ფაქტ-მეტრი ბათუმში არსებული „ოცნების ქალაქის“ გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე 2016 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ. ამჯერადაც თემას იქ მცხოვრები მოქალაქის თხოვნით ვუბრუნდებით.
„ოცნების ქალაქში“ თვითნებურად ჩასახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ 2021 წლის მარტში დაწერა. მაშინ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებდა, რომ კარკასის ნაწილში, სამუშაოების 70% შესრულებულია. პროექტი 2021 წლის 13 ივლისს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა მშენებლობის ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა. კომპანია, რომლის შესახებაც ჩვენ კვლევა 2020 წლის მარტში გამოვაქვეყნეთ, სამუშაოების შეფერხების მიზეზად პანდემიას ასახელებდა.
პროექტის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. სწორედ ის და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დაწყების მომენტს. ისინი იქ მცხოვრებ მოსახლეობას ერთად დაპირდნენ, რომ ჩვიდმეტ თვეში ახალ საცხოვრებელს მიიღებდნენ. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 582 ოჯახზე. პანდემიით გამოწვეული შემაფერხებელი გარემოების გათვალისწინებით, პროექტის პირველი ეტაპი 2021 წლის ბოლოს მაინც უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში გასული წლის ივნისში შეტანილი ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადა სწორედ დეკემბერში იწურებოდა. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია.
დღევანდელი მდგომარეობით, ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანიას სამუშაოები არ დაუსრულებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შპს „დაგს“ პირგასამტეხლო დაეკისრა. ამ ეტაპზე მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 23 272 905 ლარს შეადგენს, რაც პროექტის მთლიანი ღირებულების (38 620 856 ლარი) 60%-ია.
„ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულები დღემდე ცდილობენ, გაარკვიონ, ვის შეხვდება ბინა პირველ ეტაპზე. სამთავრობო კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიან, კრიტერიუმებზე მუშაობას მშენებლობის დაწყებიდან მალევე შეუდგა. ერთი წლის წინ ჩვენ დავინტერესდით, როდის გაირკვეოდა ბენეფიციარების ბედი. მაშინ გვითხრეს, რომ კრიტერიუმებს უახლოეს მომავალში საბოლოოდ დაადგენდნენ. 2021 წლის თებერვალში თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან თვითონაც განაცხადა, რომ კომისია კრიტერიუმებზე მალე შეჯერდებოდა და ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა.
2021 წლის მარტში კრიტერიუმების შესახებ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერიდან, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესაც ვკითხეთ. სტუდიაში ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „ოცნების ქალაქის“ თავმჯდომარე მარინა ბერიძე იმყოფებოდა. ის დაინტერესდა, როდის გაიგებდნენ ბინის მომლოდინე ოჯახები კონკრეტულ პასუხს მათთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. ზუსტი ინფორმაცია ვერც ამჯერად მივიღეთ, თუმცა გავარკვიეთ, რომ პროცესი დასასრულისკენ მიდიოდა.
თუმცა იმ პასუხებიდან ერთი წლის შემდეგაც, კრიტერიუმები უცნობია. „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული ორი ათასამდე ოჯახი დღემდე გაურკვეველ ვითარებაშია. არაერთი აქციის მიუხედავად, მათ ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, ვინ შესახლდება პირველ სამ კორპუსში.
რა ეტაპზეა მშენებლობა და როდის გაირკვევა კრიტერიუმები საბოლოოდ - ამ კითხვით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ ტერიტორიაზე არ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, რომლის პროექტირება/მშენებლობის კუთხით სამინისტრო შპს „ბათუმის წყალსა“ და საკონსულტაციო კომპანია MACS-თან ერთად აქტიურად მუშაობს. ასევე, უწყების დაკვეთით, საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორი კომპანიები ამზადებენ ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელების ტექნიკური პირობის დოკუმენტს, რის შემდეგაც მშენებელი კომპანია „დაგი“ გარე საინჟინრო ქსელების დაერთების წერტილებს მონიშნავს. მშენებლობის დასრულებისთვის კომპანიას დამატებითი ვადა მიეცა. სამინისტრო განმარტავს, რომ პროექტის განხორციელების ვადებზე გავლენა კოვიდპანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, უწყების პასუხის თანახმად, პროცესი დასკვნით ეტაპზეა, კომისიამ მუშაობა თითქმის დაასრულა და მალე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ოცნების ქალაქის“ თავმჯდომარემ ფაქტ-მეტრს უთხრა, რომ რეგიონის მთავრობის დაპირებას უკვე სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, არც იმის იმედი აქვს, რომ პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება და დასახლებაში მცხოვრები ყველა ოჯახი ახალ ბინას მიიღებს. „არანაირი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. გვითხრეს, [582 ოჯახს] გაზაფხულზე შევასახლებთო. მერე გვეტყვიან - ზაფხულშიო, მერე - შემოდგომაზეო... უკვე მოლოდინიც არ მაქვს. აქამდე ვერ დაადგინა სახელმწიფომ, რა კრიტერიუმით უნდა შესახლდეს 582 ოჯახი, რა ბედი ელოდებათ დანარჩენ ოჯახებს. მოსახლეობის ნაწილს არ გვჯერა, რომ პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება. ახლა მშენებლობაც შეჩერებულია. გვეუბნებიან, შეფერხებააო. რაღაც ხარვეზია [შესრულებულ სამუშაოებში] და ამბობენ, არაფერიაო. ჩემი თხოვნაა, სანამ არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, სანამ არ გაირკვევა... ადამიანებს საფრთხის შეგრძნება ხომ არ უნდა ჰქონდეთ, შვილებთან ერთად რომ შესახლდებიან. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი კრიტერიუმია დადგენილი, რომელსაც ხშირად ახსენებენ - უსახლკაროები. ამ კრიტერიუმში არ ითვალისწინებენ მრავალშვილიან, გასაყოფ ოჯახებს, ომის ვეტერანებს... ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ამასწინათ ახსენა, თექვსმეტი კატეგორიაო და არაფერი ამდაგვარი. რაღაც ფარატინა ქაღალდები გვანახეს. ხომ უნდა იყოს რამე საბუთი. ამდენი წელია, მუშაობენ და არაფერი არ აქვთ [დადგენილი]. რაღაც ორმოები გააკეთეს და შლანგები ჩაყარეს. [სამი მშენებარე კორპუსიდან] მხოლოდ ერთია დასრულებული“, - გვითხრა მარინა ბერიძემ.
მშენებარე ობიექტის ხარისხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე გაჩნდა. ამის შესახებ ზემოთ ნახსენებ სტატიაში ჩვენც ვწერდით. მაშინ მშენებარე კორპუსის ერთ-ერთ სართულზე კედელი ჩამოიშალა. უწყებამ მიზეზად ბეტონის მარკის შეუსაბამობა დაასახელა. თითქმის დასრულებულ ობიექტზე არსებული ხარვეზების შესახებ, „ბათუმელებმა“ დაწერა. კომპანიამ ჟურნალისტს განუმარტა, რომ ხარვეზი ვიზუალურია და კონსტრუქციულ ნაწილთან არანაირი შეხება არ აქვს.
რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება სამინისტრომ უკვე შეისყიდა. შპს „ნიუ სითი დეველოფმენთმა“ ვალდებულება 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ღირებულება 991 200 ლარს შეადგენს.
ფოტო: 1tv.ge