2022 წლის 3 მარტს, Facebook-მომხმარებელმა - კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი - სოციალურ ქსელში მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, კორონავირუსის ანტიგენ (სწრაფ) ტესტებში მომწამლავი ნივთიერებებია აღმოჩენილი. ინფორმაციას წყაროდ ინგლისურ და გერმანულენოვან წყაროებს ურთავს:

2021 წლის ნოემბერში ტოქსიკოლოგებმა სწრაფი ტესტის გამოყენების შემდეგ მოწამვლის პირველი ფაქტები დაადასტურეს. შემთხვევები სახლში გამოყენებადი სწრაფი ტესტების (COVID-19 at-home tests) არასწორად მოხმარების შემდეგ დაფიქსირდა.

ანტიგენის სწრაფი ტესტის კომპლექტი შედგება ჩხირისგან, სინჯარისგან, ტესტის დაფისა და თხევადი რეაგენტისგან. ჯანდაცვის ორგანოების ინსტრუქციის მიხედვით, ტესტირების ეტაპები ასეთია:

• ჩხირით ცხვირიდან ნაცხის აღება

• თხევადი რეაგენტის სინჯარაში მოთავსება

• ჩხირის მოთავსება რეაგენტიან სინჯარაში

• სინჯარიდან სითხის ტესტის დაფაზე მოთავსება

როგორც დადგინდა, ანტიგენის ზოგიერთი ტესტის თხევადი რეაგენტი მომწამლავი ნივთიერების, ნატრიუმის აზიდის, მცირე რაოდენობას შეიცავს. ტესტის არასწორად გამოყენების შემთხვევაში კი სითხე ადამიანის კანზე ან ორგანიზმში ხვდება, რაც ინტოქსიკაციას იწვევს. სინამდვილეში, ჩხირი, რომელიც ადამიანის ცხვირში თავსდება, მომწამლავ ნივთიერებას არ შეიცავს და შეუძლებელია მან ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, ფრთხილად გამოიყენონ ტესტირების ნაკრები, მოარიდონ ისინი ბავშვებს და შინაურ ცხოველებს. სასურველია სითხე მოთავსდეს დახურულ ადგილას და არ შეახონ პირს, თვალებსა და ცხვირს. გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი იზოლირება და სახლის გარეთ არსებულ ნაგვის ურნაში მოთავსება. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით ტესტირების ნაკრების ხსნარით ინტოქსიკაცია მინიმუმამდე დაიყვანება.

ამრიგად, კუპრაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს სრულ კონტექსტს, რამაც საზოგადოება შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს. ტესტირების ნაკრების ის კომპონენტი, რომელიც მომწამლავ ნივთიერებას შეიცავს, ადამიანის ორგანიზმში სწორად გამოყენების შემთხვევაში არ ხვდება.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.