„ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, შეზღუდული შესაძლებლობების, ავადმყოფობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.“ - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 25.

ათასობით ოჯახი სახიფათო სახლებში

ბათუმში მცხოვრები ადამიანების გარკვეული ნაწილი ამ უფლებას ვერ იყენებს. მრავალი წელია, რაც ისინი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ და ხელისუფლებას, დახმარების თხოვნით, არაერთხელ მიმართეს. თუმცა დრო გადის, მათი საცხოვრებელი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად სახიფათო ხდება და ჯანმრთელობის/სიცოცხლის დაკარგვის საფრთხეც იზრდება. 2021 წლის ოქტომბერში კი, ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შემდეგ, როცა საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. სოციალური ქსელების საშუალებით, არაერთმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებლის ფოტოები და ვიდეო გაავრცელა, რომლებიც ცხადყოფდა, რომ ისინი მართლაც სახიფათო სახლებში ცხოვრობენ. მედიასაშუალებები საკითხს მუდმივად აშუქებენ და ადგილობრივი და რეგიონის ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე, როდის და რა რესურსით აპირებენ ისინი ამ ადამიანების პრობლემის მოგვარებას. სახიფათო სახლების შესახებ სტატია „ფაქტ-მეტრმაც“ გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ავარიული სახლის სტატუსი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, აქვს 140-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს, რომლებშიც 1 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. თუმცა რიცხვი გაცილებით დიდია. შარშან ხელისუფლება ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებას დაჰპირდა. 2025 წლის ჩათვლით პერიოდში, როგორც რეგიონის მთავრობა ამბობს, 3 000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა მოგვარდება.

ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცებულია

პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ აქტიურად საუბარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა (იმ დროს - მერობის კანდიდატმა) სწორედ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ დაიწყეს. არაერთი საცხოვრებლის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა კი უკვე წლებია, რაც არსებობს. მაგალითად: რურუას ქუჩაზე მცხოვრებმა სამოცდათორმეტმა ოჯახმა სახლი მას შემდეგ დაცალა, რაც იქ ახალი საშიშროება გაჩნდა. როგორც გაირკვა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ კორპუსის ავარიულობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაადგინა, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობა სახიფათო კორპუსში ცხოვრებას აგრძელებდა. მსგავსი არაერთი ფაქტი „ფაქტ-მეტრმა“ პირადად აღმოაჩინა, როცა ზემოთ ნახსენებ სტატიაზე მუშაობდა. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს, მერიას დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ, უსაფრთხო საცხოვრებელში გადაჰყავს და ქირას უხდის.

გასული წლის ოქტომბერში თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა, რომ ოთხწლიან პროგრამაზე, რომელიც ავტონომიური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდება, ჯამში 80 მლნ ლარის გახარჯვა იგეგმება. ავარიული სახლების დემონტაჟის, რეაბილიტაციის, გამაგრებისა და მშენებლობის მიზნით, 18 მლნ ლარი ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტში გაიწერა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ქალაქის მერიამ პროგრამის კონკრეტული ინდიკატორები არ მიუთითა, რაც მის განხორციელებას ხელს შეუშლის (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნების წინ, რეგიონის მთავრობასთან ერთად, ახალ პროექტზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ირაკლი ღარიბაშვილიც ალაპარაკდა. პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე თქვა, რომ ბათუმში აღნიშნული პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. 29 მარტს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამა ოფიციალურად დაამტკიცა.

ახალი პროგრამის ძველი მიზნები

პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ მიზანია ავარიული შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა, მათი ჩანაცვლება თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება. პროგრამაში მონაწილე მხარეები კი არიან აჭარის ა/რ მთავრობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, საფინანსო ორგანიზაციები და იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები).

აჭარის ა/რ მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ თუ მოვალეები ვერ შეასრულებენ საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემულ საკრედიტო ვალდებულებას, თვითონ შეიძენს 1 კვ.მ-ს არაუმეტეს 1 700 ლარად. ფაქტობრივად, ის ბიზნესის გარანტორია საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ბათუმის მერია, თავის მხრივ, საჭირო ღონისძრიებების გატარებით (მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის საჭირო ვადის მინიმალიზაცია და სხვა) უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას. საფინანსო ორგანიზაციები დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს, ხოლო იურიდიული პირები ავარიული სტატუსის მქონე შენობებს მესაკუთრეებისგან გამოისყიდიან, საფინანსო ორგანიზაციებთან დაფინანსების თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ და აჭარის მთავრობასთან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

მიზნობრივი პროგრამაში მონაწილეობისთვის, დეველოპერმა უნდა დაადასტუროს, რომ ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არა ნაკლებ 500 კვ.მ-ს და მასზე განლაგებულია ავარიული შენობა-ნაგებობები.

თორნიკე რიჟვაძემ პროგრამას უპრეცედენტო უწოდა. თუმცა შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო, ოღონდ მაშის სხვა სახელი ერქვა: „არასტანდარტული-არასათანადო საცხოვრისების ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა“. იმ დროს აჭარის ა/რ თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იყო.

თუ 2014 წელსა და 2022 წელს დამტკიცებულ მიზნობრივ პროგრამებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მიზნები, მონაწილე მხარეები და მათი როლები, ფაქტობრივად, ერთნაირია. ახალი პროგრამის წინამორბედმა ოთხ წელს იარსება, 2019 წლიდან კი ბიუჯეტი ამოიწურა და პროგრამა შეწყდა. საინტერესო ისაა, რომ იმ პერიოდში ბათუმის ყველაზე მიმზიდველი ადგილებით ინვესტორები ისედაც დაინტერესებული იყვნენ. ამიტომ არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციას ჰქონდა კითხვა, რატომ ხორციელდებოდა პროექტი სწორედ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მათი მოსაზრებით, რეგიონისა და ქალაქის ხელისუფლების ჩართულობის მიზანი სწორედ დეველოპერების ბათუმის გარეუბნების განაშენიანებით დაინტერესება უნდა ყოფილიყო.

2018 წელს აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო სტუდია Rec-მა იმუშავა და რამდენიმე ყურადსაღები გარემოება აღმოაჩინა. მაგალითად: პროგრამის ფარგლებში კომპანიამ აითვისა ტერიტორია, სადაც ბარაკული ტიპის შენობები არ იდგა. სამაგიეროდ, იყო ორი კაპიტალური საცხოვრებელი და ავტოსამრეცხაო. ასევე ავტოფარეხი, რომელშიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის (პროგრამის დასაწყისში ის რეგიონის პირველი პირი იყო, საგამოძიებო ფილმზე მუშაობის დროს კი - საქართველოს პარლამენტის წევრი), არჩილ ხაბაძის და ცხოვრობდა. თავის სახლს კი, რომელიც იმავე არეალში მდებარეობს, კომერციულ ფართად იყენებდა. ამ ტერიტორიაზე კომპანიამ მრავალბინიანი კორპუსი ააშენა და რა თქმა უნდა, ფართი არჩილ ხაბაძის დამაც მიიღო. ამ და სხვა გარემოებათა, მათ შორის, K2 კოეფიციენტის გაზრდის (რომლის მოსაკრებლისგანაც პროგრამაში მონაწილე დეველოპერს მერია ათავისუფლებდა) არაერთი ფაქტის გამო, პროგრამის მიმართ მრავალი კითხვა გაჩნდა. ბათუმის ქაოსურ განაშენიანებაში, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პროგრამამ თავისი წვლილი შეიტანა.

უპრეცედენტო პროგრამის უფრო შორეული წინაპარი

თუმცა პროგრამის ისტორია არც 2014 წელს დაწყებულა, ის კიდევ უფრო ძველია, სათავეს წინა ხელისუფლების დროს, 2008 წლიდან იღებს, როცა მას „ბათუმი ბარაკების გარეშე“ ერქვა. როგორც ირკვევა, სწორედ იმ დროს, არჩევნების წინ, არაერთ ოჯახთან ხელისუფლებამ მემორანდუმი გააფორმა და დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ, ბარაკების ნაცვლად, ახალაშენებულ კორპუსებში იცხოვრებდნენ. ახალი საცხოვრებელი რამდენიმე ოჯახმა მართლაც მიიღო, თუმცა - არა ყველამ. 2012 წელს კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, პროგრამის განხორციელება საერთოდ შეჩერდა. წინამორბედი ახალს პროექტის გაგრძელებას სთხოვდა. მან ოპონენტების თხოვნა არ გაითვალისწინა, თუმცა არჩევნებამდე მოსახლეობას თავისი, სახელშეცვლილი პროგრამა დაუანონსა.

ასე რომ, არჩევნების წინ უსაფრთხო საცხოვრებლით მოქალაქეების უზრუნველყოფის დაპირება „ქართული ოცნების“ ნოუჰაუ არაა. პროგრამის ფარგლებში ყოველ ჯერზე „რაღაც გაკეთდა“, თუმცა დღემდე ათასობით ადამიანი სახიფათო სახლებში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რაც შეეხება ახალ პროგრამას, ფაქტ-მეტრი მის განხორციელებას დააკვირდება და თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

ფოტო: on.ge


მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი