ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ არის სისტემური პრობლემები სასამართლოში, რაც არავის არ წარმოუდგენია დღემდე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი
რეზიუმე: სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები, წლებია საუბრობენ.
არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, „კლანის“ გაძლიერებაზე, არაერთი კვლევა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები, მიუთითებს.
სასამართლოში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს ისიც, რომ 2020-21 წლებში დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით შექმნილ/გაფორმებულ შეთანხმებებში მნიშვნელოვანი ადგილი, სწორედ სასამართლოს რეფორმირებას ეთმობა.
აღნიშნულის ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ იმის მტკიცება, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემებისა და „კლანის“ არსებობის შესახებ ფაქტები და მტკიცებულებები არავის წარმოუდგენია, არის ტყუილი.
ანალიზი
10 თებერვალს, გადაცემა „თავისუფალ სტუდიას", „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე -ირაკლი კობახიძე, სტუმრობდა. საუბრისას ის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. კობახიძის შეფასებით, სასამართლოში სხვადასხვა ტიპის ხარვეზები არსებობს, თუმცა არა - სისტემური. „ისევე როგორც ყველა ნებისმიერ ქვეყანაში არის სასამართლოში სხვადასხვა ტიპის ხარვეზები და ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ზუსტად რეფორმაზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ არის სისტემური პრობლემები სასამართლოში, რაც არავის არ წარმოუდგენია დღემდე. არის ზეპირი საუბარი.. კლანი.. რაღაცა ხდება... საბჭოური მეთოდებით კლიშეების მიკერება“, - განმარტა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია, რა და ვის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძისთვის საკმარისად სარწმუნო, რომ მან სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემები დაინახოს.
თუმცა, არსებობს მთელი რიგი ანგარიშები და განცხადებები, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ავტორობით, რომლებიც სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებს, მათ შორის, „კლანის“ არსებობას უსვამს ხაზს.
2013-2021 წლებში გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო ფორმალურად გააუმჯობესა, თუმცა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც „კლანისა“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულს სხვადასხვა დროს მომზადებული არაერთი ანგარიში მოწმობს. თუმცა, ვინაიდან, ირაკლი კობახიძე სასამართლოში დღეისთვის არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, „ფაქტ-მეტრი“ მიმოიხილავს ბოლოდროინდელ შეფასებებს, სადაც სასამართლოში არსებულ პრობლემები და გამოწვევებია ასახული.
სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემების დადასტურებად უნდა მივიჩნიოთ იმ ფართომასშტაბიანი და ინკლუზიური რეფორმის საჭიროება, რაზეც ქვეყნის უცხოელი პარტნიორები როგორც სხვადასხვა დოკუმენტებში, ისე ზეპირად მიუთითებენ.
მაგალითად, გასული წლის 19 აპრილს გაფორმებული „შარლ მიშელის“ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ დამტკიცება იყო. შეთანხმება, სხვა პირობებთან ერთად, მოიცავდა უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას და განცხადებების ხელახლა მიღებას, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას. მმართველმა გუნდმა დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლოსთან დაკავშირებული პირობები ჯერ დაარღვია, შემდეგ კი შეთანხმება დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე პირობები ასახული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში. მემორანდუმის თანახმად, 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი უნდა მიეღო, თუმცა გასული წლის 21 აგვისტოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა (იხ. ამ თემაზე ვრცლად).
გასულ წელს სასამართლოში მიმდინარე პროცესები (უზენაეს სასამართლოსი დანიშვნების არშეჩერება, დანიშვნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. ისინი განცხადებებში სასამართლო რეფორმის ჩავარდნასა და „კლანური“ სისტემის არსებობაზე შეშფოთებას გამოთქვამდნენ.
სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“ არაერთხელაა ნახსენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშშიც. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. იქვე აღნიშნულია, რომ მოსამართლეები მოწყვლადები არიან სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის გამოწვევად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასების ყველა ანგარიშშია დასახელებული (2012-2020 წლების).
სასამართლოში სისტემურ პრობლემებსა და კლანურ მმართველობაზე წლებია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) 2020 წლის კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემა კვლავ გამოწვევების წინაშეა და ფუნდამენტური რეფორმა არ გატარებულა. ამ გარემოების გამო სისტემაში კლანური მმართველობა ჩამოყალიბდა და უზენაესი სასამართლო ხელისუფლების მიერ ლობირებული კადრებით დაკომპლექტდა. საბოლოო ჯამში კი, შემცირდა სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.
„სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. „სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, მოსამართლეთა ამ ჯგუფს დღეს ე.წ. კლანის სახელით მოიხსენიებენ“, - ვკითხულობთ კვლევაში.
სასამართლოში არსებულ „კლანზეა“ საუბარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2021 წლის კვლევაში, რომელიც 2013-2021 წლებში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს მიმოიხილავს.
„რეფორმის პირველი ტალღის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ არცერთი ცვლილების მთავარი მიზანი სასამართლოს შიგნით დემოკრატიული პროცესების გაძლიერება, ძალაუფლების ახლებურად გადანაწილება და გავლენიანი ჯგუფების დაბალანსება არ ყოფილა. შედეგად, ინსტიტუციური ჩარჩოს მოდერნიზაციის ლოგიკით გატარებული რეფორმები კვლავ არსებულ წესრიგსა და ინტერესთა ჯგუფებს მოემსახურა. ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა ადმინისტრაციული/მენეჯერული პოზიციების მქონე მოსამართლეთა ძალაუფლება, ხოლო საბჭო და სასამართლო სისტემა სრულ იზოლაციაში დატოვა“, - წერია კვლევაში.
დოკუმენტის თანახმად, სასამართლოში ინტერესთა ჯგუფების არსებობამ, ფორმალური და არაფორმალური გავლენებმა, სტატუსებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ძლიერდებოდა, სასამართლოში ჩამოყალიბებული იერარქიების ლოგიკა ვერ შეცვალა.
სასამართლო ხელისუფლების ერთეული გავლენიანი ჯგუფების მიერ მართვაზე არაერთხელ გაუსვამს ხაზი სახალხო დამცველსაც. სწორედ ამ მიზეზით, გასულ წელს, ნინო ლომჯარიამ უარი თქვა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობაზე.
„სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა“, - ეწერა აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდის კუთხით, პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, როგორც რეიტინგებიდან ჩანს, 2017 წლიდან სასამართლო ხელისუფლების შეფასებები თითქმის მუდმივ კლებას განიცდის.
როგორც აღვნიშნეთ, სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, მათ შორის, „კლანზე“ აქტიურად საუბრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების უამრავი ზეპირი თუ წერილობითი განცხადება. მიუხედავად ამისა, არც ირაკლი კობახიძეს და არც მის თანაგუნდელებს სასამართლო სისტემაში არსებული რეალობის დანახვა არ სურთ. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემებისა და „კლანის“ არსებობის შესახებ ფაქტები და მტკიცებულებები არავის წარმოუდგენია, არის ტყუილი.