სოციალურ ქსელში სხვადასხვა Facebook-მომხმარებელი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ფოტოს შემდეგი წარწერით ავრცელებს: „ალექსეი არესტოვიჩი: „თუკი დასავლეთი აქტიურად არ დაეხმარება უკრაინას, მილიონობით უკრაინელი რუსეთის მხარეს გადავა და მერე უშუალოდ დასავლეთს მოუწევს რუსეთისგან თავდაცვა“.
რეალურად, არესტოვიჩმა დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება ნამდვილად გააკეთა, თუმცა ქართულ ინტერნეტ სივრცეში ის შეცვლილი კონტექსტით გავრცელდა.
სინამდვილეში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩმა საუბრისას უკრაინული არმიის სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას არც ერთი ომი არ მოუგია, თუ მის მხარეზე უკრაინელები არ იბრძოდნენ. აქედან გამომდინარე, მანვე გააკეთა ჰიპოთეტური დაშვება, რომ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, მაშინ პუტინის ომში გამარჯვების შემთხვევაში, დაპირისპირება ევროპაში გადაინაცვლებდა, რომელშიც ერთმანეთს 1,5 მილიონიანი რუსეთის, 500 ათასიანი უკრაინის და ბელორუსის გაერთიანებული ჯარები იქნებოდნენ ჩაბმული დასავლეთის წინააღმდეგ და მათთან გამკლავება დასავლეთს უკვე გაუჭირდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა: „დავუშვათ, პუტინმა გაიმარჯვა. და 1,5 მილიონიან რუსულ არმიას კიდევ 500 ათასიანი უკრაინული არმია შეუერთდება. ყველამ დაინახა, როგორი ბრძოლა შეგვიძლია. და როგორ მოახერხებენ ევროპული ჯარები რუსული და უკრაინული კავშირის, და ამას პლუს ბელორუსის კავშირის შეჩერებას?“- განაცხადა არესტოვიჩმა.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა სრული კონტექსტის გარეშე გავრცელდა და ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს უკრაინული სამხედრო ძალები დასავლეთთან დაპირისპირებას აპირებენ.
რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლებულია. თავდაპირველ ვერსიაში მცდარად იყო მითითებული, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს მსგავსი განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული და შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეფასებული იყო როგორც „ყალბი ამბავი“. სტატიის განახლებულ ვერსიაში შეიცვალა ვერდიქტი და არესტოვიჩის განცხადების რეალური კონტექსტი განიმარტა.
------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.