დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ცვლილებათა პაკეტი დაანონსა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით საქართველს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს.
კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, რაც იმით არის განპირობებული, რომ ავტომანქანებს ისეთ ადგილებში აჩერებენ, სადაც გაჩერება დაუშვებელია, ასევე შშმ პირებისთვის და A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებს იკავებენ. ამიტომ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებული ჯარიმების მოცულობა იზრდება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში შემდეგი ცვლილებები შედის:
• ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება;
• ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს;
• სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება;
• თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;
• თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება;
• შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარი გახდება;
• პარკირების სხვა წესების დარღვევისთვია აქამდე არსებული 10 ლარის ოდენობის ჯარიმა, 50 ლარი გახდება;
• მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდება და სანაცვლოდ ელექტრონული ოქმი შედგება, რომელიც სამართალდამრღვევს სტანდარტული წესით გადაეგზავნება, ასევე გადაეგზავნება sms შეტყობინება;
• ტროტუარზე გაჩერებული მანქანა, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას. მსუბუქი ავტომანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ. სატრანსპორტო საშუალების პარკირება 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს;
• მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება - სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების, საფასური განსაზღვროს.
ყველა დასახელებულ შემთხვევაში, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი გაორმაგდება და 200 ლარი იქნება.
როგორც ვიცით, დედაქალაქის პარკირების სიტემის ოპერირების უფლება 2018 წლის 10 აპრილიდან „თბილსის სატრპანსპორტო კომპანიას“ გადაეცა. მანამდე თბილისის პარკირების სისტემის კონტროლი კომპანია „სითი პარკს“ ჰქონდა, რომლის ოპერირებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა და პრეტენზია არსებობდა. ავტომობილის მფლობელების განსაკუთრებით უკმაყოფილებას საპარკინგე ადგილების სიმცირე, ჯარიმების სიხშირე და ჯარიმების ჩაბარება-ამოღების წესი იწვევდა.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში კომპანია „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტომობილების მფლობელების მხრიდან ყველაზე დიდ პრობლემად ჯარიმების ოდენობა აღიქმებოდა. გრაფიკ ერთზე გთავაზობთ ჯარიმების რაოდენობას „სითი პარკის“ ოპერირებისას (2011-2017) და შემდეგ პერიოდში, როცა პარკირებას უკვე „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კურირებს.
გრაფიკი 1: ჯარიმების რაოდენობა
წყარო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
როგორც მონაცემებიდან ჩანს, „სითი პარკის“ ოპრერირებისას გამოწერილი ჯარიმების წლიური რაოდენობა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოწერილ ჯარიმების რაოდენობას მკვეთრად აჭარბებდა.
პარკირების ჯარიმებიდან მერიის მიერ მიღებული შემოსავალი კი წლების მიხედვით შემდეგნაირი იყო :
ცხრილი 1: მერიის შემოსავალი პარკირების წესების დარღვევიდან (ჯარიმებიდან)
წყარო: თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
მონაცემების მიხედვით, „სითი პარკის“ მიერ პარკირების სიტემის ოპერირების წლებში (2011-2017) მერიის შემოსავალი პარკირების ჯარიმებიდან წლიურად საშუალოდ 5 926 800 ლარი იყო, პარკირების სიტემაში „ტრანსპორტის კომპანიის“ მოსვლის შემდეგ კი დედაქალაქის ბიუჯეტში წლიურად საშუალოდ 3 302 800 ლარი შედის, უფრო ნაკლები, ვიდრე „სითი პარკის“ დროს. ისიც აღსანიშნავია, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მერიას პარკირების ჯარიმებიდან შესული მთლიანი თანხის 60% ერიცხებოდა.
რაც შეეხება საპარკინგე ადგილებს, 2018 წლისთვის დედაქალაქში 32,257 საპარკინგე ადგილი იყო, ამჟამად მათი რაოდენობა 3,000 ერთეულით არის შემცირებული და 29,257-ს შეადგენ (წყარო: თბილისისი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები), ასევე არ მოწყობილა მერიის მიერ დაანონსებული მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები. მერიის განცხადებით, ამ ეტაპზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე - მელიქიშვილის გამზირზე, რეაბილიტაციის პარალელურად, იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერია კომპანია „სითი პარკს“ აქტიურად აკრიტიკებდა, საპარკინგე ადგილები გაზრდის ნაცვლად შემცირებულია. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებისთვის კომფორტის შექმნა არ არის.
თბილისის მერი კახა კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აცხადებდა, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაში უპირატესობა ქვეითებს მიენიჭებოდათ და ყველა რეფორმა ქვეითთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების გაუმჯობესებისკენ იქნებოდა მიმართული.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქში არსებული ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები მთლიანად ევრო 6-ის სტანდარტის ტრანსპორტით ჩანაცვლდა, თუმცა 10 სატრანსპორტო დერეფანი, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე ხაზი - ე.წ „ბას ლაინი“ უნდა მოწყობილიყო, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს საცობში მოხვედრისგან დაიცავდა და მის სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფდა, ჯერ დედაქალაქში სრულად არ გვაქვს (რამდენიმე რეაბილიტირებულ გამზირზე ავტობუსის ცალკე ხაზები უკვე არსებობს). გარდა ამისა, თბილისის მერის მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსებული 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა, მომავალი წლისთვის გადავადდა, რის მიზეზადაც პანდემია დასახელდა. გარკვეული ხარვეზები არის მიკროავტობუსების მუშაობაშიც. დასახელებულ ტრანსპორტში მხოლოდ დასაჯდომ ადგილებზე შეიძლება მგზავრების განთავსება. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როცა გაჩერებებზე მიკროავტობუსები უკვე სავსე მიდის და მგზავრი თუ ბოლო ან საწყის გაჩერებაზე არ იმყოფება, მიკროავტობუსით სარგებლობას ვერ ახერხებს (მიკროავტოუსებში, რომელნიც განსაკუთრებით დიდ მანძილზე გადაადგილდებიან, ხუთი მგზავრის ფეხზე დაყენება დაუშვეს).
ჩვენ კარგად გვესმის, რომ დედაქალაქში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მანქანების რიცხვის ზრდას ვერ დაეწევა, ტროტუარზე გაჩერებული მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა და პარკინგის დარღვევისთვის ჯარიმების ზრდაც მართებულად მიგვაჩნია. თუმცა კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებაა, რაც რეფორმების ფარგლებში დაწყებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რის გამოსწორების გარეშეც, მხოლოდ პარკინგის გადასახადის ზრდა სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.