რამდენიმე დღის წინ, აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარედგინა. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ ანგარიშს მას შემდეგ ელოდება, რაც გასული წლის ივნისში საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა და შემოსულობებისა და გადასახდელების გეგმა გაიზარდა. ჩვენ გვაინტერესებდა, შესრულდა, თუ - არა არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვის) გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც სწორედ ცვლილებების შედეგად განისაზღვრა. ეს იყო საკითხი, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

2021 წლის 21 ივნისს გამართულ სხდომაზე შეკრებილ დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილებები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გააცნო. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, არაფინანსური აქტივების კლების ანუ ქონების გაყიდვის შედეგად, ბიუჯეტში, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, 89 მლნ ლარი შევიდოდა. ცვლილებამდე აღნიშნული პარამეტრი 27 მლნ ლარით იყო დაგეგმილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გეგმა არარეალურად მიიჩნიეს. კერძოდ, პოლიტიკოსმა ლევან ანთაძემ ივარაუდა, რომ დაგეგმილი ცვლილება ვერ განხორციელდებოდა. მან ბიუჯეტს უპრეცედენტოდ კორუფციული და საარჩევნოდ დაგეგმილი უწოდა.

როგორც ირკვევა, 89 მლნ ლარიდან, ბიუჯეტში მხოლოდ 22 251 500 ლარი შევიდა. ეს ნიშნავს, რომ არაფინანსური აქტივების კლებამ დაზუსტებული გეგმის მხოლოდ 25% შეადგინა.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს ქონების, მათ შორის, მსხვილი ობიექტების პრივატიზება, რომელთა განკარგვის შემდეგაც დაგეგმილი შემოსულობების შესრულება უპირობოდ განხორციელდებოდა, ვერ მოხერხდა. სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული რიგი ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონები არ შედგა.

საბოლოოდ, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 307 361 800 ლარი შეადგინა, რაც გეგმის - 392 937 200 ლარის 78.2%-ია. კონკრეტულად კი, ბიუჯეტმა, შემოსულობების სახით, 85 574 400 ლარით ნაკლები მიიღო. აღსანიშნავია, რომ, საბიუჯეტო ცვლილებამდე, შემოსულობები განსაზღვრული იყო 328 474 000 ლარით. დანართი 1

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

შემოსულობების ყველაზე დიდი წილი, 95.9% გადასახადებზე მოდის. გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ საანგარიშო პერიოდში გეგმა ვერც გადასახადების ნაწილში შესრულდა და ფაქტობრივი მაჩვენებელი დაგეგმილ მაჩვენებელზე ნაკლებია, ისევე, როგორც სხვა შემოსავლების შემთხვევაში.

უწყების განმარტებით, პრივატიზაციის შემაფერხებელი ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა იყო. მძიმე ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, ბიზნესსუბიექტებისთვის ხელისშეწყობის მიზნით, 2020 წელს აჭარის ა/რ მთავრობამ დადგენილება გამოსცა და საპრივატიზებო თანხების გადასახდელად დამატებითი ვადები მისცა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ინვესტორებმა შეღავათით ისარგებლეს და როგორც 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში წერია, გადახდები მთლიანად ან ნაწილობრივ გადაავადეს.

არაფინანსური აქტივების კლების ფაქტობრივი მაჩვენებლიდან, ყველაზე დიდი წილი ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის - 11 022 400 ლარი, მას ოდნავ ჩამორჩება არაწარმოებული (მიწის) აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავალი - 10 868 700 ლარი. ყველაზე ნაკლები კი მატერიალური მარაგებისა და ფასეულობების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია - 360 400 ლარი.

გრაფიკი 2. არაფინანსური აქტივების კლებით მიღებული შემოსავლების გადანაწილება

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

ოპოზიციის აზრით, დასახელებული მიზეზი, რომ პრივატიზებას ხელი პანდემიამ შეუშალა, არარელევანტურია, რადგან საბიუჯეტო ცვლილების დროს პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინება შესაძლებელი იყო, რადგან ეპიდემიოლოგები 2021 წლის ბოლომდე სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას არც ვარაუდობდნენ.

ვერ შესრულდა გეგმა ვერც გადასახდელების ნაწილში. აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 414 221 800 ლარი იყო. ფაქტობრივი დაფინანსება კი 328 308 300 ლარს შეადგენს, რაც გეგმის 79.3%-ია.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროებს შორის, დაფინანსების ყველაზე დაბალი ათვისების მაჩვენებელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უწყებისთვის განსაზღვრული დაზუსტებული გეგმა 120 457 100 ლარით განისაზღვრა. აქედან გახარჯულია მხოლოდ 87 545 400 ლარი, ანუ 72.7%. ერთ-ერთი ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც გეგმა მხოლოდ 51.5%-ით შესრულდა, არის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ჯამურად გამოყოფილი 2 520 000 ლარიდან, გახარჯულია 1 298 200 ლარი. განსაზღვრულ ვადებში ვერ დასრულდა ან საერთოდ ვერ განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ტერიტორიაზე საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა; ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და კეთილმოწყობა; ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი და სხვა. სამინისტრო შეფერხების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის: ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისიწინება; დაგეგმილი პროექტის მოქცევა საქართველოს მთავრობის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში; კომპანიის მიერ სამუშაოების გვიან დაწყება გარკვეული ობიექტური შეფერხებების გამო; რამდენჯერმე გამოცხადებული და არშემდგარი ტენდერები და სხვა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია.

ჩვენ ასევე დავწერეთ საკურორტო სოფელ გომარდულში ფიქსირებული ოთხადგილიანი ლიფტის საბაგირო პროექტის შესახებ, რომელიც არ განხორციელდა, თუმცა რეგიონის მთავრობა აღნიშნულ საკითხზე 2019 წლიდან საუბრობს. ანგარიშში წერია, რომ ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ვინაიდან სამშენებლო არეალი მაღალმთიან ზონაში მდებარეობს, სამინისტრომ, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ვერ განხორციელდა ასევე კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების სახელმწიფო შესყიდვა კონკურსის წესით. ამდენად, ქვეპროგრამა „აჭარის ტერიტორიაზე მთის კურორტების განვითარებისთვის“ გამოყოფილი 1 219 900 ლარი საერთოდ არ გახარჯულა.

მნიშვნელოვანი სხვაობაა სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის დაზუსტებულ გეგმასა და საკასო ხარჯს შორის. 28 284 600 ლარიდან, ათვისებულია მხოლოდ 39.3% ანუ 11 114 200 ლარი. საუბარია ძირითადად „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, რომელიც დღემდე ვერ დასრულდა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე არაერთი სტატია გამოაქვეყნა ( სტატია 1; სტატია 2; სტატია 3; სტატია 4).

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანხის აუთვისებლობის მიზეზად ასახელებს სამშენებლო ტერიტორიაზე ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის არარსებობას, რის გამოც მშენებარე ობიექტების წყალმომარაგების/კანალიზაციის ქსელზე დაერთების წერტილის მითითება ვერ ხერხდება. მისივე განმარტებით, არ იყო მოპოვებული ტექნიკური პირობები საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი კომპანიებიდან ელმომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელებზე ობიექტის დაერთების თაობაზე. აღნიშნული შეფერხებებიდან გამომდინარე, კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების ვადა გაუხანგრძლივდა.

სამინისტროებს შორის, ფაქტობრივი დაფინანსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს.

გრაფიკი 3. სამინისტროების დაფინანსების დაზუსტებული გეგმა და ფაქტობრივად ათვისებული თანხა აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

გარდა სამინისტროებისა, საკასო შესრულება დაზუსტებულ გეგმაზე ნაკლებია შემდეგი მიმართულებებით: საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები - ათვისება 75.9%; ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება - 72.2%; ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარება - 85.6%.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აჭარის ა/რ სარეზერვო ფონდიდან 6 023 200 ლარი გაიხარჯა. აქედან 4 217 500 ლარი, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, მოქალაქეების სამედიცინო, მატერიალური და სხვადასხვა დახმარების გაწევის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყო.