მიმდინარე გამოცემის თემები:
• რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები - კრემლის პერსპექტივით დანახული სამხედრო ვითარება
• პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით
• პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ
• შიშის დამნერგავი ნარატივი ომის საქართველოში გავრცელების შესახებ
• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით
• გრძელდება თავდასხმები ამერიკის ელჩზე, აშშ-სა და ევროკავშირზე
• არა NATO-ს და ევროკავშირს, საქართველოს მეგობარი რუსეთია
• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე
დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში
(18-24 ივლისი)
რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები - კრემლის პერსპექტივით დანახული სამხედრო ვითარება
უკრაინის მიერ დასავლეთისგან მიწოდებული მაღალი სიზუსტის შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და საარტილერიო საშუალებების ეფექტურობის და საოკუპაციო ძალებისთვის მიყენებული მაღალი ზიანის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აღნიშნული დამატებით საფრთხეს უქმნის რუსეთს, რაც შესაბამისად განაპირობებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მასშტაბების გაფართოვების და დონბასის მიღმა დამატებითი უკრაინული ტერიტორიების, მათ შორის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დაკავების საჭიროებას. თუმცა, მოცემულ ეტაპზე, რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში იმყოფებიან ოპერატიული პაუზის ფაზაში (რაც დამახასიათებელია მსგავსი მაღალი ინტენსივობის ომისთვის) და უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონიათ. შესაბამისად, საჭირო გახდა საქმეში კრემლის რუპორების ჩართვა, სამხედრო ამოცანების გაფართოვებასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადების მხარდაჭერის და ამ გადაწყვეტილების გამართლების მიზნით:
• პრორუსული პოლიტიკური პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი „ტვ ობიექტივის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ უკრაინა იშლება და ნადგურდება როგორც სახელმწიფო. მან განაცხადა, რომ დასავლეთი რომელიც აცნობიერებს ამ გარემოებას ცდილობს გააფრთხილოს უკრაინა, რომ შეეგუოს გარკვეული ტერიტორიების დაკარგვას სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების სანაცვლოდ.
• ანტიდასავლურად განწყობილმა „ექსპერტმა“ დემურ გიორხელიძემ გაიმეორა, რომ მიმდინარე ომში უმთავრეს მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ დასავლეთი და რუსეთი, ხოლო უკრაინას ამ კონფლიქტში მხოლოდ პოლიგონის როლი აკისრია. გიორხელიძის მტკიცებით, უკრაინა მხოლოდ დეტონატორის ფუნქციის შემსრულებლად მიიჩნეოდა და [დასავლეთის დასმული] მარიონეტული მთავრობა ამ ფუნქციას უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს გასანადგურებლად ასრულებდა.
• Facebook-გვერდმა „სექტამ“ გაავრცელა ამონარიდი სერგეი ლავროვის ინტერვიუდან, სადაც ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის „სპეციალური ოპერაცია“ გაფართოვდებოდა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებზე, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ და „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის“ საზღვრებს მიღმა. აღნიშნულზე დაყრდნობით, Facebook-გვერდმა დაასკვნა, რომ რუსეთი მთელ აღმოსავლეთ ევროპას დაიპყრობს და ეს აშშ-ს მიზანსაც წარმოადგენს.
• პრორუსულმა „ალტ-ინფომ“ ხაზი გაუსვა რუსეთის უპირატესობას სამხედრო მოქმედებებში. ზურაბ მახარაძის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს საკონტრაქტო არმიის მეშვეობით და ამ ძალების გარდა, რუსეთს გააჩნია ძლიერი სამხედრო დანაყოფები, რომელთა გამოყენებაც და საქართველოსთან თავმოყრა მოკლევადიან პერიოდში იქნება შესაძლებელი. „ალტ-ინფომ“ კვლავ განაგრძო მტკიცება, რომ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება უკრაინისთვის უარესდებოდა, კერძოდ, რუსეთს არსებული ტემპით თვეების მანძილზე შეეძლო გაეგრძელებინა ომი და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინისგან განსხვავებით, ასევე გააჩნდა რეზერვების მობილიზების საშუალებაც, მაშინ როდესაც უკრაინას ცოცხალი ძალის რესურსი უკვე ამოწურული აქვს.
• პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომი 2022 წელს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომთან დააკავშირა და შეთქმულების თეორიის ფარგლებში ამტკიცებდა, რომ ორივე ომი აშშ-ის მიზანმიმართული პროვოკაციის შედეგს წარმოადგენდა. „საქართველო და მსოფლიომ“ ომის გაჩაღებისთვის პასუხისმგებლობა ასევე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც აშშ-ის მარიონეტებს, დააკისრა.
• დემურ გიორხელიძე „ტვ ობიექტივის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ რუსეთს საოცარი უპირატესობა გააჩნდა სტრატეგიული შეიარაღების ასპექტში. მისი განცხადებით, რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, თუ თვითონ არ განადგურდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შეეძლო ომის თავიდან არიდება უკრაინის ნეიტრალურად ქვეყნად დარჩენის შემთხვევაში. თუმცა, მისი თქმით, უკრაინა რუსეთზე თავდასხმის ინსტრუმენტად გამოიყენეს და ამის შედეგად ახლა ქვეყანა ნადგურდება.
• პრორუსული გამოცემების ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა ბიოლოგიური ლაბორატორიები და მათთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები. „საქართველო და მსოფლიომ“ დაწერა, რომ კონსტანტინე კოსაჩოვის თანახმად (რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი და უკრაინაში ამერიკული ლაბორატორიების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე), ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცებიდან აღებული სისხლის ნიმუშებით მათზე ჩატარებული სახიფათო ექსპერიმენტები დადასტურდა. კიდევ ერთი წყარო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა გამოაქვეყნა მონაცემები უკრაინაში ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში ტკიპით გადამდები დაავადებების მოქმედების შესახებ. აღნიშნული გზავნილები, რომლითაც რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ მიანიშნონ, რომ აშშ უკრაინაში საიდუმლო ბიოლოგიურ კვლევებს ატარებდა, რუსული პროპაგანდის მიერ ომის მიზეზის „პოსტფაქტუმ“ შეთხზვისთვის ფართოდ გამოიყენება.
პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით
კვლავ გამოვლინდა გზავნილები, რომ უკრაინელი ლტოლვილები უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე მიმღები ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა გასულ კვირასთან შედარებით აღნიშნული გზავნილის პოპულარობა გაიზარდა:
• Facebook-მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელ დევნილებს ოთხვარსკვლავიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ყოფნის საფასურს უხდის, უფინანსებს ჯანდაცვას და ძვირადღირებულ რესტორნებს, მაშინ როდესაც ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები საშინელ პირობებში ცხოვრობენ, შეზღუდული აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე და საკვების ნაკლებობას განიცდიან. იგივე მომხმარებლის მტკიცებით, აღნიშნულს ადგილი აქვს იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს ქართველი ხალხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, რადგან საქართველომ ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ ომი არ დაიწყო.
პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ
ეკონომიკური სანქციები კვლავ წარმოადგენდა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური განხილვის საგანს. კრემლმა შეიმუშავა დახვეწილი საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ამტკიცებს, რომ რუსეთი შედარებით ადვილად უმკლავდება ეკონომიკურ სანქციებს და ქვეყნის ეკონომიკა გადაურჩა დასავლეთის შეტევებს, ხოლო პარალელურად აქცენტი გადააქვს დასავლური ეკონომიკების წინაშე არსებული პრობლემების სიმწვავეზე. აღნიშნული საინფორმაციო ოპერაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ სხვა სახელმწიფოებში არსებული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, არამედ რუსეთის ეკონომიკის მიმართ ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცების უზრუნველყოფას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
გასულ კვირამდე, რუსული სა(დეზ)ინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გავრცელებული გზავნილები ერთ-ერთი ყველაზე ფართო განხილვადი იყო დასავლურ წყაროებშიც. მონაცემების შერჩევითი გამოყენებით რუსეთი აღნიშნულ კამპანიას ხელს უწყოდა, რადგან ანალიტიკოსებს რუსეთის ეკონომიკის სიჯანსაღის შესახებ მსჯელობა მხოლოდ კრემლის მანიპულირებული ინფორმაციით უწევდათ. თუმცა, იელის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი, სიღრმისეული კვლევის თანახმად, „რეალურად, რუსეთის ეკონომიკა აფეთქების ზღვარზეა“. კვლევის ავტორებმა ასევე გააბათილეს რუსული მითები სანქციების ეფექტურობის შესახებ. შესაბამისად, საჭირო გახდა რუსული დეზინფორმაციის ახალი გზავნილების გააქტიურება.
ყურადღების გადატანის მიზნით, ტრადიციული მტკიცებების გარდა, რომელთა მიხედვითაც სანქციები რუსეთზე გავლენას ვერ ახდენს და ისინი დასავლეთს უფრო მეტ ზარალს აყენებს, საქართველოში აქცენტი ასევე კეთდებოდა გზავნილებზე, სადაც გაზვიადებულად იყო წარმოჩენილი ევროპის წინაშე არსებული ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის საფრთხე და ხაზგასმული იყო, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ სანქციების მიუხედავად განაახლა რუსეთთან ვაჭრობა:
• პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წამყვანი ფიგურა ზურაბ მახარაძე, ამავე პარტიასთან აფილირებულ ტელეარხზე „ალტ-ინფო“ ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ რუსეთთან დაპირისპირების შედეგად ევროპა ცივი ზამთრისა და ბუნებრივ გაზზე ფასების მატების ფონზე ბიზნესის გაკოტრების საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. მახარაძის თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ენერგომატარებლები (ნავთობი და ბუნებრივი აირი) და არა ტანკების რაოდენობა. ამასთან, მისი შეფასებით, ამ დრომდე დასავლეთი მარცხდება რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში, რადგან ყველა დიდი მოთამაშე საუდის არაბეთის და ირანის ჩათვლით, უარს აცხადებს აშშ-ის და ევროკავშირისთვის დახმარების გაწევაზე. მახარაძე ასევე ამტკიცებდა, რომ თუ დასავლეთი ვერ მონახავს ალტერნატიული ენერგომომარაგების წყაროებს, ევროპის მასშტაბით არსებული ქარხნები დაიხურება და უბრალო მოქალაქეებს გაუჩნდებათ კითხვა, ღირდა თუ არა უკრაინის დახმარება იმის დაკარგვად, რაც გააჩნდათ.
• დემურ გიორხელიძემ ბაქოში ვიზიტისა და ევროკავშირში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ჩანაცვლების (მათ შორის, აზერბაიჯანულით) გეგმების გამო ევროპული კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს გააკრიტიკა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, გიორხელიძემ ერთმანეთს შეადარა რუსული და აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მოცულობები და დაასკვნა, რომ ევროკავშირს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებიდან თავის დაღწევის შანსი არ ჰქონდა, რადგან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი არ იყო საკმარისი რუსული ენერგოიმპორტის ჩასანაცვლებლად. თუმცა, გიორხელიძეს არ უხსენებია, რომ ევროკავშირი რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის ჩანაცვლების რამდენიმე შესაძლებლობას განიხილავს და აზერბაიჯანული ენერგორესურსები დიდი სქემის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია და არა ერთადერთი არჩევანი.
• პრორუსულმა „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა კიდევ ერთ ანტიდასავლური გზავნილი აშშ-ის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ განაწყობს, ხოლო თავად აშშ-მა რაც შეიძლება მეტი ფინანსური სარგებლის ნახვის მიზნით რუსეთზე დაწესებული სანქციების შერბილება დაიწყო.
• პრორუსული პოლიტიკური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა, უკრაინაში მიმდინარე ომში კვლავ დასავლეთი დაადანაშაულა. ამჯერად, თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი კონცენტრირებულია რუსეთის, როგორც მისი უმთავრესი მეტოქის შემდგომი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოსპობაზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თანახმად, აშშ-მა და ევროკავშირმა სამხედრო კონფლიქტებში ჩართვის გზით რუსეთის დასუსტების ახალი სტრატეგია შეიმუშავეს. თუმცა, მისი დასკვნით, დასავლეთმა მცდარი გათვლა გააკეთა და შედეგად, რუსული ვალუტა გამყარდა, ხოლო დასავლური სახელმწიფოების დედაქალაქებში რუსეთის ეკონომიკურ იზოლირებაზე მიმართულ თავდაპირველ ზომებზე უარის თქმა დაიწყეს და რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის შესყიდვას აგრძელებენ, რომელთა ფასები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე.
• პრორუსული „საქართველო და მსოფლიოს“ თანახმად, ევროპის ერთი-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო - ფინეთი - ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნული გამოცემა ამტკიცებდა, რომ საწვავზე ფასების მატებასთან ერთად რიგით მოქალაქეებს პროდუქტები გაუძვირდათ, რამაც ცხოვრებისთვის აუცილებელი ხარჯების კრიტიკული ზრდა გამოიწვია და ქვეყნის მოსახლეობა მასობრივად დეპრესიის ზღვარზე მიიყვანა. „საქართველო და მსოფლიო“ ასევე ამტკიცებდა, რომ კრიზისის გამო დასაქმებული ფინელებიც კი იძულებულები არიან სასურსათო დახმარება მოითხოვონ.
• „საქართველოს და მსოფლიოს“ მორიგი მტკიცებით, მსოფლიოში სასურსათო დეფიციტი სწორედ დასავლეთმა გამოიწვია. პროპაგანდისტული გამოცემის თანახმად, თავდაპირველად პანდემიის პერიოდში დასავლეთმა შეგნებულად გამოიწვია სურსათის დეფიციტი ბიზნესზე შეზღუდვების დაწესების გზით, ხოლო მოგვიანებით რუსეთის ეკონომიკის დასუსტების მიზნით დაწესებულმა სანქციებმა ვაჭრობის მოშლა გამოიწვია.
• პრორუსული Isari.ge-ს მთავარმა რედაქტორმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა, გაავრცელა ტრადიციული გზავნილები ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით. კერძოდ, ვრცელ სტატიაში ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა მძიმე ფინანსური კრიზისი გამოიწვია, განსაკუთრებით აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში. ამასთან, ჭიპაშვილის თანახმად, ევროპაში საწვავზე ფასების ზრდას მოჰყვა კვების პროდუქტების, მედიკამენტების, ტრანსპორტისა და კომუნალური მომსახურების ფასების გაძვირება, რამაც ევროპის მასშტაბით ცხოვრების დონის სტანდარტების გაუარესება გამოიწვია.
• კრემლის მხარდაჭერით მოქმედმა „სპუტნიკ-საქართველომ“ გაიმეორა გზავნილი, რომ ევროპა „ანტირუსული ეკონომიკური სანქციებით გამოწვეულ ბუმერანგის ეფექტს“ განიცდის და აცხადებდა, რომ ევროპელებს აღარ ჰქონდათ ენერგორესურსების შესაძენი ფინანსური რესურსი.
• „სპუტნიკ-საქართველომ“ კიდევ ერთხელ გაავრცელა მტკიცება, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა გააცნობიერეს რუსეთზე დაწესებული სანქციების არაეფექტურობა, რის გამოც ბევრმა მათგანმა უარი თქვა რუსეთის ეკონომიკური იზოლირების გაგრძელებაზე. აღნიშნულის მაგალითად „სპუტნიკ-საქართველომ“ მკითხველებს აცნობა, რომ ვაშინგტონმა გარკვეულ პროდუქციაზე დაწესებული სანქციების შერბილება დაიწყო. ამავე პროპაგანდისტული გამოცემის თანახმად, აშშ-ის მხრიდან რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსკოვი ვაშინგტონისთვის გამდიდრებული ურანის მიწოდებაზე უარს იტყოდა და შესაბამისად. აშშ ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობის გარეშე დარჩებოდა.
შიშის დამნერგავი ნარატივი ომის საქართველოში გავრცელების შესახებ
დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორების ერთ-ერთ უმთავრესი ტაქტიკა კვლავ ქართულ საზოგადოების რუსეთთან ომის პერსპექტივით დაშინება იყო. ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს და ისინი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „პოლიგონად“ გამოყენების სურვილში დაედანაშაულებინათ. პროპაგანდის გამავრცელებლები ტირაჟირებდნენ ნარატივს, რომ დასავლეთს საქართველოს მოსახლეობის ბედი არ ადარდებს და საქართველოს რუსეთთან საჭადრაკო დაფაზე შესაწირ პაიკად აღიქვამს.
გასული პერიოდების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს ომის მსურველებად, საკუთარ თავს კი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენდა, მათ შორის ქართული საზოგადოების თვალში ქვეყნის დასავლელი მოკავშირეების იმიჯის შელახვის ხარჯზე. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ექსპერტები, საჯარო პირები და სოციალური მედიის ანგარიშები კიდევ უფრო მოურიდებლად აკრიტიკებდნენ დასავლეთს და თავშეუკავებლად ავრცელებდნენ რადიკალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას.
ინტერაქციების ჯამური რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე გავრცელებული იყო გზავნილი, რომ დასავლეთს/უკრაინას/საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა უნდათ. ასევე, აშშის მიერ გაწეულ სამხედრო დახმარების გამო ბირთვული ომის გამოწვევის შიშის დამნერგავი ნარატივი კვლავ გამოიკვეთა:
• პრორუსულმა მედიამ და პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, „ალტ-ინფომ“, განაცხადა, რომ ევროპარლამენტის წევრები საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებასა და საქართველოს „უკრაინიზაციის“ მეშვეობით თბილისსა და მოსკოვს შორის ღია დაპირისპირების პროვოცირებას მაქსიმალურად ცდილობენ. ამას გარდა, „ალტ-ინფოს“ თანახმად, რადგან საქართველოს მთავრობა აღნიშნულ მოთხოვნას არ ასრულებს, ევროპარლამენტარები ცდილობენ, ხელისუფლებაში მოიყვანონ ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაემორჩილება დასავლეთის სურვილებს. „ალტ-ინფოსა“ და მისი პოლიტიკური ფრთის, „კონსერვატიული მოძრაობის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ ყველამ ვისაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურს, შეუძლია აიღოს იარაღი და საომრად უკრაინაში წავიდეს. მახარაძის თანახმად, საქართველო არ უნდა გახდეს ბრძოლის ველი და საქართველოს ქალაქებმა არ უნდა გაიზიარონ მარიუპოლის ბედი. „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი ქარდავამ, განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ პოლიგონად განიხილავს. ქარდავას შეფასებით, დასავლეთს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რუსეთის დასუსტება და მის მისაღწევად სხვა ქვეყნების გასაწირად მზად არიან. ქარდავა ამტკიცებდა, რომ აშშ და დასავლეთი რუსეთის გარშემო ახალი ფრონტების გახსნას ცდილობენ და ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველო წარმოადგენს. „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი მარტინენკოს, თქმით, NATO-მ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, რადგან იციან, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა.
• „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ჟურნალისტი ნუკა არველაძე Facebookის საკუთარ გვერდზე ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა, რომლის თანახმადაც ზელენსკი არ არის უკრაინის „ნამდვილი მმართველი“ და მხოლოდ დასავლეთის მარიონეტია. არველაძე ასევე დაწერა, რომ ევროპელი ლიდერები ტოვებენ თანამდებობებს, ხოლო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ამსუბუქებს და ამ პირობებში მათ სურთ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ. არველაძე ასევე ამტკიცებდა, რომ დასავლეთმა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დამჯერი ხელისუფლების შექმნის მიზნით გამოგზავნა, რომელიც მათ სასარგებლოდ იმოქმედებდა. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კიდევ ერთმ Facebook-გვერდმა - „ლიდერი 41“ - გამოაქვეყნა გვერდის ადმინისტრატორის დავით თორდიას მოსაზრება, რომელიც ამტკიცებდა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომს აფინანსებს და იმავეს იზამდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში. თუმცა, თორდიას თანახმად, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ზელენსკისგან განსხვავებით „სისხლიან ფულსა“ და ნგრევისა და სიკვდილის ხარჯზე გამდიდრებაზე უარი განაცხადა.
• დემურ გიორხელიძემ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაცვას სცადა და თავდასხმებს საქართველოში მყოფ უცხოელ დიპლომატებზე, კერძოდ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებზე, თავდასხმები გაამართლა. გიორხელიძემ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით გავრცელებული ცნობილი გზავნილი გაიმეორა, რომ თუ დასავლეთს რუსეთის დამარცხება სურს, ეს თავად უნდა გააკეთონ და არა საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობით.
• ღიად პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ მორიგი ანტიდასავლური სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „არა ევროკავშირს, არა ნატოს“, რომელიც ფართოდ იყო გაჯერებული ანტიდასავლური პროპაგანდით. ავტორის მტკიცებით, დასავლეთი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უკრძალავს, ამავდროულად კი დასავლეთი უკმაყოფილოა, რომ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა.
• Facebook-გვერდმა „სექტა“ გამოაქვეყნა ახალი ამბავი, რომლის მიხედვითაც ამერიკელები უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების სამართავად მომზადებას აპირებენ. შესაბამისად, გვერდის ვარაუდით, აღნიშნული მინიშნებაა, რომ მესამე მსოფლიო აშშ-ის ძალისხმევით დაიწყება. გვერდმა გაიმეორა მტკიცება, რომ რუსეთი ომში აუცილებლად გაიმარჯვებს და უკრაინისთვის ყირიმის ან დონბასის დაბრუნება შეუძლებელია. გვერდმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდება ომში აშშ-ს პირდაპირი ჩართვის ტოლფასია და აღნიშნულის პასუხად რუსეთი მცირე ზომის ტაქტიკურ ატომურ ბომბს გამოიყენებს, რაც ევროპაში კატასტროფას გამოიწვევს.
პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით
უკრაინის მიერ დასავლეთისგან მიღებული „ჰაიმარსების“ და სხვა მაღალი სიზუსტის შორსმსროლელი საარტილერიო სისტემების ეფექტური გამოყენების ფონზე, რუსეთი სულ უფრო მეტ მაღალი დონის ფიგურას უბიძგებს პროპაგანდისტული არგუმენტების გაჟღერებისკენ. შესაბამისად, უკრაინისთვის გაწეული დასავლური სამხედრო დახმარება გააკრიტიკა არა მხოლოდ ლავროვმა, არამედ რუსეთის ერთგულმა საყრდენმა და ევროპის „ტროას ცხენად“ მიჩნეულმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და NATO-ს წევრი მოკავშირეების გადარწმუნებას მოსკოვის გზავნილებით ცდილობდა. ორბანმა გამოიყენა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დეზინფორმაციის ბრიფებში ვრცლად აღწერილი და გაანალიზებული კრემლისტური დეზინფორმაციის გზავნილი, რომ დასავლური სამხედრო დახმარება ომის გახანგრძლივებას იწვევს და განაცხადა: „რაც უფრო მეტ თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდის NATO უკრაინას, მით უფრო მეტად შეეცდებიან რუსები ფრონტის ხაზის სიღრმეში გადაწევას... ჩვენი ქმედებით, მხოლოდ ომის გახანგრძლივებას ვუწყობთ ხელს“.
რუსული პროპაგანდის საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად, საქართველოში პრორუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს სწორედ სამხედრო დახმარება წარმოადგენს და ის გავრცელებული სტატიების რაოდენობის თვალსაზრისით გასულ კვირას ყველაზე დომინანტური ნარატივი აღმოჩნდა, ხოლო ჯამური ინტერაქციების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა. პროპაგანდისტული ძალისხმევა ძირითადად ფოკუსირებული იყო გზავნილებზე, რომ სამხედრო დახმარება უკრაინას ვერაფერში ეხმარება და ქვეყანა მაინც მარცხდება ომში, რასაც „გათავისუფლებულ“ დონბასში ვიზიტად მყოფი რუსეთის ქართველი მარიონეტი - გულბაათ რცხილაძე - ამტკიცებდა. ამას გარდა, სხვა გზავნილებში ხაზგასმული იყო, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარებას იპარავენ და/ან დანიშნულებისამებრ არ იყენებენ და საბოლოოდ ის შავ ბაზარზე იყიდება, ხოლო დასავლეთმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეწყვიტოს.
• საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორი, გულბაათ რცხილაძე, ვიზიტად იმყოფებოდა დონბასის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში, საიდანაც იუწყებოდა, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება ვერ შეაჩერებს უკრაინის დამარცხებას.
• „საქართველოს ხსნის ეროვნულმა ფრონტმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანახმადაც, უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღება მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის ომის შედეგს და ჰაერსაწინააღმდეგო და „ჰარპუნ“-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაც გავლენას ვერ მოახდენს.
• ერთ-ერთი Facebook-გვერდის ინფორმაციით, უკრაინა დასავლეთისგან მიწოდებული სამხედრო დახმარების გაყიდვას აგრძელებს და მხოლოდ 20 ივლისს შავ ბაზარზე გასაყიდად გამზადებული 28 მლნ აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების კონფისკაცია განხორციელდა.
• დემურ გიორხელიძე ამტკიცებდა, რომ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა ზელენსკის ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის თანახმადაც თუ უკრაინა სლოვიანსკს დათმობს, ქვეყანა სამხედრო დახმარებას ვეღარ მიიღებს. გიორხელიძის თანახმად, ამერიკელები შეშფოთებულები არიან, რომ შეიარაღების დიდი ნაწილი სადღაც უჩინარდება და უკრაინის ხელისუფლება კი ფულს ათეთრებს.
• „ალტ-ინფოს“ ლიდერები, რომლებიც რუსეთში საქმიანი ვიზიტის შემდეგ მოსკოვის პარკებით აღტაცებას ვერ მალავენ, ამტკიცებდნენ, რომ ვერც ერთმა დასავლურმა შეიარაღებამ ბრძოლის ველზე ვითარებაში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო. „ალტ-ინფოს“ შეფასებით, დასავლურმა ქვეყნებმა მსოფლიოში ერთად აღებულ ყველა ტანკზე უფრო მეტი „ჯაველინი“ და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა გადასცეს უკრაინას, თუმცა კიევი მაინც რუსეთის წინსვლის შეჩერებას ვერ ახერხებს. ამას გარდა, „ალტ-ინფოს“ თანახმად, უკრაინამ იმდენად ბევრი „ბაირაქთარ“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა, რომ თურქებმა უკრაინელებს დრონების გამოყენების ტაქტიკის შეცვლა ურჩიეს. რუსული „კამიკაძე“ დრონების ვიდეოების ინტერნეტში გამოჩენის ფონზე, „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შეცვლა ასევე ვერ შეძლო უკრაინისთვის „სვიჩბლეიდ“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებამ. „ალტ-ინფო“ ასევე ამტკიცებდა, რომ M777 ტიპის ჰაუბიცას მომსახურების პრობლემა აქვს, რადგან რუსული საარტილერიო საშუალებებისგან განსხვავებით გამძლეობით არ გამოირჩევა და უკრაინას სარემონტო ბაზა არ გააჩნია. „ალტ-ინფოს“ შეფასებით, რაც ეწინააღმდეგება ამ მხრივ არსებულ საღ აზრს, „ჰაიმარს“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმაც ვერ შეცვალეს ბრძოლის ველზე რუსეთის უპირატესობა, რადგან უკრაინამ რაიმე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება ვერ შეძლო.
„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე ამტკიცებდა, რომ უკრაინას საბჭოური შეიარაღების მარაგები ეწურება, თუმცა დასავლეთი უკრაინის შეიარაღების კუთხით სრულ ვალდებულებას არ იღებს. მახარაძის თანახმად, დასავლეთის ლიდერები უკრაინისთვის არც „აბრამს“-ისა და „ლეოპარდ“-ის ტიპის ტანკების და არც მაღალეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებას არ აპირებენ.
პროპაგანდისტული გამოცემები საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკის პრორუსულით ჩანაცვლებას ლობირებენ
გრძელდება თავდასხმები ამერიკის ელჩზე, აშშ-სა და ევროკავშირზე
საქართველოში აშშ-ის ელჩზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე, მმართველი „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, კელი დეგნანს მორიგი ღია წერილით მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ, თუმცა შედარებით მკაცრი ტონით, ელჩისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. პოლიტიკოსებს მხარი პროპაგანდისტულმა გამოცემებმაც აუბეს, რომლებიც აშშ-ს ელჩს, ისევე როგორც აშშ-სა და ევროკავშირს აკრიტიკებდნენ:
• Facebook-ანგარიშები თავს დაესხნენ კელი დეგნანს და მას კოლონიზატორი და მონათმფლობელი უწოდეს;
• ანტიდასავლურმა ონლაინ გამოცემა „მარშალპრესმა“ გაავრცელა ნარატივი, რომლის თანახმადაც ელჩი ზეწოლას ახორციელებს და ერევა საქართველოს ხელისუფლების მესამე შტოს, სასამართლოს საქმიანობაში;
• „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურაბ მახარაძე ამტკიცებდა, რომ საქართველოში აშშის ელჩის ქცევა აშშ-ის დასუსტების ნიშანს წარმოადგენს;
• „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, რომ კელი დეგნანი საქართველოს ნომერი პირველი მტერია, რომელიც უნიჭოდ და დიპლომატიის მიღმა მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის წინააღმდეგ;
• „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა, აშშს ბრალი დასდო საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში;
• ულტრამემარჯვენე და პრორუსულ ჯგუფებთან აფილირებულმა თვითგამოცხადებულმა პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ის საქართველოზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტები გააჩნია: ამერიკელები ნიშნავენ სახალხო დამცველს, მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხიდან გამოშვებას, მოითხოვენ სრულ კონტროლს სასამართლოზე და უკვე აკონტროლებენ მედიას. მანჯავიძის თანახმად, აშშ 2012 წლიდან, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, უჭერს მხარს საქართველოში რევოლუციის ორგანიზებას.
• „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ აშშ დიპლომატიური ეტიკეტითა და საერთაშორისო სამართლით აკრძალულ ქმედებას სჩადის და საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს, ამერიკის ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. „ალტ-ინფოს“ ლიდერი, ზურაბ მახარაძე, დეპუტატ ყაველაშვილის ბრალდებების მსგავსად აჟღერებდა ნარატივს, რომ აშშ წლებია, რაც ქართულ სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს და ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა.
• დავით თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრი ოფიციალური პირი ღიად აცხადებს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონთ და საკვანძო თანამდებობებზე სასამართლოში, პროკურატურაში, უსაფრთხოებაში, პოლიციასა და თავდაცვაში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა სურთ.
• ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელი ნანა კაკაბაძე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოში დემოკრატიის, ღირებულებების ან თავისუფლების ხელშეწყობისკენ არ მიისწრაფვის და საქართველოს მიმართ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს. კაკაბაძე ავითარებდა ურთიერთგამომრიცხავ ნარატივს, რომლის მიხედვითაც ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში დასავლეთის ამჟამინდელი პოლიტიკა აღვივებს, რომელიც თავისი შინაარსით ანტიდასავლური და უსამართლოა.
არა NATO-ს და ევროკავშირს, საქართველოს მეგობარი რუსეთია
აშშ-ისა და ევროკავშირის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დადანაშაულების კვალდაკვალ პროპაგანდისტულმა აქტორებმა გაავრცელეს მოწოდებები, რომ საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე (რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული) უარი უნდა თქვას და სანაცვლოდ პრიორიტეტი რუსეთთან კავშირების გაღრმავებას მიანიჭოს:
• პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირსა და NATO-ზე და აღნიშნულ კონტექსტში განავითარა ნარატივი, რომ არც ერთი მათგანის მიზანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არ წარმოადგენს. გამოცემის თანახმად, სწორედ NATO-მ და ევროკავშირმა მოახდინეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება. 2008 წლის ომის დაწყების შესახებ ანალოგიური ნარატივი გაავრცელა პრორუსული შეხედულებების მქონე ჰამლეტ ჭიპაშვილმაც.
• „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხანმოურავმა, ამავე პარტიასთან აფილირებული „ტვ ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო NATO-ში შესვლას ვერასოდეს შეძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თარხან-მოურავმა მიიჩნია, რომ მოწოდება სავალდებულო რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის უშედეგო და შეურაცხმყოფელი იყო. დავით თარხანმოურავმა NATO-საქართველოს ურთიერთობები მათრახისა და თაფლაკვერის მეტაფორით ახსნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მოტყუებული დარჩებოდა და ვერანაირ ჯილდოს ვერ მიიღებდა.
• სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს დახმარება არ შეუძლია, რადგან საკუთარი თავის მიხედვასაც ვერ ახერხებს. მანჯავიძის თანახმად, ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომით რუსეთის დაშლას ცდილობს, ხოლო საქართველოში პოლარიზაციას უწყობს ხელს.
რუსეთთან დიალოგიპროპაგანდის გამავრცელებლებმა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის ალტერნატივად ქართულ საზოგადოებას კრემლთან ახლო კავშირების დამყარება შესთავაზეს:
• ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადებდა, რომ ანტირუსული პოლიტიკა საქართველოს სარგებელს არასოდეს მოუტანს. იგი მოურიდებლად ამტკიცებდა, რომ რუსეთს საქართველოსთვის მხოლოდ კარგი გაუკეთებია. პრორუსულმა Facebook-გვერდმა ასევე გაიმეორა მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და რუსეთი ყოველთვის საქართველოს ისტორიული მეგობარი იყო.
• „ალტ-ინფო“ კვლავ გაიმეორა გზავნილი, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში აუცილებლად მოექცევა და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა აღარ იარსებებს. ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ, განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთთან მოკავშირეობის შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. თუმცა, მარტინენკო ასევე ამტკიცებდა, რომ მოლაპარაკების პროცესები უკვე დაგვიანებულია და შესაბამისად დიალოგი რუსეთის პირობებით წარიმართება. მარტინენკოს შეფასებით, თუ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როდესაც რუსეთს დასავლეთი უტევს და ანტიდასავლურ კოალიციაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს, საქართველოს უფრო მეტად მომგებიანი სავაჭრო პოზიცია ექნება.
• ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღიდგენს, თუმცა არა ამერიკული სამხედრო წვრთნების დახმარებით, არამედ კრემლთან პირდაპირი დიალოგის, აფხაზებთან და ოსებთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის, რუსეთისათვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემისა და როგორც საქართველოს და რუსეთს, ისე საქართველოს და აფხაზებს/ოსებს შორის მისაღები შეთანხმებების გაფორმების გზით.
ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი: რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრემლის პროპაგანდა ფოკუსირებული იყო რუსეთისათვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მნიშვნელობის დაკნინებასა და საზოგადოების დარწმუნებაში, თითქოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსეთზე მეტად აშშ-სა და ევროკავშირს აზარალებს. Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული პროპაგანდისტული მასალა არასწორად ამტკიცებდა, თითქოს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა, თავის ბლოგში დაწერა, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციების ეფექტი შეუმჩნეველია, მაშინ როდესაც ბლოგში წერია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს.
შემდეგი საკითხი, რომელსაც რუსულმა პროპაგანდამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა „ჰაიმარსებს“ შეეხებოდა, რომლის მეშვეობითაც უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში მრავალი რუსული სამხედრო სამიზნე გაანადგურეს. რაიმე მტკიცებულების წარდგენის გარეშე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მათ უკრაინის რამდენიმე „ჰაიმარსის“ გამშვები გაანადგურეს, რაც როგორც უკრაინამ და აშშ-მ უარყო. „ჰაიმარსების“ შესახებ მორიგი მცდარი ამბავი ამტკიცებდა, რომ უკრაინამ ამერიკული „ჰაიმარსი“ გაყიდა, თუმცა არც აღნიშნული მტკიცების ფაქტობრივი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი.
რუსული პროპაგანდის მიერ Meta-ს პლატფორმებზე გავრცელებული სხვა აქტიურად გავრცელებული პროპაგანდისტული მასალები მრავალ საკითხს შორის მოიცავდა რედაქტირებულ სურათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ, ვიდეოს, რომელიც მცდარად ამტკიცებდა, რომ უკრაინელი მიგრანტები ევროპაში გზას ბლოკავდნენ და მანიპულაციას, რომელიც მოიცავდა ცნობილი ბრიტანელი სამხედრო ექსპერტის კომენტარებს, რომელიც პროპაგანდის თანახმად, თითქოს სამხრეთში თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩამოშლას ვარაუდობდა.