2022 წლის 4 თებერვალს, Facebook-მომხმარებელმა Zviad Gogiashvil-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ბრიტანეთის ბავშვები 52-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან COVID-ის ვაქცინის შემდეგ: მთავრობის ანგარიში“. გოგიაშვილი პოსტში ერთ-ერთი სტატიის ქართულ თარგმანს წარმოადგენს და ამბობს, რომ „ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემები აჩვენებს სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას ბავშვებში, როგორც ერთჯერადი, ისე ორჯერადი ვაქცინის მიმღებ ბავშვებში, მათ არავაქცინირებულ თანატოლებთან შედარებით“. გოგიაშვილი საკმაოდ ვრცელ პოსტში ბრიტანულ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობის მაჩვენებლებზეც საუბრობს. რეალურად, ბრიტანეთში ბავშვების სიკვდილიანობის 52-ჯერ გაზრდაზე საუბარი მანიპულაციურია, რადგან კონკრეტული რიცხვები ბრიტანული გამოცემა The Daily Exspose-ის მიერ ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) მონაცემების დამახინჯებულ, კონტექსტიდან ამოვარდნილ და არასწორ ინტერპრეტაციებს ეყრდნობა.

სინამდვილეში, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ონლაინ გამოცემამ The Daily Exposé-მა COVID-19-თან დაკავშირებული მონაცემებით კონტექსტის გარეშე გაავრცელა. კერძოდ, The Daily Exposé-ზე 29 იანვარს სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით - „ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვები 52-ჯერ უფრო მაღალი ალბათობით იღუპებიან COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ, ვიდრე არავაქცინირებული ბავშვები& ეროვნული სტატისტიკის ოფისი კი მონაცემების დამალვას ცდილობს“. მიუხედავად იმისა, რომ თავად გოგიაშვილის პოსტი lifesitenews.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს წარმოადგენს, კონკრეტული სტატია სწორედ The Daily Exposé-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც lifesitenews, ისე The Daily Exposé, არასანდო, დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი ონლაინ-მედიებს წარმოადგენს.

სინამდვილეში, როგორც ბრიტანეთის „ეროვნული სტატისტიკის ოფისის“ (ONS) სპიკერმა გლენ გარეტმა PolitiFact-ს განუცხადა, ONS-ის მონაცემებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვთა სიკვდილიანობასთან არის დაკავშირებული.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) მონაცემები

ONS-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 3 თებერვლის მდგომარეობით, ინგლისში 15 გარდაცვალება დაფიქსირდა, რომელთა გარდაცვალების სერტიფიკატებში COVID-19-ის ვაქცინა იყო აღნიშნული. აქედან, 10 შემთხვევაში ვაქცინა იყო გარდაცვალების გამომწვევი, თუმცა დაღუპულთაგან 35 წელს ქვემოთ არც ერთი პირი არ ყოფილა.

რაც შეეხება სტატიებში ნახსენებ 2021 წლის სიკვდილიანობის მონაცემებს, ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემები ინგლისისათვის 2021 წლის 1 იანვარი-31 ოქტომბრის მონაკვეთს ფარავს და აჩვენებს:

• სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს, COVID-19-თან დაკავშირებული ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით, 10-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში.

• სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაციის სტატუსთან არ არის დაკავშირებული, 10-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში.

მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გარდაცვლილი 81 ვაქცინირებული ბავშვიდან COVID-19-ით მხოლოდ ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 256 არავაქცინირებული ბავშვიდან კი - 20. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მონაცემებში გარდაცვალების მიზეზი, რომელიც COVID-19-თან არ არის დაკავშირებული, დაფიქსირებული არ არის.

ყურადღება უნდა მიექცეს ინგლისში ბავშვების ვაქცინაციის დონესაც. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ინგლისში ვაქცინირებული ბავშვების რაოდენობა არავაქცინირებულთან შედარებით გაცილებით ცოტაა, რადგან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები მხოლოდ იმ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში უფრო დაუცველები იქნებოდნენ. მოგვიანებით, 2021 წლის აგვისტოდან ვაქცინაცია 12-17 ასაკობრივ ჯგუფში მოხვედრილი ყველა ბავშვისთვის იყო შესაძლებელი, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან 12 წელს ქვემოთ ბავშვების აცრაც დასაშვები გახდა. ამდენად, თვალშისაცემია, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის, რაოდენობრივად დიდი განსხვავებაა.

თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთის მონაცემებში ვაქცინაციის დაწყების პარალელურად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ბავშვებში გარდაცვალების ზრდა არ ფიქსირდება.

დიაგრამა აჩვენებს ინგლისში ბავშვების სიკვდილიანობას 10-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე. მონაცემთა ბაზაში არაკოვიდ გარდაცვალებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არის დაფიქსირებული. წყარო: Office of National Statistics

დიაგრამა აჩვენებს ინგლისში ბავშვების სიკვდილიანობას 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე. მონაცემთა ბაზაში არაკოვიდ გარდაცვალებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არის დაფიქსირებული. წყარო: Office of National Statistics

ბრიტანული The Daily Expose-ის გამოთვლები და მანიპულაცია

The Daily Expose-ის გამოთვლები, რომ თითქოს ვაქცინირებულ ბავშვთა სიკვდილიანობა 52-ჯერ მაღალია, ვიდრე არავაქცინირებულის, არასწორი და შეცდომაში შემყვანია. ბლოგის გამოთვლები სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ძალიან მაღალი არის იმიტომ, რომ The Daily Expose-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში ვაქცინირებული ბავშვების უმეტესობა სხვა ჯანმრთელობის გართულებების მქონენი იყვნენ (რომლებსაც COVID-19-ის მიმართ დამატებითი რისკები ჰქონდათ).

ONS როგორც წესი, ინგლისში ზრდასრულებში ასაკობრივ-სტანდარტიზებულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ითვლის. თუმცა, მსგავსი მიდგომა სტატისტიკის სამსახურს ბავშვებისთვის არ გამოუყენებია მონაცემებში არსებული ძირეული და მნიშვნელოვანი განსხვავებების გამო, რომელიც სწორი შედარებისა და ანალიზისთვის შეუსაბამო იქნებოდა. კერძოდ, სტატისტიკის ოფისმა მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა 1) ვაქცინირებული და არავაქცინირებული ბავშვების ჯგუფში რაოდენობრივად დიდი განსხვავებისა და ასევე, 2) ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სხვა ბავშვებისთვის ვაქცინაციაზე მინიჭებული პრიორიტეტის გამო. როგორც სტატისტიკის ოფისის სპიკერმა გარეტმა განაცხადა, მსგავსი ფაქტორების გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარება არავაქცინირებულ და ვაქცინირებულ ბავშვებს შორის, აზრსმოკლებული იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ვაქცინაციის სტატუსის გარდა სხვა ბევრმა ფაქტორმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობამ, COVID-19-ის ინიცირების დონემ, ახალი დომინანტი ვარიანტების წარმოქმნამ და ა.შ. ამდენად, მტკიცება, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს, არასწორია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე