22 მარტს Facebook-გვერდმა „სინამდვილეში“, რომელიც გვერდის აღწერის თანახმად, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილი პლატფორმაა, 22 მარტს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეკა გიგაურის განცხადება „სიცრუედ“ შეაფასა. Facebook-პოსტი გვერდმა დაარეკლამა.

აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ Twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება: @GeorgianDream41 is sponsoring an Ad against our Executive Director @katgigauri. („ქართული ოცნება“ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, წინააღმდეგ რეკლამას ასპონსორებს):

Twitter-ზე გამოქვეყნებულ აღნიშნულ განცხადებას Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ გამოეხმაურა და მანიპულაციად შეაფასა:

„"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ტვიტერით ავრცელებს მანიპულაციურ ინფორმაციას, თითქოს "ქართული ოცნება" ფარულად აფინანსებს ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიმართულ სტატუსს.

#სინადვილეში, ფეისბუკის გვერდი "სინადვილეში" არის "ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალური პროექტი (რაც თავად გვერდზეა მითითებული და "საერთაშორისო გამჭვირვალობისთვისაც" კარგად ცნობილი), რომელიც ამხელს ჩვენს მიმარათ გავრცელებულ ყალბ ამბებს. ეს მხილება ჩვენ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიასთან მიგვაქვს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 22 მარტს "მთავარის" ეთერში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გააგრძელა "ნაციონალური მოძრაობის" დეზინფორმაციული კამპანია და ხელისუფლებას ნეიტრალიტეტის თემის დატესტვა დააბრალა.

რუსეთის აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით გაძლიერდა ჰიბრიდული ომი საქართველოს ხელისუფლების და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რომლის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირება და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევაა.“

Facebook-გვერდი „სინამდვილეში“-ს მოცემული პოსტი მცდარ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ის წერს, რომ „"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ტვიტერით ავრცელებს მანიპულაციურ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ ფარულად აფინანსებს ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიმართულ სტატუსს“, რაც რეალობას არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ თავად „სინამდვილეში“-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ტვიტის ე.წ. ანაბეჭდზე (screenshot) არსადაა მითითებული, რომ „ფარულად“ ფინანსდება.

ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ ეკა გიგაურის შესახებ პოსტი დარეკლამებული იყო, არც თავად „სინამდვილეში“ უარყოფს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი არსად აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიმართულ სტატუსს ფარულად აფინანსებს, არამედ მხოლოდ დარეკლამების ფაქტს ასახელებს. გარდა ამისა, აღნიშნულ ამბავს თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ Twitter-ზე ხელახლა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ არსად განუცხადებიათ, რომ „ქართული ოცნება“ პოსტს ფარულად ასპონსორებდა, პირიქით, ორგანიზაციის თანახმად, მათ სწორედ ის აღნიშნეს, რომ მმართველმა გუნდმა პოსტი ღიად დაარეკლამა.

შესაბამისად, „სინამდვილეში“-ს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადების მანიპულაციად შეფასება იმ მტკიცებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართულ ოცნებას“ „ფარულ დაფინანსებას“ აბრალებს, მცდარია.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე