2022 წლის 16 ივნისს ტელეკომპანია „იმედმა“ „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით, - „ქრონიკის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია სკანდალში ეხვევა - „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება“.
ტელეკომპანია „იმედის“ თანახმად, ხოშტარიებს სოლიდური თანხები მოსკოვის დიდი თეატრიდან და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხებათ - „მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან“. როგორც ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, ელენე ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.
ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას წინ ელენე ხოშტარიას მიერ „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის, მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა უძღოდა. ხოშტარიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესმენებისთვის, მათ შორის, ირაკლი რუხაძის, სანქცირებისთვის, იმუშავებს. მისი თქმით, რუხაძე ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაშია და ღიად პროპაგანდისტულ მედიებს ფლობს.
„იმედის“ სიუჟეტს ელენე ხოშტარია Facebook-პოსტით გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ მისი მამა, გიორგი (გოგი) ხოშტარია თეატრის მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის, მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მარინსკის თეატრში მოღვაწეობდა და მისი სპექტაკლები მთელ მსოფლიოში დღემდე იდგმება. ამ მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია მამას, გიორგი ხოშტარიას, ჰონორარები ერიცხება:
„იმედის“ სიუჟეტს მალევე ხელისუფლებისა და მთავრობასთან დაახლოებული პირების კომენტარები მოჰყვა, რამაც კამპანიური ხასიათი მიიღო. გააქტიურდნენ მთავრობის მხარდამჭერი Facebook-ანგარიშები და ექსპერტები.
16 ივნისს უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა, განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია „ხელფასს იღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებში... 25 წელიაო მე ეს ხელფასი მერიცხებაო და 2008 წლის აგვისტოს თვის გადმორიცხვები გამოაქვეყნოს ქალბატონმა ხოშტარიამ, მაგ დროს თუ აქვს მიღებული ჯილდო ჰონორარის სახით, სასცენო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“.
ამავე დღეს ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში ყოფილმა პარლამენტარმა, გიორგი ახვლედიანმა, განაცხადა, რომ ხოშტარია რუსულ ფულს იღებს და საინტერესოა, რეალურად, საიდან მოდის ეს თანხა - „თუ დადგინდა რომ თეატრიდანაა, აქაც ბევრი კითხვაა, ეს თეატრი და ორკესტრი პუტინთან დაახლოებულია“.
მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტის, გია აბაშიძის, თანახმად, ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი თქმით, კულტურის ან ბიზნეს სფეროდან აგენტის დაფინანსება აპრობირებული მეთოდია. აბაშიძემ ხოშტარიას კომენტარი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა: „როგორ გგონიათ, აწ გარდაცვლილი სცენოგრაფისა და თეატრალური მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლები ახლაც ამდენ ჰონორარებს გამოიმუშავებენ, რომ ხოშტარიებისთვისაც მილიონები ჩარიცხონ, ბათუმში ბინა აყიდინონ? “
17 ივნისს „პირველი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ელენე ხოშტარიას სამარცხვინო ქალი და რუსეთის აგენტი უწოდა. მისი თქმით, ომის დროს ხოშტარია რუსულ ფულს იღებს და ბინებს ყიდულობს. კობახიძემ აღნიშნა, რომ უფრო მეტად დაინტერესდებოდა, თუ ზუსტად საიდან მოდის ეს თანხები იმდენად, რამდენადაც „რაც იყო ინფორმაცია, ეს არ არის ჰონორარი“.
20 ივნისს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ აშკარა ხდება, თუ ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს და ვინ აფერხებს ევროპულ ინტეგრაციას. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსულ შემოსავლებზე ინფორმაციას ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიები მალავენ, საზოგადოებას კი ამ დროისთვის არ მიუღია პასუხი, თუ რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა მისი ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ. მამუკა მდინარაძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ფული რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან ირიცხებოდა, რაც ჰონორარის რაოდენობისთვის შეუსაბამო იყო.
მდინარაძემ და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა სხვა პირებმა განავითარეს თეორია, რომლის თანახმადაც, თითქოს ლოგიკური ჯაჭვი იკვრება, რომ ელენე ხოშტარიას რუსეთის სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი, რუსული ფულებით კი აქციებს აფინანსებს. კამპანია იქამდეც მივიდა, რომ 2019 წელს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში შემოსვლის მიზნად ხოშტარიასთვის ფულის გადაცემა და ამ ფულით გადატრიალების დაფინანსებაც დასახელდა.
ელენე ხოშტარიამ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს მიმართა თხოვნით, დაინტერესებულიყვნენ მისი ოჯახის დოკუმენტებითა და ანგარიშებით, რაც მემკვიდრეობის ფაქტებსა და თანხის დანიშნულებას დაადასტურებდა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის გადამოწმებით დაინტერესდა, რისთვისაც ელენე ხოშტარიას მამას, გიორგი ხოშტარიას და დედას, ირინა გუნცაძეს, დაუკავშირდა. ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტებითა და საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ გიორგი ხოშტარიას სახელზე რუსეთიდან გადმორიცხული თანხები ნამდვილად სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობაა.
სოლიკო ვირსალაძე, ცნობილი სცენოგრაფი, 25 წლის განმავლობაში ლენინგრადის საიმპერატორო თეატრში მუშაობდა. ვირსალაძეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა და გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეები დისშვილები გახდნენ, მათ შორის, გიორგი ხოშტარია.
1994 წლიდან გიორგი ხოშტარია და მისი დეიდაშვილი, მანანა ხიდაშელი, სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობას თანაბრად ინაწილებენ. იხილეთ ნოტარიუსის მიერ გაცემული მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა:
ვირსალაძის საავტორო უფლებებზე 1994 წლიდან 2021 წლის ჩათვლით „რუსეთის საავტორო საზოგადოება“ (Российское Авторское Общество (РАО)) მუშაობდა. აღნიშნული ორგანო პასუხისმგებელი იყო ყველა იმ დადგმიდან მიღებული შემოსავლების მოგროვებაზე, რომელშიც ვირსალაძის შემოქმედება იყო გამოყენებული, მათ შორისაა, დადგმები პარიზის, რომის, მილანის, ტოკიოს თეატრებში.
მემკვიდრეობით მიღებული საავტორო უფლებების საფუძვლებზე, ერთი მხრივ, გიორგი ხოშტარიასა და მანანა ხიდაშელს, მეორე მხრივ, კი „რუსეთის საავტორო ორგანიზაციას“ (Российское Авторское Общество (РАО)) შორის ფორმდებოდა შეთანხმებები. შეთანხმებებში მოცემულია პირობები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წილს იღებს მემკვიდრე, რომელი დადგმებიდან და რომელი თეატრებიდან.
ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„მე, მანანა შალვას ასული ხიდაშელი, მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით სიმონ ბაგრატის ძე ვირსალაძის ნამუშევრებზე საავტორო უფლებების მფლობელი, გთავაზობთ:
1. დაწესდეს საავტორო ანაზღაურება სპექტაკლ „გედების ტბის“ სამხატვრო გაფორმებაზე ბაშკირის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებზე საფრანგეთში. მთლიანი შემოსავლის --- პროცენტის ოდენობით, ნაწარმოების თითოეულ საჯაროდ შესრულებაზე გაყიდული ბილეთებიდან.
2. სხვა პირობები: 50 აშშ დოლარი სპექტაკლის ერთ გაქირავებაზე, გადასახადების და РАО-ს საკომისიოს გადახდის შემდგომ“.
ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„მე, გიორგი მეფოდის ძე ხოშტარია, ვარ სიმონ ბაგრატის ძე ვირსალაძის შემოქმედებაზე უფლებების მფლობელი და გიდასტურებთ ჩემს თანხმობას, გამოყენებულ იქნას ბალეტ „გედების ტბის“ სამხატვრო გაფორმება უფის ოპერისა და ბალეტის თეატრის საგასტროლო ჩვენებებზე იტალიაში. გთავაზობთ, საავტორო უფლებების სანაცვლოდ ანაზღაურება სიმონ ვირსალაძის სახელზე განისაზღვროს 5%-ის ოდენობით (მემკვიდრეებს შორის მემკვიდრეობის მოწმობის შესაბამისად განაწილდება).
იმ შემთხვევაში, თუ თეატრი არ გთანხმდებათ ჩემ მიერ წამოყენებულ პირობებზე, РАО-ს ვაძლევ უფლებას, მოლაპარაკებების პროცესში თეატრთან საავტორო ანაზღაურება შეამციროს 4 %-მდე ან 3%-მდე ერთადერთ შემთხვევაში, უფის თეატრთან მიმართებით“.
ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„მე, გიორგი მეფოდის ძე ხოშტარია, ვარ სიმონ ბაგრატის ძე ვირსალაძის შემოქმედებაზე უფლებების მფლობელი და გიდასტურებთ ჩემს თანხმობას, გამოყენებულ იქნას ბალეტ „მაკნატუნას“ სამხატვრო გაფორმება უფის ოპერისა და ბალეტის თეატრის საგასტროლო ჩვენებებზე იტალიაში. გთავაზობთ, საავტორო უფლებების სანაცვლოდ ანაზღაურება სიმონ ვირსალაძის სახელზე განისაზღვროს 5%-ის ოდენობით (მემკვიდრეებს შორის მემკვიდრეობის მოწმობის შესაბამისად განაწილდება).
იმ შემთხვევაში, თუ თეატრი არ გთანხმდებათ ჩემ მიერ წამოყენებულ პირობებზე, РАО-ს ვაძლევ უფლებას, მოლაპარაკებების პროცესში თეატრთან საავტორო ანაზღაურება შეამციროს 4 %-მდე ან 3%-მდე ერთადერთ შემთხვევაში, უფის თეატრთან მიმართებით“.
ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„მე, მანანა შალვას ასული ხიდაშელი, ვარ სიმონ ბაგრატის ძე ვირსალაძის შემოქმედებაზე უფლებების მფლობელი და გიდასტურებთ ჩემს თანხმობას, გამოყენებულ იქნას ბალეტ „გედების ტბის“ სამხატვრო გაფორმება უფის ოპერისა და ბალეტის თეატრის საგასტროლო ჩვენებებზე იტალიაში. გთავაზობთ, საავტორო უფლებების სანაცვლოდ ანაზღაურება სიმონ ვირსალაძის სახელზე განისაზღვროს 5%-ის ოდენობით (მემკვიდრეებს შორის მემკვიდრეობის მოწმობის შესაბამისად განაწილდება)
იმ შემთხვევაში, თუ თეატრი არ გთანხმდებათ ჩემ მიერ წამოყენებულ პირობებზე, РАО-ს ვაძლევ უფლებას, მოლაპარაკებების პროცესში თეატრთან საავტორო ანაზღაურება შეამციროს 4 %-მდე ან 3%-მდე ერთადერთ შემთხვევაში, უფის თეატრთან მიმართებით“.
ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„1. 2004 წლის 30 აპრილს, კრასნოდარში გაიმართა პროკოფიევის ბალეტის - „ქვის ყვავილი“ - პრემიერა. ლიბრეტო მენდელსონი, პროკოფიევი და გრიგოროვიჩი. სცენოგრაფია და კოსტიუმები - ვირსალაძე.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ სპექტაკლის გაქირავების ფინანსური პირობები. ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ მინიმალური საავტორო ანაზღაურება სპექტაკლის სამხატვრო გაფორმებაზე შეადგენს შემოსავლის 3%-ს.
2. 2004 წლის 9 ივლისს ირკუტსკში დაიდგა პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, ლიბრეტო პროკოფიევი, რადლოვი, პიოტროვსკი, სცენოგრაფია და კოსტუმები - ვირსალაძე.
პუნქტ 1-ის მსგავსად, გთხოვთ სპექტაკლის გაქირავების ფინანსური პირობების მოწოდებას“.
მემკვიდრეობით მიღებული საავტორო უფლებების საფუძველზე გაცემული ჰონორარების კიდევ ერთი დამადასტურებელი დოკუმენტია „რუსეთის დიდ თეატრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ოჯახმა მოგვაწოდა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ხოშტარია უფლებას აძლევს „დიდ თეატრს“, ვირსალაძის შემოქმედება იაპონიასა და სხვა სახელმწიფოებში გასტროლებზე გამოიყენოს. ამასთან, განსაზღვრავს საავტორო ანაზღაურების ოდენობას:
„ფაქტ-მეტრისთვის“ მიწოდებულ ხელშეკრულებებსა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, დგინდება, რომ გიორგი ხოშტარია დეიდაშვილთან, მანანა ხიდაშელთან ერთად, სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რის საფუძველზეც 1994 წლიდან, პერიოდულად, ჰონორარს იღებდა. გადმორიცხვები დამოკიდებული იყო დადგმების რაოდენობასა და გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ თანხაზე. როგორც ოჯახი აცხადებს, პანდემიის პერიოდში გადმორიცხვები არ მიუღიათ.
2022 წელს გიორგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთიდან 3 გადმორიცხვა ფიქსირდება. „ფაქტ-მეტრი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას თითოეული მათგანის შესახებ.
1. პირველი გადმორიცხვა 2022 წელს 3 თებერვალს ფიქსირდება, გადმომრიცხავი „რუსეთის დიდი თეატრია“ (БОЛЬШОЙ ТЕАТР РОССИИ), გადარიცხვის დანიშნულებაში კი მითითებულია - ჰონორარი 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის ბალეტებისთვის. გადმორიცხული თანხა 47 737 დოლარსა და 41 ცენტს შეადგენს. იხ. საბანკო ამონაწერი. ოჯახის თხოვნით, დაფარულია პირადი მონაცემები და ინფორმაცია მიმღები ბანკის შესახებ:
2. მიმდინარე წლის მეორე გადმორიცხვა 27 მაისს ფიქსირდება. გადმომრიცხავი, ამ შემთხვევაშიც, „რუსეთის დიდი თეატრია“, თუმცა, ამონაწერში თეატრის სახელწოდება სრულად არაა მოცემული. როგორც ჩანს, „რუსეთის დიდ თეატრს“ ანგარიში VTB ბანკთან ერთად Raiffeisen ბანკშიც აქვს გახსნილი. 3 თებერვლის ამონაწერში, რომელიც VTB ბანკის საშუალებითაა შესრულებული, გადმომრიცხავის სახელია „რუსეთის დიდი თეატრი“ (БОЛЬШОЙ ТЕАТР РОССИИ). 27 მაისს გადმორიცხვა კი Raiffeisen Bank-იდან შესრულდა, რაც, სავარაუდოდ, იმით უნდა აიხსნას, რომ VTB ბანკი სანქცირებული ბანკების სიაში მოხვდა. Raiffeisen ბანკში თეატრის სრული სახელწოდებაა წარმოდგენილი - ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის დაწესებულება "რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრი“ (Федеральное государственное бюджетное учреждение культуры «Государственный академический Большой театр России).
დანიშნულებაში, ამ შემთხვევაშიც, მითითებულია - ჰონორარი 2022 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის ბალეტებისთვის. გადმორიცხული თანხა 54 550 დოლარსა და 89 ცენტს შეადგენს.
სავარაუდოდ, იმგვარი ინტერპრეტირების საბაბი, რომ თანხა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდანაა გადმორიცხული, სწორედ ის გახდა, რომ გადმორიცხვაში „რუსეთის დიდი თეატრის“ სახელი სრულყოფილად არაა მოცემული და ჩანს მხოლოდ სამი სიტყვა - „Федеральное государственное бюдж“.
სინამდვილეში, გადმორიცხვა რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან შესრულებულიყო, გრამატიკული ნორმების მიხედვით, დასახელება სახელობით ბრუნვაში უნდა ყოფილიყო მოცემული. ამ შემთხვევაში კი ჩანს, რომ საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სუბიექტზე, ამ შემთხვევაში, „რუსეთის დიდ თეატრზე“. ის, რომ თებერვლისა და მაისის ამონაწერში გადმომრიცხავი ერთი და იგივე დაწესებულება, „რუსეთის დიდი თეატრია“, რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის საიტიდანაც დასტურდება:
ის, რომ გადმორიცხვა შესრულებულია არა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, არამედ სხვა ტიპის ორგანიზაციიდან, იმითაც დასტურდება, თუ რომელი ბანკიდან არის შესრულებული გადმორიცხვა. აბსურდულია მტკიცება, რომ რუსეთს სახელმწიფო ხაზინა ავსტრიულ ბანკში - Raiffeisen Bank - აქვს განთავსებული.
ამასთან ჩვენ მიერ მოყვანილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ გადმორიცხული თანხები იყო არა ბიუჯეტზე მყოფი რომელიმე თეატრის სახელმწიფო შემოსავლებიდან გამოყოფილი თანხა, არამედ სპექტაკლის გაქირავებიდან და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის წილი. შესაბამისად, მიუხეადავად იმისა, რომ დიდი თეატრი სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, ამ შემთხვევაში გადმორიცხული თანხები რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის თანხას არ წარმოადგენს და სპექტაკლების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალია.
3. მიმდინარე წლის მესამე გადმორიცხვა პირველ ივნისს ფიქსირდება, გადმომრიცხავია „შპს თეატრალური აგენტი“ - ООО Театральный агент. როგორც უკვე ითქვა, გიორგი ხოშტარიამ საავტორო საზოგადოება РАО-სთან ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო მისი შემცვლელი Театральный агент-ია. აღნიშნული ორგანიზაცია „რუსეთის საავტორო საზოგადოების“ (РАО) ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს - აგროვებს სხვადასხვა დადგმიდან მიღებულ ჰონორარებს და ოჯახის ინფორმაციით, პერიოდულად ერთიან თანხას რიცხავს. ამონაწერში გადარიცხვის დანიშნულებაში წერია - „საავტორო ანაზღაურების გადარიცხვა აგენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გიორგი ხოშტარიას ანგარიშზე ჩასარიცხად“. გადმორიცხული თანხა 2 249 988 რუბლი და 40 კაპიკია.
დოკუმენტების ანალიზის შედეგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
• მართალია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან პერიოდულად თანხები ერიცხება.
• ტყუილია, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან ხელფასს იღებს. სინამდვილეში, ელენე ხოშტარიას მამის, გიორგი ხოშტარიას, სახელზე, მემკვიდრეობით მიღებული საავტორო უფლებების საფუძველზე, სოლიკო ვირსალაძის დადგმებიდან მიღებული ჰონორარი ირიცხება.
• ტყუილია, რომ გიორგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერაციული ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვა ფიქსირდება. გადმორიცხვა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის დაწესებულება "რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრიდანაა“ მიღებული. როგორც დოკუმენტები აჩვენებს, ეს შემოსავლები არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ შემოსავლებს. მისი ამგვარი ინტერპრეტირება შეცდომაში შემყვანია და მიზნად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტირებას ისახავს.
* სტატიაში გამოყენებული ყველა დოკუმენტის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.