ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ქართველებს ვენახების გაჩეხას აიძულებდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: 2007-2010 წლებში მაშინდელი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა“) „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში, ბიუჯეტიდან ჯამში 1.559 მლნ ლარი დაიხარჯა და სულ 924 ჰექტარი ვაზი გაიჩეხა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ და, ამასთანავე, მისი საღვინედ გამოყენება კანონმდებლობითაც აკრძალულია. შესაბამისად, სააკაშვილმა ვაზი კი არ გაჩეხა, ჰიბრიდული -უხარისხო ჯიშის ჩანაცვლების პროგრამა განახორციელა.
გარდა აღნიშნულისა, რუსულმა ემბარგომ ყურძენზე მოთხოვნა შეამცირა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ჭარბი ვენახების თავადაც გაჩეხა. სწორედ ამ ქმედებებმა განაპირობა, რომ 2004-2014 წლის პერიოდში, საქართველოში ვაზის ფართობი 4 ათასი ჰექტრით, 37 ათასიდან 33 ათასამდე შემცირდა (აქედან თითქმის 1000 ჰექტარი დასახელებული პროგრამის ფარგლებში გაიჩეხა). 2020 წლის მონაცემებით, ვაზი უკვე 41.2 ათას ჰექტარზეა გაშენებული, რაც ისევ და ისევ ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე რუსული ემბარგოს გაუქმებით (2013 წელი) არის განპირობებული. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე კვლავ შევიდა და, შესაბამისად, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა და მოსახლეობამ ვენახების გაშენება ისევ დაიწყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი
მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიერთების ჭრილში ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და, აღნიშნულ კონტექსტში, სააკაშვილის ხელისუფლების „დამსახურებაზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: სააკაშვილი ქართველებს ვენახების გაჩეხას აიძულებდა“.
„ფაქტ-მეტრმა“ დასახელებული განცხადება გადაამოწმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2007-2010 წლებში მაშინდელი მთავრობა („ნაციონალური მოძრაობა“) „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში, 2007-2008 წლებში, ფერმერი ერთი ჰექტარი ვაზის გაჩეხვისთვის საკომპენსაციოდ 2000 ლარს იღებდა, ხოლო 2009-2010 წლებში ეს თანხა 1000 ლარამდე შემცირდა. ამ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან ჯამში 1.559 მლნ ლარი დაიხარჯა და სულ 924 ჰექტარი ვაზი გაიჩეხა.
„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის [1] ჩანაცვლების პროგრამას“ მაშინდელი „სამტრესტი“ (ახლანდელი „ღვინის ეროვნული სააგენტო“) ახორციელებდა. „ფაქტ-მეტრი“ დასახელებული პროგრამის მიმდინარეობაზე ადრეც წერდა. ჩვენ მაშინ ღვინის ეროვნულ სააგენტოში შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად რას წარმოადგენდა დასახელებული პროგრამა და რა მიზანს ისახავდა ის. კონსულტაციისთვის სააგენტოს მთავარ სპეციალისტს, პეტრე მესხიძეს მივმართეთ, რომელიც ვაზის ჩანაცვლების პროგრამას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
„პროგრამა 2007- 2010 წლებში ხორციელდებოდა და მიზანი ჰიბრიდული ჯიშის ვაზის და აგრეთვე დედოფლისწყაროს (სამთაწყარო და ფიროსმანი) და ყვარლის (გავაზი) რაიონის სოფლებში ამორტიზებული, დაძველებული ვენახების ამოძირკვა იყო. ამ პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ. „ღვინის და ვაზის შესახებ“ (მუხლი 17. პუნქტი 4,5,6) კანონის თანახმად, ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ყურძნის საღვინედ გამოყენება იკრძალება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იმ ფერმერების სიები შედგა, რომლებსაც ჰიბრიდული ვენახის ამოძირკვა სურდათ. პროგრამის საწყის ეტაპზე საკომპენსაციო თანხა 2000 ლარი იყო, მაგრამ მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ შემდგომ წლებში თანხა 1000 ლარი გახდა. ეს თანხა მხოლოდ ვენახის ამოსაძირკვად იყო გათვალისწინებული, ხოლო შემდეგ ფერმერს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, გამოთავისუფლებულ მიწაზე ისევ ვაზს ჩაყრიდა, თუ სხვა კულტურას მოიყვანდა. რაც შეეხება ყვარლის და დედოფლისწყაროს რაიონებს, იქ ასევე მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ძველი, ამორტიზებული ვენახების ამოძირკვა“,- განაცხადა მან „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში.
„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამა“ საჭირო და დროული პროგრამა იყო, მაგრამ საზოგადოებაში მისი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, მხოლოდ ვაზის აჩეხად აღიქმებოდა, ხოლო მიზეზს და შედეგს არავინ კითხულობდა. 2010 წელს ეს პროგრამა შეჩერდა“ ,– დასძინა პეტრე მესხიძემ.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვენახები 37 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული. 2014 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის მიხედვით კი მათი რაოდენობა 33 ათას ჰექტრამდე შემცირდა. აქედან, თითქმის 1000 ჰექტარი ვაზი „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების“ პროგრამის ფარგლებში გაიჩეხა, დანარჩენი კი მოსახლეობამ თავად გაჩეხა. ვენახების რაოდენობის შემცირებას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, ვენახების ფართობის შემცირება 2006-2013 წლების რუსეთის მიერ ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე გამოცხადებულმა თითქმის 7 -წლიანმა ემბარგომ განაპირობა. ნახევრად ტკბილ ღვინოებზე („ხვანჭკარა”, „უსახელოური” და „ტვიში”) მოთხოვნა შემცირდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ვენახების აჭრა დაიწყო და ვენახების საერთო ფართობიც შემცირდა. 2013 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე ემბარგო გააუქმა, შედეგად, გასაღების ბაზარი კვლავ გაჩნდა, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასმა აიწია და ამის გამო 2013-2014 წლებში მოსახლეობამ ახალი ვენახების გაშენება დაიწყო. საქსტატის ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლისთვის ვენახების რაოდენობა 41.2 ათასს ჰექტრამდე გაიზარდა.
როგორც აღვნიშნეთ, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქართული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებასაც გაუსვა ხაზი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ რუსეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის მაგალითი იყო რუსეთის მიერ 2006 წელს ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული ემბარგო, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მუქარა ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესახებ და თუნდაც დღევანდელი მოლოდინი, რომ „არასწორი ქმედებისთვის“ რუსეთი „დაგვსჯის“. აქედან გამომდინარე, სასურველი და უკვე აუცილებელიც კია, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია.
გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
[1] ჰიბრიდული ჯიშის ვაზი - ვაზი, რომელიც სახეობათაშორისი შეჯვარების შედეგად არის მიღებული. ჰიბრიდული ჯიშების სამეურნეო მაჩვენებელი მეღვინეობის კუთხით ძალიან დაბალია, აქვს არასასურველი გემო და ხარისხიანი მეღვინეობის კუთხით არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამ ჯიშის მთავარი პლუსი არის დაავადებებისადმი გამძლეობა და ამის გამო მოიკიდა ფეხი როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში