Facebook-ანგარიშმა „სულიერი სამყარო“ 38-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს: „მეცნიერებმა რეკორდულ დროში უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინები შექმნეს, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქცინა კლინიკურად უკვე მილიარდობით ადამიანზე გამოვცადეთ...“. ვიდეოს თან რუსული ტიტრებიც გასდევს. აღნიშნულ ვიდეოს პოსტის სახით ვრცელი ტექსტიც ახლავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეოში ობამას გულწრფელი აღიარებაა მოცემული და დამატებულია სხვადასხვა მონაკვეთი, რომელშიც ობამა თითქოს სამედიცინო ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიუღებლობაზე საუბრობს.

რეალურად, ვიდეოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლებსაც დეზინფორმაცია დემოკრატიას უქმნის. პრეზიდენტი კოვიდპანდემიისა და ვაქცინების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას კი ამ საფრთხის ნათელ მაგალითად წარმოაჩენს.

2022 წლის 21 აპრილს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტენფორდის უნივერსიტეტის კიბერპოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოვიდა და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში არსებული დეზინფორმაციით განპირობებული საფრთხეების საპასუხოდ მარეგულირებელი ცვლილებების დანერგვა არის აუცილებელი. დეზინფორმაციის თვალსაჩინო მაგალითად, ექსპრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო კოვიდვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი, რამაც მომაკვდინებელი პანდემიის გახანგრძლივებას ხელი შეუწყო.

კერძოდ, ობამამ ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღევანდელი ინფორმაციული გარემო სიმართლესა და სიცრუეს შორის ჭიდილს წარმოადგენს და სოციალური ქსელების პლატფორმების დიზაინი ადამიანებს ბიძგს არასწორი მიმართულებით აძლევს. უშუალოდ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ავიღოთ კოვიდი. ის ფაქტი, რომ მეცნიერებმა რეკორდულ დროში შექმნეს უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინები, დაუჯერებელი მიღწევაა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა, მთელს მსოფლიოში ვაქცინა კლინიკურად უკვე მილიარდობით ადამიანზე გამოვცადეთ, ყოველი ხუთი ამერიკელიდან ერთი მაინც მზად არის საკუთარი თავი და მისი ოჯახის წევრები რისკის ქვეშ დააყენოს, ვიდრე აიცრას. დეზინფორმაციის გამო ხალხი იღუპება“.

ამდენად, პრეზიდენტი ობამა ინფორმაციულ სივრცეში არსებულ დეზინფორმაციულ გარემოსა და მის მავნე შედეგებზე საუბრობს, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად კოვიდპანდემიისა და კოვიდვაქცინაციის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს. რაც შეეხება უშუალოდ Facebook-პოსტში მოცემულ მონაკვეთებს, რომლებიც სამედიცინო ექსპერიმენტებში ჩართვას ეხება, აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკითხები ბარაკ ობამას გამოსვლისას საერთოდ არ უხსენებია.

ამდენად, აღნიშნული პოსტი იმ დეზინფორმაციული ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, რეალურად კოვიდპანდემია დაგეგმილი იყო და კოვიდვაქცინაციით ადამიანების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ექსპერიმენტში ჩართვა სურდათ.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.