სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჰაერში მოძრავი შავი წრის ფორმის მასაა ასახული, რომელიც პოსტის ავტორის მტკიცებით 5G (მე-5 თაობის) ანტენების მიერ არის გამოწვეული.
პოსტის ავტორი ამ „მოვლენაზე“ დაყრდნობით ასევე ამბობს: „წარმოიდგინეთ, რას უზამს ეს მაღალი ინტენსივობის სიხშირეები ჩვენს სხეულებს, რომლებიც 70% წყალია“.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში წლებია ვრცელდება და ადამიანები მას ხან უცხოპლანეტელებს, ხანაც „ქიმიურ ბილიკს“ (Chemtrail) მიაწერდნენ.
სინამდვილეში, ვიდეოში ასახულ ჰაერში მოძრავ შავ მასას 5G ანტენებთან (ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილ სხვა ვერსიებთან) საერთო არაფერი აქვს და ის რეალურად დიზელის ძრავის წვის შედეგად წარმოქმნილ წრის ფორმის გამონაბოლქვს ასახავს.
ჰაერში მოძრავი „უცნაური შავი წრეების“ შესახებ შემეცნებითი ვიდეო ცნობილი ამერიკული ტელევიზიის History Channel-ის YouTube არხზე გამოქვეყნდა. დიზელის ზოგიერთი ტიპის ძრავა მუშაობის დაწყების დროს დიდი რაოდენობით შავი ფერის გამონაბოლქვს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, როდესაც გამონაბოლქვის გამოტყორცნა ჰაერში ვერტიკალურად ხდება, არსებობს იმის ალბათობა, რომ მსგავსი ტიპის გამონაბოლქვის წრეები (იხილეთ ვიდეო 4:20-დან) წარმოიქმნას. ვიდეოში ახსნილია, რომ მსგავს მოვლენას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დიდი რაოდენობით გამოტყორცნილი ცხელი ჰაერის მასა ატმოსფეროში შედარებით ცივ ჰაერთან მოდის შემხებლობაში.
ინტერნეტში ამ მოვლენის დამადასტურებელი არაერთი ვიდეო იძებნება. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში მთელი პროცესი - ძრავის მუშაობის დაწყებიდან ჰაერში მოძრავი შავი წრიული ფორმის მასის ფორმირების ჩათვლით, ნათლად ჩანს.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ ჰაერში მოძრავი შავი წრიული ფორმის მასა 5G ანტენების მიერ არის გამოწვეული, სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება პოსტში გაჟღერებული კიდევ ერთი მტკიცება, რომ 5G სიხშირე ადამიანის ორგანიზმს აზიანებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
--------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.