2021 წლის 8 ოქტომბერი ბათუმში ტრაგედიის დღედ იქცა. 26 მაისის ქუჩაზე №13 სახლის შვიდსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო, რომელშიც თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობდა, დაახლოებით 11.30 წუთზე მოულოდნელად ჩამოინგრა. ნანგრევებში ათი ადამიანი მოყვა, მათ შორის, არასრულწლოვანები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მრავალსაათიანი მუშაობის შემდეგ, ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ერთს მკურნალობა უტარდება, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 8 ოქტომბრის საღამოს უკვე ცნობილი გახდა, რომ ტრაგედიას ცხრა მსხვერპლი ჰყავს. აქედან სამი - ბავშვი.
მოქალაქეების შეგნების იმედად დატოვებული სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები
„ფაქტ-მეტრმა“ სცადა, გაერკვია, ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საცხოვრებელი სახლის სარდაფსა და პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელმაც, სავარაუდოდ, კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია. საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია სამი პირი: ერთი ბინის მესაკუთრე და ორი მის მიერ დაქირავებული ადამიანი, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამმართველოს ცნობით, ბინის მეპატრონის მითითებითა და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით მუშაობდნენ. კერძოდ, მათ სახლის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები მოშალეს. ამის გამო, კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა და სახლი ჩამოშალა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მძიმე შედეგი მოჰყვა.
გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, მედიასთან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, გამოსაკითხ პირთა წრე გაიზარდოს.
ეს რაც უკვე დამდგარ შედეგს მოჰყვა. თუმცა საინტერესოა, არის, თუ - არა მომხდარზე პასუხისმგებელი რომელიმე სახელმწიფო უწყება.
ნახევრად ნათქვამი სათქმელი
ჩვენთან საუბარში მეზობლები ჰყვებოდნენ, რომ 26 მაისის №13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიმართ პროტესტი გამოხატეს და მუნიციპალურ ინსპექციასაც მიმართეს. თუმცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ მედიასთან განმარტა, რომ მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, ავარიულობასთან დაკავშირებით, მისთვის არავის მიუმართავს, საჩივარი არ ყოფილა. ოფიციალური შეტყობინება არც ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში შესულა.
ამავეს ამტკიცებენ შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეები კი, უმეტესად, კითხვებს გაურბიან. შიგადაშიგ არიან ისეთებიც, რომლებიც პრივატულ საუბრებში ყვებიან, რომ ტრაგედიის დღეს, დილით, სამუშაო ადგილზე მისულმა ხელოსნებმა კარი ვერ გააღეს, რადგან უკვე სიმძიმე აწვებოდა და გაიჭედა. ამიტომ ხელსაწყოები დაყარეს და გაიქცნენ. მეორე, გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მეზობელი გვიმხელს, რომ წინა დღით მაღალი ვიბრაცია იყო, 8 ოქტომბერს დილით კი ჭერიდან და კედლიდან საღებავი ჩამოიყარა. სერიოზულ საფრთხედ მაინც არ აღუქვამს. რამდენიმე საათში კი სამსახურში მყოფმა გაიგო, რომ 13 ნომერში მთელი სადარბაზო ჩაინგრა. კამერების წინ ასეთ დეტალებზე საუბარს მაინც ერიდებიან.
„ფაქტ-მეტრმა“ ეს კითხვები ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაუსვა. მისმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ არანაირი შეტყობინება ამ კონკრეტული მისამართიდან არ შესულა. თუმცა არ იცის, მიმართეს, თუ - არა სხვა მისამართიდან, ვთქვათ, გვერდითა სადარბაზოში მცხოვრებლებმა: „ასეთი არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული ამ კონკრეტული მისამართიდან. სახლში, ბინაში ვერავის ვერ შევუვარდებით, თუ მეზობელი არ უჩივის. გააჩნია, რა საკითხია. ან პოლიცია ერთვება, ან სხვა შესაბამისი უწყება. მაგალითად, თუ რემონტს ატარებს მეზობელი და ხმაურობს. არის ასეთი შეტყობინებებიც. თუ გარედან ფასადზეა მიშენება, ფანჯარას, კარს ან კორპუსის ფერს ცვლის, ან ტროტუარს ზღუდავს და სხვა, ამაზე შეტყობინებაც არ გვჭირდება, იმიტომ რომ თანამშრომლები მორიგეობენ, უბნების მიხედვით არიან განაწილებული და ყოველდღიურად აკონტროლებენ, მაგრამ შიდა სარემონტო სამუშაოებში მუნიციპალური ინსპექცია ვერ შედის, თუ კონკრეტული შეტყობინება ან საჩივარი არ მოვიდა“.
ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ მერიისგან სამშენებლო ნებართვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ, რადგან სხვა კვლევისთვის დაგვჭირდა. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე ნებართვა გაცემულია ორჯერ - 2018 და 2019 წლებში. თუმცა ცხრილში მითითებული არ იყო, რას ითხოვდა ნებართვის მაძიებელი.
ამის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს, მირიან მეტრეველს დაუკავშირდა. „2017 წელს არის შეთანხმებული შიდა ეზოს მხრიდან ლიფტის მოწყობაზე. ეს იყო მსუბუქი რკინის კონსტრუქციის ლიფტი და არ იყო ჩაშენებული შენობაში. მაშინდელ დოკუმენტაციაში ჩანს, რომ შენობის მდგრადობაზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას. ამის ნებართვის ვადის გაგრძელებები მოხდა 2018-2019 წლებში. რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს არის პირველი კლასის პროექტი, რომელსაც ნებართვა არ სჭირდება, გარე ფასადზე, პირველ სართულზე ფანჯრის ნაცვლად ვიტრაჟის მოწყობა. ვიტრაჟის მოწყობები ბევრია ამ ქალაქში და გაიცემა ეს კონსტრუქციული დასკვნის, სათანადო გამაგრებების საფუძველზე, რასაც მერია სთხოვს მოქალაქეებს და ასევე, წერილში მაინც განუმარტავს, რომ უნდა დაიცვან მშენებლობისას კონსტრუქციულ დასკვნაში მითითებული მოთხოვნები, რაც ისედაც მათი ვალდებულებაა. ჩამონგრევის მომენტში ვიტრაჟის სამუშაოები არ იყო ნაწარმოები. ეს ფაქტია. როგორც გამოძიება საუბრობს, შიგა სამუშაოების დროს რაღაც გამოაცალეს და ეს მაშინ მოხდა. ჩვენთან სარდაფისა და პირველი სართულის გაერთიანებაზე არ იყო არც მომართული და არც - პროექტი შეთანხმებული. ჩემი ინფორმაციით, ორ ბინას აერთიანებდა და შუაში კედელი გამოიღო. საჯარო რეესტრისთვის ჰქონდა მიმართული და ეს დაუხარვეზა საჯარო რეესტრმა. გარდა იმისა, რომ ბოლოს, 2020 წლის თებერვალში, ჩვენთან პირველი კლასის დოკუმენტაცია შეთანხმდა ვიტრაჟის მოწყობაზე, სხვა მომართვა არ ყოფილა. წესით, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები სპეციალისტებს იწვევენ და მათ ატარებინებენ [შიგა] სარემონტო სამუშაოებს. დაუდევრობით შესაძლებელია პრობლემა შეიქმნას. თუ მოქალაქე ამას დამალავს და გამოანგრევს, ამან შეიძლება დააზიანოს შენობა. მოქალაქეები თუ მიმართავენ მერიას დარღვევის შესახებ, ბუნებრივია, მოხდება რეაგირება. რამდენადაც ვიცი, ასეთი მიმართვა არ ყოფილა. პირადად ჩემი სამსახურის მიერ რაც იყო გაცემული, ის იყო სრული კანონის დაცვით. სხვა რა გააკეთა და რომელ სამსახურს ეხებოდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში მირიან მეტრეველმა. ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.
მერიას - არა, მაგრამ 2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით (№882021850936) მიმართა შპს „გეოს“ დირექტორმა ეთერ ქათამაძემ, ხოლო დაინტერესებული პირია ზაურ ბუდატოვი. განმცხადებელი მოითხოვს, რომ რეესტრმა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოახდინოს. განცხადებაში მითითებულია, რომ განმცხადებელმა წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზები, სართულის გეგმა და კრების ოქმიც. მომსახურების ვადა ოთხი დღეა.
საჯაროო რეესტრმა კანონით გათვალისწინებულ ოთხ დღეში, 8 ოქტომბერს, განმცხადებელს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია. ეს მოხდა 18.33 საათზე, ტრაგედიიდან ექვსი საათის შემდეგ.
ისევ მეზობლის ნათქვამიდან ვიგებთ, რომ მისი ოჯახის ასაკოვან წევრს რაღაც ფურცელზე ხელი ისე მოაწერინეს, რომ არც კი იცოდა, ხელს რას აწერდა. მას ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამ კრების ოქმი უნდა ყოფილიყო, რომელიც დაინტერესებულმა პირმა შემდეგ საჯარო რეესტრში წარადგინა. კომენტარზე ისიც უარს გვეუბნება.
ხელისუფლებისა და სახელმწიფო უწყებების განმარტებები მიანიშნებს, რომ მსგავსი კანონდარღვევები, რომლებიც ტრაგედიის საფუძველი ხდება, მოქალაქის შეგნებისა და პასუხისმგებლობის საკითხია, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან ანთაძე. „არ მუშაობს მერია. ამ კონკრეტულ ობიექტზე, როგორც გავიგე, ნებართვა გაცემულია ფასადის ცვლილებაზე. რეესტრში შეტანილი ჰქონდა განცხადება ორი ფართის გაერთიანებაზე. მეზობლებმა მითხრეს, რომ ვიბრაციის გამო სპეციალისტები გამოძახებული ჰყავდათ, დასურათებულიც არის და შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია. ბათუმში ისეთი რამე ხდება, რომ ეჭვიც არ მეპარება, ასე იქნებოდა. შვიდი კორპუსი ისე აშენდა უნებართვოდ, ვერ შეაჩერეს. ბულვარში ნებართვა ოთხსართულიან შენობაზე იყო გაცემული, მერე თექვსმეტიანი გახდა და ახლა ერთი სართული უნებართვოდ დაემატა. საერთოდ, რა საჭიროა ზედამხედველობის სამსახური, რას აკეთებს? რა თქმა უნდა, მერის და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. როცა ისეთ გარემოს ქმნი, რომ ამ ქალაქში, განსაკუთრებით, მშენებლობის კუთხით, „ყველაფერი მოსულა“, ასეთი ტრაგედიები მოხდება“.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 9 ოქტომბრის საღამოს დასრულდა, მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან მეცხრე დაღუპული ამოიყვანეს. მომხდარ ტრაგედიას სულ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, აქედან სამი - ბავშვი. ერთი ადამიანი კი საავადმყოფოშია.
საცხოვრებელი დატოვეს ჩამოშლილი სადარბაზოს მომიჯნავე კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმაც. ნაწილი მერიამ სასტუმროებში განათავსა, ნაწილმა კი თავი ნათესავებს შეაფარა. ამ ეტაპზე უცნობია, ემუქრება, თუ - არა ჩამონგრევა მათ კორპუსებსაც. ამას ექსპერტიზა დაადგენს.
ინფორმაციისთვის: ბათუმის მერიამ მუნიციპალური ინსპექცია 2019 წელს შექმნა. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ ამ ორგანიზაციის შექმნით, ქალაქში კანონდარღვევები შემცირდებოდა. 2020 წელს, პანდემიის დროს, ინსპექციამ ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საქონელი შეიძინა. მის ბალანსზე იმ დროს უკვე ათზე მეტი სატრანსპორტო საშუალება ირიცხებოდა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
თუმცა კანონდარღვევებმა არ იკლო. უფრო მეტიც: რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც 2011 წელს ნებართვა სადგურის მშენებლობაზე გაიცა, შპს „მეტრო ტერმინალმა“ შვიდი კორპუსი უნებართვოდ ააშენა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კიდევ ორი კორპუსი შენდება. მერია ამბობს, რომ კომპანია დააჯარიმა. თუმცა „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ დაჯარიმებულ კომპანიას მიწა და მშენებლობა არ ეკუთვნის და იმ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ ახორციელებს.
ფოტო: მახო დარუბანდელი