Facebook-მომხმარებელმა ნინო ბრეგაძემ 5G-ის მავნებლობის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, კორონავირუსი და 5G ინტერნეტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ახალი თაობის ინტერნეტის დაფარვის ზონაში მყოფი ადამიანები ინფექციებმა შეიძლება შეიწიროს. ავტორის მტკიცებით, 5G რეალურად სამხედრო ტექნოლოგიას წარმოადენს, რომელსაც ვაქცინებთან ერთად ადამიანების დნმ-ის შეცვლა, მათი მუტანტებად გადაქცევა და გაკონტროლება შეუძლია. იდენტური პოსტი Facebook ანგარიშმა - შერი შერიმაც - გაავრცელა.
Facebook მომხმარებელთა მტკიცებები 5G ინტერნეტის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტის დაქვეითება ან უჯრედების შიგნით დნმ-ზე ზემოქმედება არ შეუძლიათ.
4G დაახლოებით 6 გიგაჰერცის სიხშირეს იყენებს, ხოლო 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა. თუმცა 30-დან 300 გიგა ჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტონ. შესაბამისად, 5G-ის რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლიათ, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემენ. ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოც ამავე დასკვნას აკეთებს. გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-სგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია.
ახალი თაობის ინტერნეტს და კორონავირუსს შეთქმულების თეორეტიკოსები საკმაოდ ხშირად უკავშირებენ. მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს 5G ინტერნეტი კორონავირუსის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ ახალი თაობის ინტერნეტს და ინფექციურ დაავადებებს შორის არანაირი კავშირი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ვირუსს რადიო ტალღების/მობილური ქსელების მეშვეობით გადაადგილება არ შეუძლია“ და აღნიშნა, რომ კორონავირუსი ბევრ ისეთ ქვეყანაში გავრცელდა, რომლებშიც 5G მობილურ ქსელებს საერთოდ არ ვხვდებოდით.
ყალბი ინფორმაცია, თითქოს 5G ინტერნეტითა და ვაქცინით ადამიანთა გაკონტროლებაა შესაძლებელი სოციალურ ქსელებში წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნავდნენ, რომ კორონავირუსის ვაქცინაში ჰიდროგელია მოთავსებული, რომელიც ადამიანთა სხეულებს 5G ღრუბელთან დააკავშირებს. Health Feedback-მა ჰიდროგელისა და 5G ღრუბელთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჰიდროგელის გამოყენება-დანიშნულების შემთხვევები დეტალურად არის აღწერილი.
ჰიდროგელი ჰიდროფილური მოლეკულების ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც წყალთან კავშირისას ზომაში იზრდება. მათგან უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადი არის და, შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერება - ჰიდროგელია, არც ერთი მონაცემით არ მტკიცდება.
Profusa, კომპანია, რომელიც სამედიცინო დანადგარების შექმნაზე მუშაობს, ჰიდროგელზე დამზადებულ საინიექციო სენსორს ავითარებს. მოცემული სენსორის დანიშნულება, სხეულში გრიპის ინფექციის იდენტიფიცირებაა და არა - ინტერნეტთან დაკავშირება. ამ ჰიდროგელზე დამზადებული სენსორები სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის დონის ცვლილებას აკონტროლებენ. Profusa-ს ჰიპოთეზის მიხედვით, ჟანგბადის დონის ცვლილება გრიპის ინფექციის ინდიკატორი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ამ ჰიდროგელზე დამზადებული სენსორის ერთადერთი დანიშნულება ჟანგბადის დონის მონიტორინგია.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს 5G ინტერნეტი კორონავირუსთანაა დაკავშირებული და ადამიანის დნმ-ს შეცვლის გზით მუტანტად ქცევა და გაკონტროლება შეუძლია დეზინფორმაციაა.
-----------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.