Facebook-მომხმარებელი Giorgi Tsilosani ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის შეხვედრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მუჰამედ ბინ სალმანმა ბაიდენს პერსონალური სანქციები დაუწესა და სამეფოში შესვლა აუკრძალა: „ვფიცავ, ამ კაცს არასდროს ჩამოვართმევ ხელს და მასთან საქმე არასდროს მექნება. ეს კაცი სახეში მიცინის, ჩემს ზურგსუკან კი მადანაშულებს დანაშაულებებში“, - განაცხადა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა და აშშ-ს პრეზიდენტს პერსონალური სანქციები დაუწესა: აუკრძალა სამეფოში შესვლა. ასეა! სამყარო იცვლება და იცვლება რადიკალურად! მხოლოდ გონებით სუსტები რჩებიან ძველ წარმოდგენებში“, - ვკითხულობთ Facebook-მომხმარებლის პოსტში.

რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია რუსულმა სატირულმა გამოცემა პანორამამ გამოიგონა და სინამდვილეს არ შეესაბამება. 17 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში პანორამა წერს: „ეს კაცი სახეში მიცინის და ზურგს უკან საშინელ დანაშაულებში მდებს ბრალს. ვფიცავ, რომ ბაიდენს ხელს აღარასოდეს ჩამოვართმევ და მასთან არანაირ საქმეს დავიჭერ. უფრო მეტიც, ვბრძანებ, რომ მან ჩვენს მიწაზე აღარასდროს დაადგას ფეხი“. აღნიშნული ინფორმაცია რუსულ მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა პანორამას როგორც მის ლოგოზე, ისე ცალკე შენიშვნის სახით მითითებული აქვს გაფრთხილება, რომ გამოქვეყნებული მასალები სიმართლეს არ შეესაბამება და სატირას წარმოადგენს.

Facebook-მომხმარებელი, რომელიც ამავე ინფორმაციას ქართულ ენაზე აქვეყნებს, არ უთითებს, რომ მასალა სატირული შინაარსისაა და ნამდვილ ამბავს არ წარმოადგენს, რითაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს, საუდის არაბეთის პრინცმა ბაიდენს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ღია წყაროებით არ დასტურდება და ყალბია.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში, ისრაელში ვიზიტის შემდეგ იმყოფებოდა. საუდის არაბეთში პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტისას მთავარი განსახილველი საკითხები ენერგომომარაგებას, ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას უკავშირდებოდა. შეხვედრისას ჯო ბაიდენმა პრინცი მუჰამედი მთავრობის ოპონენტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ The Washington Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მუჰამედ ბინ სალმანს ეკისრება.

ამასთან, როგორც ცნობილია, ლიდერებმა არაბეთის ნახევარკუნძულის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს, რა დროსაც ბაიდენმა აღნიშნა, რომ ირანისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად, საუდის არაბეთისა და ისრაელის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.