14 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ „უკრაინამ შესაძლოა უარი თქვას ნატოს წევრობაზე, ომის თავიდან აცილების მიზნით“ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

იხ. Facebook-პოსტი

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს, BBC Radio 5 Live-ის ეთერში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე - განიხილავს, თუ - არა უკრაინა NATO-ს წევრობაზე უარის თქმას, თუ ეს ომის თავიდან აცილებას გახდის შესაძლებელს, უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ, მსგავსი რამ მართლაც განაცხადა. ამის შესახებ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებშიც დაიწერა (ბმული 1, ბმული 2). თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ელჩის სიტყვები არასწორი კონტექსტით გაშუქდა, ხოლო NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. 14 თებერვალს BBC-თვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში კი, უკრაინის ელჩმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მის განცხადებასთან დაკავშირებულ დისკუსიას გაუგებრობა უწოდა. კერძოდ, პრისტაიკოს თქმით, BBC-თვის მიცემულ წინა ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მან განაცხადა, რომ ომის თავიდან ასაცილებლად უკრაინა მრავალ დათმობაზე წასასვლელადაა მზად, თუმცა ელჩის მიხედვით, ამას NATO-სთან არავითარი კავშირი არ აქვს.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ Facebook-გვერდზე უკრაინის ელჩის მხოლოდ პირველი განცხადება გაშუქდა და შედეგად სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკითხის შესახებ არასრული ინფორმაცია მიეწოდათ.

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.