COVID-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახა. პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა.
სიღარიბე ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი (19.5%) აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის მაღალი წილი ძალზედ მოწყვლადია და სიღარიბის ზღვარს მხოლოდ მცირედით ცდება. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებული გავლენა სიღარიბის ზღვართან მყოფ მოსახლეობაზე იქონია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე 1.8 პროცენტული პუნქტით, 21.3%-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 69 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
გრაფიკი 1: აბსოლუტური სიღარიბის დონე
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სიღარიბის დონე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში არის გაზრდილი, თუმცა განსაკუთრებით მაღალია ბავშვთა სიღარიბე. 0-17 წლის ბავშვებისა და მოზარდების 26.4% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ეს მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდში 24.4% იყო.
პანდემიის პერიოდში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სიღარიბის მიმართ უფრო მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი 23.7%-დან 27.5%-მდე გაიზარდა. ცხოვრების დონე საქალაქო დასახლებებშიც გაუარესებულია, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც სოფლად.
გრაფიკი 2: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პანდემიის პერიოდში გაცემულმა სოციალურმა ტრანსფერებმა სიღარიბის ზრდის ტემპი გარკვეულწილად შეანელა, თუმცა სიღარიბის დონე მაინც მკვეთრად გაიზარდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას. ამასთან, კრიზისის პერიოდში სოციალური დაცვის ღონისძიებები არ იყო საკმარისი. შესაბამისად, სიღარიბის დონის მკვეთრი მატება გარდაუვალი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) შინამეურნეობების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენას რეალურ დროში აკვირდებოდა. კვლევის თანახმად, „2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში შინამეურნეობების 53%-ს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში შინამეურნეობების 37.4%-ს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში - შინამეურნეობების 16.1%-ს. 2021 წლის ნოემბერში კი საშუალო თვიური შემოსავალი შინამეურნეობების 8.8%-ს შეუმცირდა“. შემოსავლის შემცირების მთავარ მიზეზად COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ძირითადი გარემოება დასახელდა - კომპანიას/ბიზნესს, რომელშიც მუშაობდა ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს, შეუმცირდა მოთხოვნა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე საყოველთაო კარანტინისა და მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების პერიოდში შინამეურნეობების ნახევარზე მეტს შეუმცირდა შემოსავლები, თუმცა შემდგომ პერიოდშიც, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები შემსუბუქდა, შინამეურნეობების გარკვეულ ნაწილში შემოსავლების შემცირების დინამიკა გაგრძელდა.