სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტები, რომელთა თანახმადაც, „დიდ ბრიტანეთში ბავშვებს ასწავლიან, რომ პედოფილების კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ მათ უნდა დაუმეგობრდნენ“. აღნიშნულ მტკიცებას თან ინგლისურენოვანი ბროშურის ფოტო ახლავს, რომელიც დასათაურებულია შემდეგნაირად: „რა უნდა გავაკეთოთ, თუ ქუჩაში უცხო ადამიანი მოვა თქვენთან?“. სხვადასხვა ფოტოში მოცემულია ბროშურის დანარჩენი 4 გვერდი, რომელზეც დატანილია ოთხი პუნქტი: 1) არ შეგეშინდეს; 2) არ დაიყვირო და იტირო; 3) არ დაუძახო მას პედოფილი. აღნიშნული ინფორმაცია ქართულენოვან წყაროებშიც გავრცელდა.აღნიშნული ფოტოებიდან ჩანს, რომ ეს ბროშურა ბავშვებს მოუწოდებს, რომ უცხოებს ენდონ და მათ პედოფილი არ უწოდონ, რადგან ეს სიტყვა შეიძლება შეურაცხმყოფლად იქნეს აღქმული. კონკრეტული ფოტოები და მტკიცება რუსულ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
რეალურად, ბროშურის ფოტოების დაკვირვებით კარგად ჩანს, რომ მასზე არ არის დატანილი რომელიმე დაწესებულების/ორგანიზაციის ლოგო ან სხვა რამე კუთვნილების ნიშანი, რის საშუალებითაც დადგინდება, აღნიშნული ბროშურა ვისი გამოქვეყნებულია. ამდენად, იმის გარდა, რომ ბროშურაზე დატანილი წარწერა ინგლისურია, სხვა არავითარი მინიშნება არ არსებობს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული ბროშურა დიდ ბრიტანეთში არის გამოქვეყნებული. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ბროშურას 6 გვერდი აქვს (3-3 ფოტო-წარწერა ორ მხარეზე), ძირითად პოსტებში კი ბროშურის მხოლოდ 5 გვერდი არის გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული ბროშურის შესახებ ინფორმაცია ინგლისურენოვან წყაროებში საერთოდ არ მოიძებნება. თუმცა, ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე მოიძებნა პოსტი, რომელშიც ბროშურის ექვსივე მხარე ჩანს. მეექვსე გვერდზე წერია - „მოიწვიეთ ის სტუმრად - თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორი კეთილი და ხალისიანი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ახალი მეგობარი“. ლოგიკურად, აღნიშნული წინადადება პედოფილებთან მოპყრობის კონტექსტში სრულიად აბსურდულია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ბროშურის კონკრეტული გვერდი გავრცელებულ პოსტებში რატომ არ ხვდება. ეს კიდევ დამატებით ეჭვს ბადებს, რომ ბროშურა (მისი არსებობის შემთხვევაში) რეალურად სხვა საკითხის თაობაზე არის შექმნილი.
კონკრეტული პოსტის პირველწყარო რუსულ ვებგვერდ aftershock.news-ზე იძებნება. ვებგვერდი ბროშურის ფოტოების გამოქვეყნებისა და რუსულად ნათარგმნი ტექსტის შემდგომ ამბობს, რომ ეს ბროშურა ბრიტანულ საბავშვო ბაღებში ვრცელდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ბაღებში მსგავსი სახელწოდებით ბროშურების დარიგების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება.
კონკრეტული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ ბრიტანულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Logically-ის დაუკავშირდა. Logically-მ განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ეს ბროშურა ბრიტანეთში არის დაბეჭდილი და გამოქვეყნებული, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მასზე არავითარი ლოგო ან სხვა რაიმე კუთვნილების ნიშანი არ არის დატანილი. ამასთანავე, Logically-ის თქმით, მსგავსი მტკიცება ბრიტანეთის დეზინფორმაციულ სივრცეში ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა მათ ერთ-ერთ პირველ წყაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, Tik-Tok-ის ანგარიშებზე მიაკვლიეს.
ამდენად, აღნიშნული ბროშურა რუსეთის მიერ წარმოებული დასავლეთის დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია და მტკიცებულება, რომ ბროშურა დიდ ბრიტანეთში საბავშვო ბაღებში გამოიყენება, არ არსებობს. მსგავსი ყალბი ამბებით რუსეთი ცდილობს, რომ მოსახლეობაში დასავლური საზოგადოება „გარყვნილად“ წარმოაჩინოს.
----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.