Facebook-მომხმარებელმა, Natia Colussi-მ, სოციალურ ქსელში მანიპულაციური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ავტორი ამტკიცებს რომ ამერიკული გამოცემა GQ-ს „წლის კაცი ქალი გახდა“. პოსტის ავტორი ასევე აღნიშნავს: „ეს ქალი თავს არ ცნობს ქალად, არაბინარული ვარო არც ქალად თვლის თავს არც კაცად და ნაცვალსახელად She-ს მაგივრად They/them აქვს. წლის კაცი manly man”.
Men of the Year, რომელზეც მომხმარებელი Natia Colussi საუბრობს, ჟურნალ GQ-ს ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც კულტურის, მოდის, სპორტის და გართობის სფეროში გამოჩენილ ადამიანებს გადასცემენ.
GQ 1931 წელს დაფუძნებული ამერიკული ჟურნალის ბრენდია, რომელიც საწყის ეტაპზე Apparel Arts-ის დასახელებით გამოიცემოდა, როგორც მამაკაცების მოდის ჟურნალი. 1957 წელს ჟურნალი კვარტალურ გამოცემად გადაკეთდა და ეწოდა Gentlmen’s Quarterly. 1967 წელს ჟურნალმა კიდევ ერთხელ განიცადა რებრენდინგი და ეწოდა უბრალოდ GQ. 1979 წელს ჟურნალი GQ ამერიკულმა მედია გიგანტმა Condé Nast-მა შეიძინა (ფლობს ისეთ გამოცემებს როგორებიცაა Vogue, Vanity Fair, Wired). ჟურნალის ახალმა რედაქტორმა, არტ კუპერმა, ჟურნალის კონცეფცია განაახლა და მამაკაცის მოდის მიმდინარეობიდან ჟურნალი ზოგადად მამაკაცებისთვის განკუთვნილ მულტი-პროფილურ ჟურნალად გადაკეთდა. პარალელურად დაიწყო GQ-ის საერთაშორისო გამოცემების შექმნა და ჩამოყალიბდა ჟურნალის რეგიონული გამოცემები. 1988 წელს შეიქმნა GQ-ის ბრიტანული გამოცემა და ის მალე ბრიტანეთის წამყვან მამაკაცების ჟურნალად იქცა.
1996 წელს ჟურნალ GQ-ს ამერიკულმა გამოცემამ ყოველწლიური ჯილდო MOTY - Men of the Year (წლის ადამიანი) შემოიღო, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში კულტურის, მოდის, სპორტის და გართობის ინდუსტრიაში წარმატებულ ადამიანებს გამოარჩევს და სპეციალურ დაჯილდოების ცერემონიალზე წარადგენს (ასევე გამარჯვებულების სურათები ხვდება ჟურნალის გამოცემების გარეკანზე). 2009 წლიდან GQ-ს ბრიტანულმა გამოცემამაც დაიწყო MOTY-ს ყოველწლიური დაჯილდოების გამართვა.
სწორედ ბრიტანული GQ-ს MOTY-ს (წლის ადამიანის) 2022 წლის კანდიდატებს შორის მოხვდა ინგლისელი მსახიობი ემა დარკი (ცნობილი მისი როლებით სერიალებში: BBC-ის Wanderluist-ში, Amazon Prime-ის Truth Seekers-ში და HBO-ს House of Dragons-ში), რომელზეც საკუთარ პოსტში Facebook- მომხმარებელი Natia Colussi საუბრობს.
პოსტში აღნიშნულია, რომ თითქოს ჟურნალ GQ-ს „წლის მამაკაცის“ ტიტულის მფლობელი „ქალი“ გახდა. სინამდვილეში, ბრიტანული GQ-ს წლის ადამიანის ჯილდო მხოლოდ კაცებს არ გადაეცემათ და 2009 წლიდან მოყოლებული ამ ჯილდოს მფლობელი არაერთი ქალი გამხდარა. მაგალითად, 2021 წელს ბრიტანული GQ-ს „წლის ადამიანების“ ჯილდო 18-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის - 5-მა ქალმა და 13-მა მამაკაცმა, ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა და ბრიტანეთის ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა ნაკრებმა.
გენდერული იდენტობა GQ-ს „წლის ადამიანების“ კანდიდატებში მოხვედრის კრიტერიუმი ან ფაქტორი არ არის. ჟურნალი კანდიდატებს სხვადასხვა სფეროში მიღწეული გამორჩეული წარმატებისა და წვლილისთვის აჯილდოებს. მსახიობი ემა დარკი გამოცემამ მის მიერ პოპულარულ სერიალ House of Dragons-ში შესრულებული როლის (მსახიობი სერიალში პრინცესა რაენირას როლს ასრულებს) გამო გამოარჩია, რომელიც წლის ერთ-ერთ მთავარ სატელევიზიო სენსაციად იქცა და 2022 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყურებადი სერიალი იყო.
----------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.