იტვირთება

სარეკლამო რგოლებსა და ბანერებზე ასახული ბათუმის მიღმა არაერთი ოჯახის გაუსაძლისი ყოფა იმალება. ათასობით ადამიანი ყოველდღიურად შიშსა და ხიფათში ცხოვრობს. ისინი საკუთარ სახლებში ფეხაკრეფით დადიან და ჭერსა თუ კედლებზე გაჩენილ ბზარებს თვალით ზომავენ.

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ, როცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩაინგრა, ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგედიამ ადამიანებს საკუთარი საცხოვრებლების მიმართ შიში კიდევ უფრო გაუღრმავა.

სახლის ჩამონგრევის შემდეგ, ბათუმის მერია და მის მიერ შექმნილი სამსახურები აცხადებდნენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, რადგან საცხოვრებლის შიგნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი მათი ვალდებულება არაა, თუ სამსახურში შეტყობინება არ შევა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს, რომ ასეთ შემთხვევებში, პასუხისმგებლობა თვითონ მოქალაქეებს ეკისრებათ. ამ პოზიციას - აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არ იზიარებენ. ისინი თვლიან, რომ ქალაქში მშენებლობები და სარემონტო სამუშაოები, თითქმის ყოველთვის, რეგულაციების დარღვევით, უნებართვოდ ან უკანონო გარიგებების საფუძველზე მიმდინარეობს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ნგრევა და შენება ნებართვით თუ უნებართვოდ

აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ არაერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელებში ავარიული სახლების ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი სულ უფრო ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას, რომ მათი საცხოვრებელიც ავარიულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს თვითონაც ტრაგიკულად დაღუპული თანაქალაქელების ბედი გაიზიარონ.

ბათუმელებმა facebook-ზე გვერდიც შექმნეს, რომელსაც „სახიფათო სახლები ბათუმში“ დაარქვეს. ადამიანები საკუთარი საცხოვრებლების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებენ. ამ საჯაროდ გამოტანილი ამბებიდან ირკვევა, რომ ზოგის საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის დროს დაიბზარა და დაზიანდა, რადგან მერიამ ნებართვის გაცემისას სახლებს შორის მანძილი არ გაითვალისწინა. მოქალაქეების ნაწილის საცხოვრებელში კი, ქაოსურად და რეგულაციების დარღვევით მიმდინარე მშენებლობების გამო, მზის შუქი ვეღარ აღწევს, არ არის პარკინგი, არც - ეზო, სკვერი თუ სხვა სახის საჯარო სივრცე. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ კორპუსებამდე, ხანძრის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურის ტექნიკა ვერ აღწევს. სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა მომატებულ დატვირთვაზე გათვლილი არაა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სულ მალე გარკვეული პრობლემები ელექტრომომარაგების კუთხითაც შეიქმნება.

ფაქტია, რომ მოქალაქეებს უკმაყოფილებისა და შიშისთვის არაერთი მიზეზი აქვთ, ხელისუფლების პასუხი კი ერთია - დაპირება, რომ მომავალში პრობლემა მოგვარდება. მაგალითად, 8 ოქტომბრის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა, რომ ბათუმის მერიასთან ერთად, სამთავრობო პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელებას იწყებს. „ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ, ერთი მხრივ, გავაუმჯობესოთ იქ მაცხოვრებელი ოჯახების პირობები და მეორე მხრივ, ვიზრუნოთ ქალაქის იერსახეზე. რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო მოცულობას, ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით დაიხარჯება 80 მლნ ლარზე მეტი. უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიისა და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე, ორი წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.

ბათუმის მერიის მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის 2 500-მდე ნებართვა გაიცა. აქედან უმეტესობა - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. ის, რომ ბათუმი უსისტემოდ და ქაოსურად შენდება, ხელისუფლებამ თვითონაც აღიარა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებლები სწორედ ამ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შედეგად დაზიანდა. გარდა ამისა, არაერთი საცხოვრებელი სახლი სიძველის გამო ინგრევა, თუმცა იქ მცხოვრებ ოჯახებს, უსახსრობის გამო, მათი შეკეთება არ შეუძლიათ.

ჩვენ ავარიულ სახლებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს პირადად ვესაუბრეთ. ისინი ამბობენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიამ მათი პრობლემა ვერ გადაჭრა.

ზუბალიშვილის ქუჩის №20-ში მდებარე ოთხსართულიან კორპუსს საფრთხე პირველი სართულისა და სარდაფის კომერციულ ფართად გადაკეთებისას შეექმნა. ქალბატონი გვთხოვს, ვინაობა არ დავასახელოთ, თუმცა ამბავს გვიყვება: „ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. ერთი მხარე გამაგრდა მხოლოდ. მეზობელი გადასახლდა აქედან, შეეშინდა, რომ ჩამოინგრეოდა. ბზარებია ყველგან. პირველ სართულზე კომერციული ფართი გააკეთა ერთმა მეზობელმა და ჩვიდმეტი „კამაზი“ გაიტანა აქედან, ამოთხარა ყველაფერი. მაშინ დავრბოდით მერიაში მაგაზე და გაამაგრეს ერთი მხარე, მაგრამ ზემოთ როგორც იყო ბზარები, ისევ ისეა. სახურავიც საშინელ მდგომარეობაშია. რომ ანგრევდა, გამოვიქეცი, რა ხდება-მეთქი და გავგიჟდი, რომ ვნახე, იმხელა ნგრევა იყო. მაგრამ დიდი აბრა ჰქონდა გამოკრული, ნებართვა მაქვსო. [გვერდით სადარბაზოში] მეორემ დაიწყო ნგრევა. ყველა დავდიოდით, ვჩხუბობდით. მერიაც იყო მოსული. ამ დღეებშიც იყვნენ, მაგრამ ვერ გავიგეთ, რას აპირებენ.“

რთულ ვითარებაშია 9 მარტის ქუჩის №3-ში მცხოვრები ოჯახი. „ოთხ-ნახევარი თვეა, რაც ქირით ვცხოვრობთ. ბინის ქირას მერია იხდის. ჩვენ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ჩვენ ზემოთ სართულზე კიდევ ერთი ოჯახია, მაგრამ ისინი მოსკოვში ცხოვრობენ. მერე რა ბედი გვეწევა, არ ვიცით. თვითონაც ვერაფერს გვეუბნებიან. შეიძლება ინვესტორი მოვიდესო, მაგრამ არაფერი არ ვიცით. ერთი წლის შემდეგ რა იქნება, ვერ გვეუბნებიან, არაფერს არ გვპირდებიან. ოთხსულიანი ოჯახი ვართ, სახლში ვიყავით, რომ ჩამოინგრა, არც საცხოვრებელი და არც ნივთები არაფრად ვარგა. კონტრაქტი თუ არ გაგვიგრძელეს, ჩვენ გადახდის შესაძლებლობა არ გვაქვს, სოციალურად დაუცველები ვართ. არც ალტერნატიული საცხოვრებელი არ გაგვაჩნია. ვიცით, რომ მერიას საბინაო ფონდი აქვს, მაგრამ არაფერი შემოუთავაზებიათ“, - გვითხრა რაისა ორეხოვამ.

ბერიძის ქუჩის №20-ში მდებარეობს ავარიული სახლი, რომელშიც ლეილა სვანიშვილი ცხოვრობს. მერიამ ეს იცის, თუმცა ოჯახი სახიფათო სახლში ცხოვრებას განაგრძობს. „ამ სიტუაციაში ვართ რამდენი წელია. სახლი ინგრევა. გვერდით საცხოვრებელიც ავარიულია. მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა ამასწინათ და გოგო ჩამოვარდა. კარგია, რომ გადარჩა, მაგრამ თუ რამე ზომები არ მიიღეს, მთლიანად ჩამოგვეშლება საცხოვრებელი. განცხადება არის მერიაში. ქვები ცვივა ზემოდან. ყოველ წელს ვწერთ განცხადებას, გვპირდებიან, რომ შეაკეთებენ. მოვლენ-წავლენ. ამ ზამთარს რომ თოვლი მოვიდეს, ვეღარ გადავრჩებით“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენი ავარიული სახლია აღრიცხული ბათუმში, რამდენ მათგანზე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და რას სთავაზობს მერია სახიფათო სახლებში მცხოვრებ ოჯახებს.

პასუხის თანახმად ირკვევა, რომ 2014 წლის 17 იანვრიდან დღემდე, მერიაში, მიმდინარე მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის თაობაზე (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ) სულ რეგისტრირებულია 429 განცხადება. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, დასკვნა 405 ავარიულ სახლზეა გაცემული. იხ დანართი 1 excel-ის ცხრილის სახით.

რაც შეეხება ავარიულ სახლებს, რომლებშიც ადამიანები მრავალი წელია, ცხოვრობენ, ბათუმის მერიას ასეთი 71 სახლი აქვს აღრიცხული. იხ დანართი 2 excel-ის ცხრილის სახით.

როგორც მერიიდან მოგვწერეს, 2019 წლიდან დღემდე, ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადებებისა და საინჟინრო ექსპერტიზის საფუძველზე, ქირით თხუთმეტი ოჯახია გაყვანილი. დანართი 3 დანარჩენები ცხოვრებას კვლავ სახიფათო სახლებში განაგრძობენ და საკუთარ განაჩენს ელოდებიან.

ფოტო:civil.ge


მსგავსი სიახლეები

3472 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი