სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის სოფლის მეურნეობის შემაჯამებელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

ჩვენ ყურადღება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე გავამახვილეთ, უფრო მარტივად, საქართველოში საკმარისი და ჭარბი რაოდენობით სოფლის მეურნეობის რა პროდუქტს ვაწარმოებთ და რას - არა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ჭარბი რაოდენობით ყურძენი და კარტოფილი ვაწარმოვეთ. ყურძნის თვითუზრუნველყოფამ 173% შეადგინა, კარტოფილისამ კი - 115%. ორივე პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, 2020 წელს ყურძნის თვითუზრუნველყოფა 143, კარტოფილის კი - 92% იყო.

ასევე ჭარბი რაოდენობით ვაწარმოვეთ ცხვრის ხორცი (105%), თუმცა წინა წლებთან შედარებით ცხვრის ხორცის ადგილობრივი წარმოება თითქმის განახევრებულია, 2018 წელს 9.1 ათასი ტონა ცხვრის ხორცი ვაწარმოვეთ, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კი 345% იყო. 2021 წლისთვის ცხვრის ხორცის წარმოებამ 4.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივ მოთხოვნას 105%-ით აკმაყოფილებს.

2021 წელს ხორცის მთლიანი წარმოება გაზრდილია და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 51%-ს შეადგენს, 2020 წლის სტატისტიკით იგივე მონაცემი 49% იყო.

რაც შეეხება რძის წარმოებას, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება სტაბილურობით გამოირჩევა და ბოლო წლების განმავლობაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი უცვლელია და 81%-ს შეადგენს.

განხილულ სტატისტიკაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხორბლის თვითუზრუნველყოფის მონაცემია. როგორც ვიცით, სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხორბალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემით, ხორბლის ადგილობრივი წარმოება გაზრდილია და 22%-ს შეადგენს, წინა წლებში ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 14-15% შეადგენდა. ზრდა მისასალმებელია, თუმცა ჩვენ კვლავ დიდწილად (78%) ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იმპორტირებული ხორბლის თითქმის 90% რუსეთიდან შემოდის და რუსეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ზოგადად სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რამდენიმე ხნის წინ გააჟღერა, რომ შესაძლებელი იქნება, ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-დან 50%-მდე გაიზარდოს. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ინიციატივის შესაძლებლობა გაანალიზა (იხილეთ: სტატია) და ჩვენი დასკვნით, დასახელებული მიზანი უახლოეს პერსპექტივაში მიღწევადი არ ჩანს, თუმცა ინიციატივა დროულია და ყოველწლიურად ადგილობრივი ხორბლის წარმოების ხელშესაწყობად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო.

ცხრილი 1: სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება (ათასი ტონა) და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (%)

წყარო: საქსტატი