რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსი ოფიციალური პირები უკრაინაში სამოქალაქო პირებზე თავდასხმის ფაქტებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან თავდასხმა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ხორციელდება.

ჯერ კიდევ 25 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „თავდასხმა არ ხორციელდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე... არავინ აპირებს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმას“.

17 მარტს მარიუპოლის თეატრის შენობაზე თავდასხმის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „ბრალდება იმის შესახებ, რომ რუსეთმა თეატრი დაბომბა, არის ტყუილი“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ოფიციალური კრემლის მტკიცება, რომ რუსულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობა არ ჰყავთ მიზანში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 22 მარტს CNN-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს კვლავ „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და უარყო რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა. მისი თქმით, სინამდვილეში, რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს დაესხა თავს.

ამ განცხადებების მიუხედავად, საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეული დასავლური ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით მტკიცდება, რომ რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ობიექტებს და შესაბამისად, მისი ქმედებები შესაძლო ომის დანაშაულებს წარმოადგენს.

ჯერ კიდევ 17 მარტს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს “ომის კრიმინალი” უწოდა და რუსეთის ქმედებები უკრაინაში როგორც „სამხედრო დანაშაული“ ისე შეაფასა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა 23 მარტს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან. „დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობის შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს”,- ვკითხულობთ ბლინკენის განცხადებაში. უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე რუსეთის თავდასხმას მასიური ომის დანაშაული უწოდა ჟოზეფ ბორელმაც, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში.

რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დაარღვიეს ომის კანონები ჩერნიგოვში, ხარკოვსა და კიევში. ეს გულისხმობს გაუპატიურებას, ძალადობას და მუქარას მშვიდობიან მოსახლეობის მიმართ, რის გამოც ისინი პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულებზე.

ამ განცხადებებს მოჰყვა გენერალური ასამბლეის 24 მარტის რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ, სადაც გაერომ დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ: „ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, საჰაერო შეტაკებებს, დაბომბვასა და ბლოკადას, თავდასხმებს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით მარიუპოლში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ჯანდაცვის ობიექტებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და ჟურნალისტებზე“.

30 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაული უწოდა და განაცხადა: „რუსეთის მიერ განხორციელებული განურჩეველი თავდასხმები უკრაინის დასახლებულ ტერიტორიებზე არღვევს საეთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაეროს განცხადების თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის ობიექტებზე 31 თავდასხმა დააფიქსირა. უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმებს G7-ის ჯანდაცვის მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივანმა ხავიერ ბესერამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაში დაგმო. „მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის - ჯანდაცვის დაწესებულებებზე და მუშაკებზე მიზანმიმართული თავდასხმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავდროულად, არაერთი ღია წყარო, მათ შორის, Bellingcat-ი, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი, მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალებისა და მოწმეთა დაკითხვის საფუძველზე ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ამასთან, იყენებენ მეთოდებს, რომლებიც არღვევს ომის კანონებს. რუსული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი, რომელიც CNN-თან ინტერვიუში ამბობს: „მარიუპოლის no.3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან“.

რუსეთს განურჩეველი თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდი: „რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ განურჩეველი თავდასხმები, რაც ომის კანონების დარღვევით ხდება“.

მიუხედავად რუსული მედიისა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული მტკიცებისა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს (საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, სამოქალაქო ობიექტად ითვლება ყველა დაწესებულება, გარდა სამხედრო ობიექტებისა) არ ესხმის თავს, სინამდვილეში, 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით, რუსულმა სამხედრო ძალებმა შეტევა განახორციელეს და დააზიანეს/გაანადგურეს სულ მცირე 4 431 საცხოვრებელი შენობა, 378 საგანმანათლებლო დაწესებულება, 138 ჯანდაცვის დაწესებულება, 98 ქარხანა და საწყობი უკრაინაში. Bellingcat-ი გვთავაზობს ამ შემთხვევების ინტერაქციულ რუკას, სადაც ასახულია შემთხვევები, რომლებმაც მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენეს ზიანი.

ამას გარდა, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დილის 4 საათიდან 2022 წლის 25 მარტის შუაღამის 24:00 საათამდე (ადგილობრივი დროით), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისიამ დააფიქსირა ომის შედეგად 1104 დაღუპული (აქედან 51 ბავშვი) და 1754 დაშავებული (აქედან 70 ბავშვი) მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინაში.

„ფაქტ-მეტრმა“ თავი მოუყარა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში სამოქალაქო ტერიტორიასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევებს ომის დაწყებიდან დღემდე.

● 17 მარტს რუსული შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში და დაბომბეს სამოქალაქო ობიექტი. მარიუპოლის თეატრის შენობა, რომელსაც 1200-მდე ადამიანი აფარებდა თავს, რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს. შემთხვევას ემსხვერპლა 300 ადამიანის სიცოცხლე. თეატრის შენობის წინა და უკანა მხარეს იყო გამაფრთხილებელი წარწერა - “ბავშვები” (“дети”) - რუსულ ენაზე. მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს CNN.

● როგორც Amnesty International-ი იუწყება, 26 თებერვალს რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიხოვის საბავშვო ბაღზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 47 მშვიდობიანი მოქალაქე. ვიდეო მტკიცებულებების გადამოწმებისა და ანალიზის საფუძველზე, Amnesty International-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ეს სავარაუდოდ რუსული საჰაერო თავდასხმა იყო, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა მინიმუმ რვა უმართავი საჰაერო ბომბი (dumb bombs). შემთხვევის ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე არ დასტურდება სამხედრო ობიექტის არსებობა. 28 თებერვლის სატელიტური სურათებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, თავდასხმის დროს მსხვერპლთა უმრავლესობა შენობის გარეთ საკვების რიგში იდგა.

● 9 მარტს საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებულ სამშობიაროზე რუსეთმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი და გარდაიცვალა 3, მათ შორის ერთი ორსული ქალი ნაყოფთან ერთად. მომხდარს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ოფიციალური განცხადებებით. „მარიუპოლის მე-3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან“- აცხადებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი CNN-თან ინტერვიუში.

რუსეთის საელჩოს მტკიცებას ტვიტერზე, რომ მარიუპოლის საავადმყოფო შეტაკების დროს არ იყო ფუნქციური, გამოეხმაურა Bellingcat-ის დამფუძნებელი ელიოტ ჰიგინსი, რომელმაც ტვიტერს მოუწოდა მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები წაეშალა. პოსტს გამოეხმაურა Bellingcat-ის მკვლევარი ერიკ ტოლერი, რომელმაც რუსეთის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი უწოდა. მოგვიანებით, ტვიტერმა აღნიშნული პოსტი წაშალა, ხოლო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემული ინფორმაციის გავრცელება ტვიტერის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა (Hateful Conduct, Abusive Behavior).

● Amnesty International-ის თანახმად, 3 მარტს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, რუსულმა მხარემ ხარკოვში თავდასხმა გარეთ წყლის ასაღებად გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებზე განახორციელა. დაიღუპა მინიმუმ 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ერთი ბავშვი, დაშავდა კიდევ 16 ადამიანი. მომხდარი ვიდეო კადრებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

● 25 თებერვალს უკრაინის ქალაქ ოხტირკაში რუსეთის მიერ კასეტური ბომბების სკოლამდელი დაწესებულების შენობაზე გამოყენების შედეგად გარდაიცვალა უკრაინის სამი მოქალაქე, მათ შორის - ერთი ბავშვი. შემთხვევის ადგილზე დრონით გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ კასეტური ბომბი სულ მცირე შვიდ ადგილას - შენობაზე და მის მახლობლად, დაეცა. კადრებში ასევე ჩანს ორი დაშავებული ან გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე და სისხლის გუბეები.

Amnesty International-მა მოიპოვა დამატებითი 65 ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც უფრო დეტალურად ასახავს შემთხვევის ადგილებს, დაშავებულებსა და დაზიანებულ სკოლას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ენიჭებათ სპეციალური დაცვის სტატუსი, თუ ისინი სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენება. კონფლიქტის მხარეებს მოეთხოვებათ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რომ არ მოხდეს ამ ტიპის დაწესებულებების დაზიანება. Amnesty International-ის გამოძიებული შემთხვევებიდან კი რუსეთის მიერ სკოლებზე თავდასხმის დროს არც ერთი მათგანი არ გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის.

● როგორც Amnesty International-ი იუწყება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში რუსმა სამხედროებმა სამჯერ განახორციელეს თავდასხმა მშვიდობიანი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მათ შორის ვულედარში, ხარკოვსა და უმანში. დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულებს შორის იყო ექვსი ჯანდაცვის მუშაკი. რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები დაადასტურა Human Rights Watch-მა. ხოლო Amnesty International-მა დაადგინა, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო 9M79 ბალისტიკური რაკეტა, რომლის აფეთქება ვრცელდება სამიზნიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებითაც და არ უნდა იქნას გამოყენებული დასახლებულ ტერიტორიებზე. ასევე, დაზიანების მასშტაბები მიუთითებს, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო სარაკეტო საბრძოლო მასალები.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე