მიშა ბოლქვაძე:300 000 ლარზე მეტია დახარჯული 2020 წელს და მოსახლეობას ერთი დღითაც წყალი არ მიეწოდებოდა. ამის შემდეგ, ერთწლიანი საგარანტიო ვადა გაუყვანეს ამ [შემსრულებელ] კომპანიას... ახალარჩეული მერიც, რამდენიმე თვეა უკვე, არანაირ სამართლებრივ დავას არ იწყებს ამ კომპანიის წინააღმდეგ.
ვერდიქტი: მიშა ბოლქვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ზედა ახალშენში, ჯიბინაურის დასახლებაში, ჭაბურღილის, რეზერვუარისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის მიზნით, გამოაცხადა 363 507 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომელშიც შპს „ალსოფმა“ გაიმარჯვა. მან შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 284 441 ლარად შესთავაზა.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან (2020 წლის 27 თებერვალი) არა უმეტეს ათი კალენდარული დღის ვადაში უნდა დაწყებულიყო და 180 კალენდარულ დღეში დასრულებულიყო. თუმცა სახელშეკრულებო პირობები ოთხჯერ შეიცვალა. პროექტის დასრულების ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოოდ, შემსყიდველმა სამუშაოები ჩაიბარა და მიმწოდებელს 275 413 ლარი გადაუხადა. ხელშეკრულების თანახმად, გაწეული სამუშაოები მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო. საგარანტიო ვადა ერთი წლით განისაზღვრა. ერთწლიან შუალედში აღმოჩენილი წუნი, ხარვეზი ან სხვა ნებისმირი შეუსაბამობა მიმწოდებელს საკუთარი ხარჯებით უნდა გამოესწორებინა. მერიას, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კომპანიისთვის არ მიუმართავს. საგარანტიო ვადა კი უკვე ამოწურულია.
ჩვენ ვცადეთ დაზუსტება, რა რეაგირება ჰქონდა, ან აქვს შემსყიდველს აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით. მერიის წარმომადგენელმა მოგვწერა, რომ შპს „ხელვაჩაურის წყალი“ მუშაობს ახალი ჭაბურღილის მოსაწყობი ადგილის შესარჩევად. ამავე პასუხის თანახმად, თვითონ ჯიბინაურის დასახლებაში არსებული ჭაბურღილი მოქმედია და ამ ეტაპზე განიხილება საკითხი ჭაბურღილიდან წყლის მილებით გაყვანისა და უმოქმედო რეზერვუარში ჩაშვების შესახებ.
კომპანიის დირექტორმა კი ფაქტ-მეტრთან განაცხადა, რომ სამუშაოები პროექტთან შესაბამისად განახორციელა. მისივე თქმით, ქსელის ტესტირების დროს რეზერვუარი აივსო. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობდა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, მიზეზი წყლის დებეტის ნაკლებობაა.
მართალია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განხორციელებული სამუშაოების ღირებულებას ზუსტად არ ასახელებს, თუმცა განცხადებაში მთავარი ისაა, რომ ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯა, შემსყიდველმა პროექტი ჩაიბარა და უკვე ერთი წელია, მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება. რაც შეეხება ახალარჩეული მერის რეაგირებას, მერიის პასუხიდან შევიტყვეთ, რომ მიმწოდებელი კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მიშა ბოლქვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
პოლიტიკოსმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა: „300 000 ლარზე მეტია დახარჯული 2020 წელს და მოსახლეობას ერთი დღითაც წყალი არ მიეწოდებოდა. ამის შემდეგ ერთწლიანი საგარანტიო ვადა გაუყვანეს ამ [შემსრულებელ] კომპანიას... ახალარჩეული მერიც, რამდენიმე თვეა უკვე, არანაირ სამართლებრივ დავას არ იწყებს ამ კომპანიის წინააღმდეგ.“
სოფელ ზედა ახალშენში, ჯიბინაურის დასახლებაში (ვაშაყმაძის, მიქელაძეების, კობალაძეების დასახლება) ჭაბურღილის, რეზერვუარისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 363 507 ლარი იყო. ტენდერში შპს „ალსოფმა“ გაიმარჯვა, რომელმაც სავარაუდო ღირებულება თითქმის 22%-ით გააიაფა. კომპანიასთან 284 441-ლარიანი ხელშეკრულება 2020 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. მიმწოდებელს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს ათი კალენდარული დღის ვადაში უნდა დაეწყო და 180 კალენდარულ დღეში დაესრულებინა. პროექტის განხორციელების პერიოდში, სახელშეკრულებო პირობები ოთხჯერ შეიცვალა. კერძოდ, 2020 წლის 11 მაისს მხარეებმა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ხელშეკრულებიდან საერთოდ ამოიღეს, თუმცა ხანგრძლივობა არ შეუცვლიათ. 27 აგვისტოს შეთანხმებით, ვადა 23 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. 27 ოქტომბერს კი, ვინაიდან სამუშაოები დასრულებული არ იყო, კომპანიას პროექტის დასასრულებლად დამატებით კიდევ რამდენიმე დღე მიეცა, ამჯერად - 12 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
პროექტის საგარანტიო ვადა ერთი წლით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ დათქმულ პერიოდში, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსრულებელს ის საკუთარი ხარჯებით უნდა გამოესწორებინა. გაწეული სამუშაოები მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების კონტროლი მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალებოდა, ამასთანავე, ხარისხი ექსპერტსაც უნდა შეემოწმებინა და საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე სისტემა უნდა გატესტილიყო, დღეს სოფელ ზედა ახალშენში, ჯაბინაურის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს წყალი არ მიეწოდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შემსყიდველმა სამუშაოები ოთხ ეტაპად ჩაიბარა და მიმწოდებელს, ჯამში, 275 413 ლარი გადაუხადა. სამუშაოების მეოთხე (ბოლო) ეტაპი მერიამ 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ ერთწლიანი საგარანტიო ვადა უკვე გასული წლის დეკემბერში ამოიწურა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კრიტიკას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. თავის განცხადებაში ზაზა დიასამიძემ აღნიშნა, რომ არსებული პრობლემის შესახებ იციან და ცდილობენ, მოსახლეობას წყალი ალტერნატიული გზით მიაწოდონ. ფაქტ-მეტრმა დეტალები ხელვაჩაურის მერიასთან კომუნიკაციით დააზუსტა. აღმასრულებელი ორგანოდან მოგვწერეს, რომ პრობლემის მოგვარებას შპს „ხელვაჩაურის წყალი“ ცდილობს. „მიმდინარეობს ალტერნატიული გზების მოძიება, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, კერძოდ, მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილის შერჩევა, სადაც შესაძლებელი იქნება გაკეთდეს ახალი ჭაბურღილი. სოფელ ჯიბინაურში კი არის მოქმედი ჭაბურღილი და განიხილება საკითხი მოქმედი ჭაბურღილიდან მილის გაყვანით უმოქმედო ბასეინში წყლის ჩაშვების შესახებ. რაც შეეხება შპს-ის [მიმწოდებელი კომპანია] საკითხს, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა“, - მოგვწერა მერიის უფლებამოსილმა პირმა.
ფაქტ-მეტრი შპს „ალსოფის“ დირექტორსაც დაუკავშირდა. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ კომპანიამ სამუშაოები პროექტთან შესაბამისად შეასრულა. ანზორ აბაშიძე ირწმუნება, რომ მიზეზი წყლის დებეტის ნაკლებობაა და არც ერთ სპეციალისტს არ შეუძლია წინასწარ იმის თქმა, რა მოცულობის წყლის მოპოვება შეიძლება ბურღვითი სამუშაოების შედეგად.