2022 წლის 2 მაისს Facebook-მომხმარებელმა ფანტინა გეორგიანმა ჯო ბაიდენის ფოტოსურათის თანხლებით პოსტი გამოაქვეყნა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სურათს თან ერთვის მისი ციტატა:

„შხამი აღწევს ჩვენს დემოკრატიაში... მასიური დეზინფორმაციით. თქვენ, თავისუფალი პრესა, გასული საუკუნის ნებისმიერ პერიოდთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძანდებით. მე ნამდვილად ვგულისხმობ ამას“. ავტორის მტკიცებით, ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ ამერიკული მედია მსოფლიოში დეზინფორმაციას მასობრივად ავრცელებს.

სინამდვილეში, პოსტში გაჟღერებული ინფორმაცია მანიპულაციურია. ამერიკის პრეზიდენტმა სრულიად საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა. მოცემული ციტატა ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე, 30 აპრილს წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტია. სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის განმაპირობებელი ლიბერალური მსოფლიო წესრიგი აშშ-ს საზღვრებს გარეთ პირდაპირი თავდასხმის ობიექტია. თავად შეერთებულ შტატებში კი დემოკრატიას დეზინფორმაციის გავრცელება უქმნის დიდ საფრთხეს.

ბაიდენი მიიჩნევს, რომ მედია არათუ დეზინფორმაციის წყაროა, არამედ პირიქით, მისი ფუნქცია ადამიანთა განათლებაა. აშშ-ს პრეზიდენტმა თავისუფალ მედიას „სიმართლის მცველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკელი ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს თამაშობენ, როგორც შეერთებულ შტატებში დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებაში. ბაიდენმა განაცხადა, რომ კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და წამოწყებული ნგრევის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამერიკელი ჟურნალისტების თავდადების მეშვეობით ვრცელდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებს სიმართლის გავრცელებისთვის საკმაოდ დიდი ფასის გადახდა უწევთ და უკრაინის ომის მიმდინარეობისას საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას არაერთი ჟურნალისტი შეეწირა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პოსტში გაჟღერებული მტკიცება, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკული მედიის მიერ მსოფლიოში დეზინფორმაციის გავრცელება აღიარა, მცდარია.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.