თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალების შესაძენად გამარტივებული შესყიდვა განახორციელა (CMR220065347), რომლის ღირებულება 31 349 339 ლარია. კონსერვატორიამ ხელშეკრულება შპს „აი ემ ტი სი მიუზიკ +“- თან გააფორმა, რომელიც როიალების მწარმოებელი ბრენდის - „Steinway & Sons“-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ხელშეკრულება მრავალწლიანია და 2022-2025 წლებში სახელმწიფო კონსერვატორიისთვის 79 ერთეული როიალის მიწოდებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მთლიანი ღირებულება 8 012 636 ევროა (დღგ-ს ჩათვლით).
ხელშეკრულების მიხედვით, ერთი ერთეული როიალების ფასი 93 000 ევროდან 139 000 ევრომდე მერყეობს. ანგარიშსწორება გადახდის დღისთვის სს საქართველოს ბანკის კომერციული (ევროს შესაძენი) გაცვლითი კურსის შესაბამისად მოხდება. ხელშეკრულება მიმდინარე წლის 3 მაისს არის დადებული. თუ საქართველოს ბანკის ევროს ამ დღის კურსს ავიღებთ (3.198), როიალის ფასი ერთ შემთხვევაში - 297 414, მეორე შემთხვევაში - 444 522 ლარი იქნება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ევროსთან მიმართებით გამყარებულია ( 5 აპრილიდან 5 მაისამდე 0.201 ლარით გამყარდა) და თუ ბოლო წლების ლარის კურსის ტენდენციებს გავითვალისწინებთ, ანგარიშსწორების მომენტისთვის, ლარის იგივე კურსის არსებობა ნაკლებ სავარაუდოა და უფრო მოსალოდნელი ლარის გაუფასურებაა. შესაბამისად, უფრო მეტი ალბათობა არსებობს, რომ ერთი ერთეული როიალის ფასი ლარში კიდევ უფრო მეტი იყოს.
სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალები 2021 წელსაც შეისყიდა. 2021 წლის სექტემბერში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით (NAT210017079), კონსერვატორიას, 300 000 ლარად, სამი როიალი უნდა შეეძინა. შესყიდვაში ორი პრეტენდენტი - მათ შორის შპს „აი ემ ტი სი მიუზიკ+“-იც, მონაწილეობდა, მაგრამ შემსყიდველს ნაკლები ფასი მეორე კომპანიამ შესთავაზა და შესაბამისად, გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა. საბოლოოდ, ხელშეკრულება შპს „ შოუ ტექნიკ ცენტრთან“ გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 242 350 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით, პროფესიონალებისთვის/ მუსიკის აკადემიისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული როიალის ღირებულებამ 80 450 ლარი შეადგინა. შემსყიდველმა ჩინური წარმოების PETROF/WEINBACH/RG 180 ფირმის სამი ერთეული როიალი შეისყიდა.
როგორც ვხედავთ, 2021 წლის ოქტომბერში სახელმწიფო კონსერვატორიამ ჩინური წარმოების ერთი ცალი როიალი 80 450 ლარად შეისყიდა.
სულ რამდენიმე თვეში, კონსერვატორია არჩევანს როიალების წარმოების ლიდერ კომპანიაზე - „Steinway & Sons“, აკეთებს და ერთ ერთეულ როიალს - 2021 წელთან შედარებით, მინიმუმ 3.7-ჯერ ძვირად - 297 414 ლარად, ყიდულობს.
აქვე აღვნიშნავთ, როიალების და ფორტეპიანოების მწარმოებელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდი - „Steinway & Sons“, არსებობის მრავალწლიან ისტორიას ითვლის. ბრენდის ისტორია 1836 წლიდან იწყება, როდესაც გერმანელმა ფორტეპიანოს შემკეთებელმა, ჰეინრიხ ენგეჰარდ სტეინვეგმა, ქალაქ სიისენში, თავისი პირველი ფორტეპიანო შექმნა. მას შემდეგ აღნიშნული ფირმის ინსტრუმენტი მრავალი წარმატებული მუსიკოსის ნომერ პირველი არჩევანს წარმოადგენდა. მასზე უკრავდნენ რახმანინოვი, არტურ რუბინშტეინი, ბილი ჯოელი, დიანა კლარისი და სხვა ცნობილი მუსიკოსები.