სოციალურ ქსელში, Facebook-გვერდებმა „ანტილიბერალური გვერდი“ და „ჩემი საქართველო აქ არის“ გიგა მაქარაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც დატანილია შემდეგი ციტატა- „გულით და სულით თქვენთან ვარ, ჩემო ძმებო უკრაინელებო. რომ არა ეს ვერაგი ვირუსები და გაციება, აუცილებლად იარაღით ხელში ვიდგებოდი უკრაინაში - გიგა მაქარაშვილი“. პოსტი მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ციტატა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს ეკუთვნის.
რეალურად, Facebook-გვერდების მიერ გამოქვეყნებული ციტატა გამოგონილია. გიგა მაქარაშვილის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში, მათ შორის, მის საკუთარ Facebook-პროფილზეც არ იძებნება.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ციტატებსა და სატირულ პოსტებს თავად მაქარაშვილიც გამოეხმაურა და რამდენიმე მაგალითი თავადაც გამოაქვეყნა.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსეთ-უკრაინას შორის ბოლოდროინდელ დაძაბულობას აქტიურად ეხმაურებოდა და უკრაინას სოლიდარობას უცხადებდა.
14 თებერვალს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ ერთ-ერთ ე.წ. სასაზღვრო ბანერს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი „დიდება უკრაინას“ დააწერეს. ორგანიზაციის აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო აგრესიით ემუქრება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, ოკუპაციის ხაზთან, სოფელ ორჭოსანთან განთავსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერის შეღებვის გამო.
19 თებერვალს მაქარაშვილმა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად, პირად პროფილზე საოკუპაციო ხაზთან უკრაინის დროშის ფერებში გადაღებილი ბანერის ფოტოც გამოაქვეყნა.
---------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.