სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რომის პაპის ფრანცისკეს შეხვედრის ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ. ვიდეოში ისმის პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებიც „თქვენ ხართ ცნობილი აფრო-ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე ამერიკაში“. აღნიშნულ ვიდეოზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა მტკიცებები, თითქოს ბაიდენს რომის პაპი აფრო-ამერიკელ მოთამაშეში აერია. რეალურად, ვიდეო მანიპულაციურად არის მოჭრილი და სრული შეხვედრის კადრების ნახვის შემდგომ, ნათელი ხდება რომ პრეზიდენტი ბაიდენი რომის პაპს ბეისბოლის მოთამაშე საჩელ პეიჯის ისტორიას უყვებოდა და მისი და პაპის ასაკზე ხუმრობდა.
პრეზიდენტი ბაიდენი და რომის პაპი ფრანცისკე ერთმანეთს 2021 წლის 29 ოქტომბერს, ვატიკანში შეხვდნენ. მათი შეხვედრა 75 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდგომ, სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გავრცელდა შემდეგი ტექსტით: „ბაიდენი პაპს: თქვენ ხართ ცნობილი აფრო-ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე ამერიკაში“.
რეალურად მოკლე ვიდეოში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვების სრული კონტექსტი არ ჩანს, თუმცა ვრცელი ჩანაწერის ნახვის შემდგომ ნათელი ხდება, რომ ის აფრო-ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე საჩელ პეიჯის, ბურთის ჩამწოდებლის (pitcher) ისტორიას ჰყვებოდა, რომელიც ბეისბოლის მთავარ ლიგას (Major League Baseball) 40 წლის შემდგომ შეუერთდა. პრეზიდენტი ბაიდენი იტალიელი თარჯიმნის პარალელურად პაპას ეუბნებოდა: „ამერიკაში არის ცნობილი აფროამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე. მან ბეისბოლის მთავარ ლიგაში თამაში ვერ მოახერხა 45 წლამდე, რადგან ის შავკანიანი იყო. ის იყო ბურთის ჩამწოდებელი (pitcher), ის ბურთს ისროდა. ბურთის ჩამწოდებლები ჩვეულებრივ ხელს 35 წლის ასაკში კარგავენ, ხოლო მან 47 წლის იუბილეზე გაიმარჯვა... პრესა გასახდელში შევიდა და განაცხადა, რომ მისი სახელი იყო საჩელ პეიჯი. ისინი[ჟურნალისტები] შემოვიდნენ და თქვეს: საჩ, 47 წლის ასაკში არავის მოუგია. რას გრძნობთ თქვენს დაბადების დღეზე გამარჯვების შესახებ?... მან[პეიჯმა] პრესას შეხედა და თქვა: „ბიჭებო, მე ასე არ ვუყურებ ჩემს ასაკს. მე ასე ვუყურებ: რამდენი წლის იქნებოდი, რომ არ იცოდე რამდენი წლის ხარ?“. პრეზიდენტმა პეიჯის ისტორია საკუთარი და პაპ ფრანცისკეს ასაკზე ხუმრობით დაასრულა. „თქვენ 65 წლის ხართ. მე- 60-ის“.
ამდენად, სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ბაიდენისა და პაპ ფრანცისკეს შეხვედრიდან ვიდეო მანიპულაციურად, არასრული კონტექსტით ვრცელდება.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.