სოციალური ქსელის მომხმარებელი „ქაროსა ნი-მ“ ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის აღწერით ირკვევა, რომ ვიდეოში მოსაუბრე პირი, ფრანგი მოხალისე ერვან კასელი, რომელიც „2014 წლიდან იბრძოდა დონბასის პოლიციაში”, დონბასში არსებულ მდგომარეობაზე ჰყვება. კასელის თქმით, დასავლური მედია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ფეიკ-ნიუსების სახით ავრცელებს და ცრუ ისტერიკას ქმნის. მამაკაცი ასევე საუბრობს იმაზე, რომ მარიუპოლში „ნაციონალისტი რადიკალები და უკრაინელი ჯარისკაცები “მოსახლეობას სახლების დატოვების უფლებას არ აძლევენ და რომ უკრაინელები დონბასში მცხოვრებ “რუსულ, პრორუს და რუსულენოვან” მოსახლეობას გენოციდს უწყობს.
აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე სტატიის სახით, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ РИА Новости-მაც (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) გამოაქვეყნა.
მტკიცება: უკრაინულ მხარეს სჯერა, რომ დონბასში რუსები, პრორუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა არის მოსახლეობა, რომელიც უნდა განადგურდეს არა სამხედრო გაგებით, არამედ გენოციდის გაგებით. ყოველივე გენოციდის ხასიათს ატარებს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
უკრაინული მხარის გენოციდში დადანაშაულება რუსული სახელისუფლებო მედიის მხრიდან სიახლეს არ წარმოადგენს. კრემლი წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა, საერთაშორისო ასპარეზზე, დონეცკსა და ლუგანსკში გენოციდის მოწყობაში უკრაინის ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ამ ბრალდებით, რუსეთი მის მიერ 2014 წელს ჩადენილ სამხედრო აგრესიის გამართლებას ცდილობდა. კრემლი უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის მიზეზადაც ამავე გზავნილს იყენებს.
2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“. მსგავსი განცხადება პუტინმა 2021 წლის დეკემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“.
სინამდვილეში, დონბასის რეგიონში გენოციდის დამადასტურებელი ფაქტები რუსეთს არც ერთ საერთაშორისო ფორმატში (გაერო, ეუთო, საერთაშორისო სასამართლოები, სხვ.) არ წარმოუდგენია. გაერო-ს მიერ შემუშავებული განმარტების მიხედვით, გენოციდი არის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ან მთელი ხალხის განადგურება პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური მიზეზების გამო. გენოციდად ითვლება არა მხოლოდ მკვლელობა, არამედ ასეთი ჯგუფის წევრებისთვის სხეულის მძიმე ან ფსიქიკური ზიანის მიყენება, ასეთ ჯგუფში შობადობის განზრახი შეზღუდვა, ბავშვების იძულებით გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში. ამ ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებისთვის გათვლილი საცხოვრებელი პირობების შექმნა.
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დროს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ომის დაწყების შედეგად, გაეროს მონაცემებით, 3000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7000-მდე დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან, კონფლიქტის დროს და მის შემდეგ, ადამიანის უფლებები კონფლიქტის ყველა მონაწილემ დაარღვია, არ არსებობს საფუძველი უკრაინის ხელისუფლება ან მისი შეიარაღებული ძალები გენოციდში დაადანაშაულონ. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მოსკოვის ბრალდებას დაადასტურებს.
ამასთან, 23 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი ვითარება არ არის გენოციდი. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელიც გენოციდად არ მიიჩნევს იმას, რაც დონბასში ხდება. ჟურნალისტის საპასუხოდ, ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ, თქვა, რომ „ეს არის ის, რასაც ბაშარ ალ-ასადი სირიაში აკეთებს, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა. დონბასში მსგავსი არაფერი მომხდარა“. პუტინის შეფასებას დონბასში გენოციდის შესახებ ასევე არ ეთანხმება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 2022 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას შოლცმა პუტინის მხრიდან უკრაინის გენოციდში დადანაშაულებას „სასაცილო“ უწოდა.
ის ფაქტი, რომ პუტინი და კრემლი ნამდვილად ვერ ამტკიცებენ, რომ დონბასში გენოციდი მოხდა, იმითაც დასტურდება, რომ რუსეთს გაერო-ს გენოციდის პრევენციის ოფისისთვის ან სხვა საერთაშორისო ინსტიტუტისთვის ოფიციალურად არასდროს მიუმართავს.
კრემლი გენოციდს, როგორც სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის საბაბს, ან როგორც საზღვარგარეთ სამხედრო ძალების გამოყენების მიზეზს, დიდი ხანია იყენებს. რუსეთმა გენოციდის ბრალდება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრისთვისაც გამოიყენა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით რუსეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ კონფლიქტის პერიოდში ცხინვალის რეგიონში 162 ადამიანი დაიღუპა და არა ათასობით, რასაც კრემლისტური პროპაგანდა ამტკიცებდა.
2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.
ომის დაწყებიდან მალე, 2 მარტს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და რუსული ჯარის უკრაინის ტერიტორიებიდან, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდან, გაყვანას. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 141-მა წევრმა სახელმწიფომ, წინააღმდეგი იყო 5 სახელმწიფო (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერითრეა) და თავი შეიკავა 35-მა.
მიუხედავად რუსული მხარის პოზიციისა, რომელიც ამტკიცებს, თითქოს უკრაინა დონბასში გენოციდს სჩადის, საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებებით დგინდება, რომ უკრაინაში ომის დანაშაულებს სწორედ რუსეთის ფედერაცია სჩადის.
ჯერ კიდევ 17 მარტს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს “ომის კრიმინალი” უწოდა და რუსეთის ქმედებები უკრაინაში შეაფასა როგორც „სამხედრო დანაშაული“. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა 23 მარტს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. „დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობის შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს”,- ვკითხულობთ ბლინკენის განცხადებაში.
ამ განცხადებებს მოჰყვა გენერალური ასამბლეის 24 მარტის რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ, სადაც გაერომ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ: „ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, მათ შორის, თავდასხმებს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ჯანდაცვის ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე“.
30 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაული უწოდა და განაცხადა: „რუსეთის მიერ განხორციელებული განურჩეველი თავდასხმები უკრაინის დასახლებულ ტერიტორიებზე არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს“.
ამავდროულად, არაერთი ღია წყარო, მათ შორის, Bellingcat-ი, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი, მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალებისა და მოწმეთა დაკითხვის საფუძველზე ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ამასთან, იყენებენ მეთოდებს, რომლებიც არღვევს ომის კანონებს.
რუსული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი, რომელიც CNN-თან ინტერვიუში ამბობს: „მარიუპოლის no.3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან“.
Amnesty International-მა პირდაპირ მოუწოდა რუსეთს განურჩეველი თავდასხმების შეწყვეტისაკენ - რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ განურჩეველი თავდასხმები ომის კანონების დარღვევით. მიუღებელია ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა არაზუსტი ფეთქებადი იარაღის გამოყენება, რაც იწვევს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილსა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებას“.
ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინული მხარე დონბასში გენოციდს აწყობს, ფაქტებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში, არაერთი სახელმწიფო და ორგანიზაცია ერთხმად ადასტურებს, რომ ომის დანაშაულებს რუსეთის ფედერაცია სჩადის.
მტკიცება: „ნაციონალისტი რადიკალები და უკრაინელი ჯარისკაცები“ მარიუპოლის მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
პრორუსული პროპაგანდა ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად ავრცელებს ცრუ ნარატივს, თითქოს უკრაინული ჯარები ქალაქში მცხოვრებთ საცხოვრებლის დატოვების უფლებას არ აძლევს, რადგან მათ ცოცხალ ფარად იყენებს. კონკრეტული ნარატივი აქტიურად გავრცელდა ქალაქ მარიუპოლთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ყალბი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მედიების უმეტესობამ, მათ შორის ნაკლებად ცნობილმა ონლაინ სააგენტოებმაც, გაავრცელეს: sm.news, Channel One, Arguments of the Week, Vzglyad, Moscow Komsomolets, TASS.
ქალაქი მარიუპოლი ომის დაწყებიდან რუსული შეიარაღებული ჯარების თავდასხმის ერთ-ერთი ცენტრალური ობიექტი გახდა. 24 თებერვლიდან დღემდე, საპორტო ქალაქში განადგურდა შენობების 90% და დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია. ამასთან, ქალაქი ფაქტობრივად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა: ქალაქი კვირების განმავლობაში ალყაშია მოქცეული, მოქალაქეები საკვების, წყლის, მედიკამენტების, გათბობისა და სატელეფონო კომუნიკაციების გარეშე არიან დარჩენილები. ქალაქში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფოთა ლიდერები თუ ცალკეული წარმომადგენლები მარიუპოლზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ.
მარიუპოლის ალყაზე აქცენტი გაკეთდა, გაერთიანებული ერების მიერ 24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციას ალყაში მოქცეული ჰყავს უკრაინის მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, კერძოდ კი მარიუპოლი. „ვგმობთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის - უკრაინის მჭიდროდ დასახლებული ქალაქების, კერძოდ მარიუპოლის, ალყაში მოქცევას, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს. ასევე თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე, მათ შორის - ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, კერძოდ - სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე, წყლისა და სანიტარულ სისტემებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, მათ სატრანსპორტო საშუალებებსა და აღჭურვილობაზე, ადგილობრივი ოფიციალური პირების გატაცებას, ასევე დიპლომატიურ შენობებსა და კულტურულ ობიექტებზე თავდასხმებს“- ვკითხულობთ რეზოლუციაში. ნიუ იორკში 24 მარტს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ, 38-მა თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ.
2 მარტს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებდა, რომ რუსული ძალები მოქალაქეებს ქალაქის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. უკრაინის ხელისუფლება მარიუპოლის ბლოკადის დასაწყისად სწორედ ამ თარიღს, 2 მარტს ასახელებს. 4 მარტს, მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქს საკვების მარაგი ეწურებოდა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისთვის სამხედრო დახმარებაც მოითხოვა.
რუსულ-უკრაინულ მხარეებს შორის შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე ნამდვილად შედგა. 5 მარტს, შეთანხმების თანახმად, მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გახსნილიყო ზაპოროჟიეს მიმართულებით, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო პირებს ქალაქის დატოვების საშუალება მიეცემოდათ. ცეცხლის შეწყვეტის გარანტორად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც (ICRC) გამოდიოდა. შეთანხმების თანახმად, უკრაინის დროით 09:00 საათიდან 16:00 საათამდე ადგილობრივები ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორების მეშვეობით შეძლებდნენ ქალაქის დატოვებას და ამ პროცესის პარალელურად, ცეცხლიც უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა, ევაკუაციის პროცესის გამოცხადებიდან 3 საათში, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მისი გადადების შესახებ განაცხადეს, აღნიშნეს რა, რომ რუსული მხარის მხრიდან დაბომბვა გრძელდებოდა. შედეგად, ევაკუაციის პროცესი ჩაიშალა.
6 მარტს ევაკუაციის ჩაშლის შესახებ განაცხადა წითელმა ჯვარმაც და აღნიშნა, რომ მარიუპოლში „ადამიანთა ტანჯვის დამანგრეველი სცენები“ მიმდინარეობს. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის შეთანხმებული რამდენიმე ათეული მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
13 მარტს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მარიუპოლში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილებისთვის „დრო იწურება“. „ისტორია სასტიკად შეაფასებს იმას, რაც ახლა ხდება მარიუპოლში, თუკი მხარეები შეძლებისდაგვარად სწრაფად ვერ შეთანხმდებიან“, - წერია ICRC-ის განცხადებაში.
მომდევნო დღეებში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მარიუპოლიდან პირველი ევაკუაციის წარმატებული პროცეს განხორციელდა. მარიუპოლის დატოვება 14 მარტს 160 მანქანის კოლონამ და დაახლოებით 300 ადამიანმა მოახერხა, ხოლო 15 მარტს 2000 მსუბუქმა ავტომობილმა.
გარდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქალაქეების ევაკუაციისა, უკრაინულმა მხარემ რუსეთი მარიუპოლის ათასობით მცხოვრებლის რუსეთში „ევაკუაციის საფარველით“ უკანონო დეპორტაციაში დასდო ბრალი, მას შემდეგ რაც რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საევაკუაციო ავტობუსებს“ მარიუპოლიდან რუსეთში ასობით ადამიანი გაჰყავდა.
აღსანიშნავია, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების და ქალაქში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის სურვილი საფრანგეთმა, თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად გამოთქვა. პრეზიდენტმა მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებაც დაიწყო, თუმცა პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადების მიხედვით, „უახლოეს დღეებში რუსული არმიის მიერ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლების დასახმარებლად ჰუმანიტარული ოპერაციისთვის ჩასატარებლად აუცილებელი პირობები ამ ეტაპზე“ არ არსებობდა.
პირველ აპრილს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) განაცხადა, რომ უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების მიერ „უმაღლეს დონეზე“ დამტკიცდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. თუმცა, მოგვიანებით, ICRC-მა პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) გუნდმა მარიუპოლამდე ვერ მიაღწია და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გახდა ზაპოროჟიეში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ, უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩიუკის ცნობით, შაბათს, 2 აპრილს ჰუმანიტარული კორიდორებით (მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან) 4 217 -ის, ხოლო 3 აპრილს (მარიუპოლიდან და ლუგანსკის რეგიონიდან) 2964 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.
ოფიციალური განცხადებებთან ერთად, საერთაშორისო მედიაში დროდადრო მარიუპოლიდან წამოსული ადამიანების ინტერვიუებიც ვრცელდება, რომლებიც მარიუპოლში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ. BBC-ზე ვხვდებით მოქალაქესთან ინტერვიუს, რომელმაც მარიუპოლიდან გაქცევა მოახერხა. მისი თქმით, ქალაქში „მუდმივი დაბომბვაა. ძირითადად სარდაფში ვართ. დღისით რაღაცნაირად სახლიდან გავდივართ, სარდაფებშიც არაა უსაფრთხო. წყალი მთავრდება, წყალს ვასხამთ სისტემაში, ვადუღებთ და ისე ვსვამთ, ბავშვებს ვაჭმევთ... მოროდიორობენ. რუსმა სამხედროებმა მაღაზიები, ფული გაიტანეს, რადგან საკვები არ ჰყოფნით... გამოსვლა მოვახერხე, მაგრამ ახლა ეგ შეუძლებელია. სადაც რუსები დგანან, იქ მხოლოდ ოკუპირებული დონეცკისკენ გიშვებენ. უკრაინის მხარეს აღარავის უშვებენ. კაცებს საერთოდ არსად უშვებენ“.
მარიუპოლიდან გამოსვლის სირთულეებთან დაკავშირებით, Financial Times-თან ისაუბრა უკრაინელმა ჟურნალისტმა ანა რომანენკომ. რომანენკოს თქმით, ევაკუაციის შემდეგ მარიუპოლელები ახალი საფრთხის წინაშე დადგნენ - გაყვანისას რუსი ოკუპანტები ამოწმებენ, ისინი „სანდოები არიან, თუ - არა“, ასევე, ამოწმებენ სოციალურ ქსელებს, რათა „რაიმე ანტირუსული იპოვონ“. მისივე სიტყვებით, ოკუპანტებმა შემოწმებისას მისი მეგობარი ქალაქ ნოვოაზოვსკში გაგზავნეს, რომელსაც თავად აკონტროლებენ - ნოვოაზოსკში ის დაკითხეს, წაართვეს უკრაინული პასპორტი და როსტოვში გაუშვეს. ჟურნალისტს მეგობრის შესახებ ამ დღის შემდეგ არაფერი სმენია.
გარდა იმისა, რომ რუსულმა მხარემ არაერთხელ ჩაშალა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქში სამოქალაქო ობიექტებზეც მიიტანეს შეტევა, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 9 მარტს, რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის სამშობიარო სახლი, რის შედეგადაც დაიღუპა სამი პირი და დაშავდა 17 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდართან კავშირი უარყო. 16 მარტს კი რუსეთმა საჰაერო დარტყმა განახორციელა მარიუპოლის დრამატული თეატრის მიმართულებით, რომელსაც 1200-მდე ადამიანი აფარებდა თავს. შემთხვევას ემსხვერპლა 300 ადამიანის სიცოცხლე. მარიუპოლის სამშობიარო სახლზე რუსეთის შეარაღებული ძალების თავდასხმა დაადასტურა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმაც. „მარიუპოლის no.3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან”- განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა CNN-თან ინტერვიუში. 20 მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსებმა მარიუპოლში ხელოვნების სკოლის შენობა დაბომბეს, სადაც 400-მდე მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, თავს აფარებდნენ.
აღსანიშნავია, რომ რუსული ნარატივის საპირისპიროდ, რომ თითქოს უკრაინელი მებრძოლები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ და მათ უკრაინული ქალაქების დატოვების შესაძლებლობას არ აძლევენ, პირველ აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები სამხედრო შეიარაღების კოლონების გადაადგილებისას უკრაინელ ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ. უწყების ცნობით, შემთხვევები დაფიქსირდა სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს რეგიონებში. ბავშვების ტყვედ აყვანა ოკუპანტებისთვის გარანტიაა, რომ მოსახლეობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და შესაბამის სამსახურებს მათი გადაადგილების კოორდინატებს არ მიაწვდის.
მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებს 21 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნები საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და რუსეთის „ომის მასობრივ დანაშაულში“ დასდო ბრალი. „რაც მარიუპოლში ხდება, ომის მასობრივი დანაშაულია, ყველაფრის დანგრევა, დაბომბვა და ყველას ხოცვა“,- განაცხადა ბორელმა.
ამდენად, ვიდეოში ვინმე ფრანგი მოხალისე ერვან კასელის მიერ გავრცელებული მტკიცება, თითქოს უკრაინელი სამხედროები სამოქალაქო მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელ მოსახლეობას რუსეთის მხრიდან „გათავისუფლება“ ესაჭიროება. უფრო მეტიც, ფაქტები მეტყველებს, რომ სწორედ რუსული მხარე უშლიდა ხელს მოსახლეობას მარიუპოლიდან ევაკუაციაში და თავს ესხმოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ დასავლური მედია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციულად, „ფეიკ-ნიუსებად“ ავრცელებს, ასევე არ არის ახალი ნარატივი. უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის დაწყებიდან და რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან კონცენტრირების შემდეგ, რუსეთის სამთავრობო უწყებები და პრორუსული მედიები აქტიურად პროპაგანდირებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებდა და დასავლური მედია ცრუ ისტერიკას ქმნიდა.
----------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.