პრორუსულმა Facebook-გვერდმა - „New Neu Novo Nuovo Nouveau Новый ახალი“ - გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის უმკაცრესი მოთხოვნაა, საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს და დაძაბულო გარემო გამოასწოროს. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესახებ ქართულმა მხარემ კარგად იცის, თუმცა ამაზე არ საუბრობენ, რუსეთთან კი მეგობრულ ურთიერთობებს აფუჭებენ, რადგან მათ რეალურად ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ.


მოცემული Facebook-გვერდი შექმნის დღიდან ღიად ანტიდასავლური და პრორუსული მოწოდებებით გამოირჩევა. თუმცა აღნიშნული იმის ნათელი მაგალითია, რუსეთი თავისი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას, რა მეთოდებით ცდილობს და როგორ ახერხებს საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას.

პოსტი იმგვარადაა ფორმულირებული, თითქოს გვერდი ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს, ქართული მხარე კი (სავარაუდოდ, იგულისხმება, მთავრობაც და ოპოზიციაც) ამ პროცესს აფერხებს, რადგან, რეალურად, ევროკავშირის წევრობა არ სურს. აღნიშნულის არგუმენტად Facebook-გვერდს ყალბი მტკიცება მოჰყავს, თითქოს ევროკავშირის უმკაცრესი მოთხოვნა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაა.

სინამდვილეში, ევროკავშირის არცერთი რეკომენდაცია მსგავს მოწოდებას არ შეიცავს. 2022 წლის 17 ივნისს, ევროკომისიაში, ევროკავშირის ერთ-ერთ ორგანოში, გაიმართა ბრიფინგი, სადაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კომისიის დასკვნა გამოცხადდა, რომელიც, თავის მხრივ, რეკომენდაციაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით მისცეს, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდება.

რაც შეეხება კონკრეტულად რეკომენდაციებს, ის 12 პრიორიტეტული პუნქტისგან შედგება:

• 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით გადაიჭრას;

• უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;

• მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;

• გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლად დაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;

• „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;

• ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;

• უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;

• სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;

• გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;

• უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;

• მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;

• უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

გარდა ევროკავშირის რეკომენდაციებისა, მოთხოვნა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, არც ევროკავშირის რომელიმე ლიდერს განუცხადებია.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ევროკავშირის უმკაცრესი მოთხოვნაა, საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს, ტყუილია. Facebook-გვერდის მიერ ინფორმაციის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის რუსეთთან დიალოგის დაწყებაა საჭირო, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ტექნიკაა. კრემლი მუდმივად ცდილობს მცდარი სცენარების შექმნით საზოგადოებაში დაბნეულობა და პრორუსული განწყობები შემოიტანოს.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.