შპს „აგრო დეკორ სერვისი“, რომელიც არაერთ სახელმწიფო შესყიდვაშია გამარჯვებული, 1996 წელს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერით, მისი დირექტორი და ერთპიროვნული წარმომადგენელი ლევან ჭანუყვაძეა. ბოლო ამონაწერის თანახმად ის დირექტორის პოზიციას აღარ იკავებს, თუმცა კომპანიის 100%-იანი წილის მმართველად რჩება.

კომპანია სახელმწიფო ტენდერებში 2011 წლიდან მონაწილეობს. დღევანდელი მდგომარეობით, სამოცდაათამდე ტენდერიდან, რომლებშიც გაიმარჯვა, უმეტესობაში კონკურენტი არ ჰყოლია. რამდენიმე შემთხვევაში კი გამარჯვება კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

„ფაქტ-მეტრმა“ შპს „აგრო დეკორ სერვისს“ ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ მისი 100%-იანი წილის მმართველი ლევან ჭანუყვაძე, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ ხელმძღვანელობდა. მას მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორის პოზიცია უკვე აღარ უჭირავს. თუმცა საინტერესოა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში „აგრო დეკორ სერვისმა“ არაერთ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა შპს „აგრო დეკორ სერვისთან“ არაერთი კონტრაქტი გააფორმა. ანუ მუნიციპალური ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც ჭანუყვაძე იყო, მრავალწლიან და ერთწლიან მცენარეებს, ტყეკაფვასა და მებაღჩეობასთან დაკავშირებულ პროდუქტს ყიდულობს ჭანუყვაძისავე კუთვნილი კომპანიისგან. შესყიდვები ძირითადად 2018 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ჭანუყვაძე მერიის ორგანიზაციაში დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. მხოლოდ ამ ერთ შემსყიდველთან შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ 652 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელის პოზიციიდან წასვლის შემდეგ, ჭანუყვაძე მის კუთვნილ კომპანიაში დირექტორად არ ფიქსირდება, თუმცა „აგრო დეკორ სერვისის“ მოქმედმა დირექტორმა, 2018 წელს, ერთ-ერთი შესყიდვის ფარგლებში, ნოტარიულად გააფორმა მინდობილობა და ჭანუყვაძეს გადასცა ყველა უფლება, რომ ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ბათუმის მერიაში, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ნებისმიერ სამსახურში, მათ შორის, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე თვითონ ჭანუყვაძე ხელმძღვანელობდა. საუბარია ამ მუნიციპალური ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც „აგრო დეკორ სერვისი“ ერთადერთი მონაწილე იყო და 402 950-ლარიანი ხელშეკრულება მიიღო.

„აგრო დეკორ სერვისის“ პროდუქტის შემსყიდველები არიან ასევე სხვა მუნიციპალური ორგანიზაციები: ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის კორპუსი, ქობულეთის გამწვანება, აგროსერვის ცენტრი და სხვა. კომპანიასთან არაერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სსიპ „ბათუმის ბულვარსაც“. კომპანიას მიღებული აქვს, ჯამში, 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით გააფორმა.სახელმწიფო ტენდერები, რომლებშიც შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ გაიმარჯვა იხილეთ დანართში.

ფოტო: Georgian Travel Guide