სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ვიდეო ვრცელდება შემდეგი წარწერით - „კითხულობენ: გეი-პრაიდი რო ჩატარდეს შენ ხომ არ გადაგედება? რეალობა: - პრაქტიკამ აჩვენა, რომ შენ არა, მაგრამ შენს შვილს გადაედება. რუსეთმა მიწა წაგვართვა. დასავლურმა იდეოლოგიამ (ლიბერალიზმი) კი მომავალი“. ვიდეოში კი თითქოს ამ წარწერების საპასუხოდ ზურა მხეიძე ამბობს: „მეორე მოდაში წამოვიდა იცით რა? 15-16 წლის ბავშვებში, მოდას საიდან ვამბობ, ბოლო წლის განმავლობაში 11 მშობლის მოთხოვნა/თხოვნა, რომ ბავშვი მივიდა და უთხრა რომ სქესი არ მინდა რაც ვარო. არ ყოფილა ეს არც 2 წლის წინ, არც 5 წლის წინ და მშობლებთან წამოვიდა. მე ამ პრობლემებში რომ ჩავიხედე, პრაქტიკამ აჩვენა რომ მოდაა. ეს სუფთა პროპაგანდაა, იმიტომ რომ ჩვენ რო გვიყვარს ინგლისურად ლაპარაკი, რომ ვიყო cool ტიპი უნდა ვიყო ბისექსუალი. ეს მოდა წამოვიდა, ყველაზე მეტად ეს ურტყამს მშობელს. წარმოიდგინე რომ უცებ ბიჭი შემოვიდა და გეუბნება გოგო ვარო და გოგო შემოვიდა და ბიჭი ვარო. ამდენი მომართვიანობა მე არ მინახია და ასაკიც გითხარით. როცა ლექციაზე რაღაცა მსგავსი ვთქვი, სტუდენტმა თქვა, რომ ხო ეგ პროგრესიაო. ანუ ვიღაცამ შექმნა ტრენდი, ან მიმართულება და მოდა გააკეთა. და მაგარი ტიპი თუ ხარ ესე უნდა ფიქრობდე. აი ეს უწყობს ხელს რაოდენობის გამრავლებას“.
რეალურად, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის სიტყვები „აზროვნების აკადემიის“ ერთ-ერთი ლექციიდან არის ამოჭრილი და მანიპულაციურად არის გავრცელებული, თითქოს ვიდეოზე დატანილი წარწერების პასუხს წარმოადგენს, რომ გეი პრაიდის ჩატარება ადამიანებში ჰომოსექსუალიზმს იწვევს.
„აზროვნების აკადემიის“ მიერ გამოქვეყნებულ ლექციაზე „სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“, ფსიქოლოგი ზურა მხეიძე აუდიტორიიდან დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე ნარკოდამოკიდებულებისა და ლუდომანიის შესახებ საუბრობს. იგი ხსნის რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრესულობის სახელით გაიზარდა ე.წ კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რადგან ეს მოდურად ითვლება. სწორედ აღნიშნულ თემაზე საუბრისას მხეიძე ამბობს, რომ ბოლო დროს, ასევე მოდაში შემოვიდა 15-16 წლის ბავშვების მხრიდან საკუთარი სქესის უარყოფისა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლად აღქმის ტენდენცია, რის მიზეზადაც ფსიქოლოგს შექმნილი ტრენდი/მიმართულება მიაჩნია, რაც ითვალისწინებს იმას, რომ „მაგარ ტიპად“ წარმოჩენისათვის საჭიროა მოდას ფეხი აუწყო, მათ შორის - ორიენტაციის საკითხში.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სწორედ ზემოაღნიშნულ თემაზე საუბრიდან არის ამოჭრილი და შესაბამისად, ფსიქოლოგის სიტყვები ნამდვილად არ წარმოადგენს პასუხს ვიდეოზე დატანილ კითხვაზე („გეი პრაიდი რომ ჩატარდეს შენ ხომ არ გადაგედება?“). ზურა მხეიძე ლექციის მიმდინარეობისას გეი პრაიდის ჩატარების საკითხს საერთოდ არ ეხება. უფრო მეტიც, ფსიქოლოგი არც ჰომოსექსუალიზმის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. ვიდეოს რეალურ კონტექსტში, მახარაძე თინეიჯერებზე საუბრობს, რომლებმაც შესაძლოა 15-16 წლის ასაკში გარკვეული ტრენდის მიმდევრობითა და მოდურობის სახელით, ცალკეული ქცევის მოდელები აირჩიონ.
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის - 17 მაისის მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემებთან დაკავშირებულით დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება განსაკუთრებით გააქტიურდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ზემოაღნიშნული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.
ცნობისთვის, თანამედროვე მეცნიერება ვერ ამბობს დაზუსტებით, სექსუალური ორიენტაცია თუ რის შედეგად ყალიბდება. თუმცა მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალობა, ისევე როგორც სხვა ორიენტაცია, არის ბიოლოგიური და გარემო ფაქტორებით გამოწვეული და არ შეიძლება ადამიანის არჩევანს წარმოადგენდეს. 2008 წელს ტყუპებზე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის თანაავტორმა დოქტორმა ქაზი რაჰმანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ზემოაღნიშნული დასკვნა, რომ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას კომპლექსური ფაქტორები განაპირობებს. ამდენად, სექსუალური ორიენტაცია - ჰომოსექსუალობა, ჰეტერო და ბისექსუალობა, გენეტიკური და გარემო პირობების ფაქტორების ნაზავს წარმოადგენს და არ განეკუთვნება ადამიანის პიროვნულ არჩევანს. ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის (APA) თანახმად, ჰომოსექსუალური ორიენტაცია სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, შესაძლოა - დაბადებამდეც კი.
----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.