სპორტსმენები ადგილობრივი ავიახაზებით ყატარში ჩაფრინდნენ“.
პოსტში აღნიშნულია, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების წარმომადგენლები კატარში „ლუფთანზა“-ს თვითმფრინავით მიემგზავრებოდნენ, რომლის ფიუზელაჟზე „ლგბტ სლოგანი იყო გამოყენებული“, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ კატარის მთავრობამ თვითმფრინავის დოჰას აეროპორტში მიღებაზე უარი განაცხადა.
მსგავსი შინაარსის პოსტები უცხოენოვან Facebook და Twitter-ის ანგარიშებზეც (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) გავრცელდა.
აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა „ფრანს 24“-მა (France 24) გადაამოწმა. ფრანგული გამოცემის მიხედვით, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები „ლუფთანზა“-ს თვითმფრინავით Airbus A330, 14 ნოემბერს ფრანკფურტის აეროპორტიდან მუსკატში (ომანი) გაფრინდა, სადაც გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები გამართა.
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური Twitter-ის ანგარიშზე განთავსებული პოსტებიც ადასტურებს, რომ ნაკრები „ლუფთანზა“-ს რეისით არა კატარში, არამედ მუსკატში საწვრთნელ ბაზაზე გაფრინდა.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კატარმა გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს კატარში „ლუფთანზა“-ს თვითმფრინავით შესვლაზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე „ლგბტ სლოგანი“ იყო გამოსახული, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გერმანიის ნაკრების, ისე „ლუფთანზა“-ს ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებში აღნიშნული იყო, რომ გერმანიის ნაკრები 14 ნოემბერს მუსკატში, საწვრთნელ ბაზაზე მიემგზავრებოდა და არა კატარში, სადაც ფეხბურთელები და საწვრთნელო შტაბი, მოგვიანებით - 17 ნოემბერს „ომანის ავიახაზების“ (Oman Air”) კუთვნილი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ლუფთანზა“-მ, ისევე როგორც გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფედერაციამ, კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების იდეების მიმართ მათი მხარდაჭერა ღიად გამოხატეს. „ლუფთანზა“-ს საკუთარ თვითმფრინავზე სპეციალური გზავნილის და სიმბოლოების დატანაც სწორედ ამ იდეების მხარდაჭერისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.
აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდ „ალტ-სიახლე“-ზე გამოქვეყნებულ პოსტში არსებული სურათი, სადაც გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები და საწვრთნელო შტაბი „ლუფთანზა“-ს თვითმფრინავში ასასვლელ მობილურ კიბეზე დგანან, გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტშია გადაღებული მუსკატში გამგზავრების წინ.
----------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.