რატი ბრეგაძე: სამწუხარო ტენდენციას ვაკვირდებით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ტერმინი „კლანის“ დამკვიდრებას
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, რატი ბრეგაძის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე:
2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში, არაერთი ცვლილება განხორციელდა, რაც ფორმალურ დონეზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, დღემდე არ აღმოფხვრილა.
სასამართლო სისტემის ჩაკეტილობა და ამ სისტემაში ფესვგადგმული ე.წ. „კლანიც“ მართლმსაჯულების უმთავრეს გამოწვევად რჩება. მტკიცება, რომ სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არსებობს, არა თუ გარკვეული ძალების გამოგონილ ამბავს არამედ, იმ მოცემულობას წარმოადგენს, რომელსაც სისტემაში არსებული რიგი ტენდენციები და რეგიონული თუ საერთაშორისო ანგარიშები ადასტურებენ.
ანალიზი:
2022 წლის 22 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. „კლანთან“ დაკავშირებით ისაუბრა. ,,დაუშვებელია, როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანებაა“,- განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამწუხარო ტენდენციაა, როცა გარკვეული ძალები ამ ტერმინის დამკვიდრებას ცდილობენ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, „არ უნდა დაგვავიწყდეს რამხელა ევოლუციური განვითარება გაიარა სასამართლო სისტემამ 2012 წლიდან მოყოლებული, რამხელა რეფორმები ჩატარდა, რამხელა დამოუკიდებლობა მოიპოვა სასამართლომ“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ რატი ბრეგაძის განცხადება გადაამოწმა.
დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა საქართველოსთვის დასავლეთთან ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა. ევროკომისიის დასკვნით, სასამართლო სისტემის „მთლიანი და ჭეშმარიტი“ დამოუკიდებლობა საქართველოსთვის ჯერ კიდევ მიუღწეველ მოცემულობად რჩება.
სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში გაფორმებულ თითქმის ყველა დოკუმენტში ფიგურირებს, (,,შარლ-მიშელის შეთანხმება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და სხვ.) რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სასამართლოებს დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით სერიოზული გამოწვევები აქვთ.
,,სისტემის ჩაკეტილობა’’ ქართული მართლმსაჯულების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სახელდება. [1] არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა თუ საერთაშორისო პარტნიორების ზეპირი გამოსვლებითა და წერილობითი ანგარიშებით ნათლად იკვეთება, რომ სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ე.წ. ,,კლანური მმართველობის’’ დამკვიდრებისა და გაძლიერების საფუძველს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც სასამართლოში „მენეჯერულ“ თანამდებობებზე წევრთა საეჭვო გადანაწილებას ეხება. ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები აჩენენ ლოგიკურ ეჭვს, რომ „მართლმსაჯულების სისტემის სათავეში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის ბერკეტები“. შესაბამისად, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების აღსაწერად ტერმინი - „კლანის“ გამოყენება - პოლიტიკურ ახირებას არ წარმოადგენს, რადგან მთელი რიგი ტენდენციები არსებობს, რომლებიც სასამართლოში არსებული ,,ვიწრო წრის’’ იდეას ამართლებენ.
სასამართლო სისტემაში მოქმედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან დაკავშირებით იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
პოლიტიკური გავლენებისგან არათავისუფალი სასამართლოს პრობლემა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეა წამოჭრილი. 2021 წლის 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, ადამიანის უფლებებს ეხება. ანგარიშში საქართველოს შესახებ არაერთი პრობლემაა აღწერილი. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ეთმობა.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. არაერთხელაა ნახსენები სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებენ.
ანგარიშის თანახმად, ეს ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე და მიუთითებენ იმ მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომლებიც ძირითადად შეადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარეობენ სასამართლოებს და ახშობენ კრიტიკულ აზრს სისტემაში. ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკაზეც. ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებები მოსამართლეთა შერჩევის არასწორ პროცესებზე სასამართლო სისტემის ყველა დონეზე, სადაც უმეტესობა დანიშნული იქნა უვადოდ და რის გამოც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენების მიმართ მოწყვლადი გახდა. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის მრავალწლიანი პრაქტიკა პრობლემად რჩება, რადგანაც გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად იღებს.
,,ტერმინ „კლანის“ გამოყენებას არც ევროკავშირში გაურბიან. ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მოსაზრებით, „კლანური“ სისტემა სასამართლოში კანონის უზენაესობას უთხრის ძირს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია UPR-ის სესიაზეც ცხადად გამოიკვეთა, სადაც კლანურ მმართველობაზე არაორაზროვნად არის საუბარი. რეკომენდაციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია „კლანის სახელით ცნობილი გავლენიანი ჯგუფის მიერ არაფორმალური მმართველობის პრევენცია მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაციის და მოსამართლეთა დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის გზით. საქართველომ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებით.“ [2]
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ,,კლანური სისტემა’’ ქართული მართლმსაჯულების ერთ-ერთი ფუნდამენტური და რეალური გამოწვევაა. ამასთან, სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფზე ლაპარაკობენ არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება რატი ბრეგაძის განცხადების იმ პათოსს, რომ ტერმინი ,,კლანის’’ დამკვიდრებას გარკვეული ძალები ცდილობენ. ჩაკეტილი სასამართლო სისტემა, დასავლეთის მხრიდან სასამართლო სისტემის რეფორმირების მოთხოვნა, ხარვეზები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში და უშუალოდ გავლენიან ჯგუფებთან მიმართებით არსებული ანგარიშები, ნათლად მოწმობენ, რომ სასამართლოში არსებული ,,ვიწრო წრის’’ პრობლემა რეალური და ხელშესახებია. აქედან გამომდინარე, რატი ბრეგაძის განცხადების ეს ნაწილი არის მანიპულირება.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომლის თანახმადაც 2012 წლიდან დღემდე ქართულმა სასამართლომ ევოლუციური განვითარება განიცადა, აღნიშნულის საპირისპიროზე მიუთითებენ საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგები თუ ანგარიშები, რომელიც კანონის უზენაესობისა და ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას აფასებს.
აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო. წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთმა გახმაურებულმა საქმემ გამოაჩინა, რომ კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მათ დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე ეტაპობრივად თქვეს უარი.
მმართველობის პირველ ეტაპზე, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური რეფორმა დაიწყო, რომელიც „ტალღების“ სახელითაა ცნობილი და სასამართლო საქმიანობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. ე.წ. ტალღების ფარგლებში, სასამართლო სისტემაში, არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომლებიც ფორმალურ დონეზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - 2013-2022 წლებში, გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო ფორმალურად გააუმჯობესა, თუმცა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, დღემდე ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულს სხვადასხვა დროს მომზადებული არაერთი ანგარიში მოწმობს (იხ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).
[1] https://transparency.ge/ge/post/sasamartlo-sistemis-repormis-koncepcia