მტკიცება: „ოქსფორდის ბოლო კვლევის მიხედვით, აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მაღალია, ვიდრე აუცრელებში. აი თურმე რატომ ინფიცირდებიან პანტაპუნტით აცრილები და იშვიათად აუცრელები. ხალხო გაიგეთ ვინც გცრით თქვენი მტერია“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11 თებერვალს ვებგვერდზე tvm.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ: „ოქსფორდის ბოლო კვლევის მიხედვით, აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ მაღალია, ვიდრე აუცრელებში. აი თურმე რატომ ინფიცირდებიან პანტაპუნტით აცრილები და იშვიათად აუცრელები. ხალხო გაიგეთ ვინც გცრით თქვენი მტერია“. აღნიშნული დეზინფორმაცია 2021 წლიდან ვრცელდებოდა ანტივაქსერულად განწყობილი უცხოური ორგანიზაციებისა და ვებგვერდების მიერ (ბმული 1 , ბმული 2), რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება.

აღნიშნული დეზინფორმაცია რამდენიმე უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ შეისწავლა, მათ შორის, Reuters-მა, factly-მ, AFP Fact Check-მა და Health Feedback-მა. აღმოჩნდა, რომ გავრცელებული მტკიცება, თითქოს აცრილებში ვირუსის რაოდენობა 251-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე აუცრელებში, არ შეესაბამება სინამდვილეს და ოქფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების დამახინჯებას წარმოადგენს.

კვლევა, რომელსაც გავრცელებული დეზინფორმაცია იყენებს, ვიეტნამში მხოლოდ 69 ვაქცინირებულ პირზე დაკვირვებით ჩატარდა, რომლებიც კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირებულები იყვნენ. დოკუმენტში ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებში ვირუსის განსხვავებული რაოდენობის არსებობის შესახებ არაფერია ნათქვამი. კვლევაში ვკითხულობთ: „დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსული დატვირთვა 251-ჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე 2020 წლის მარტსა და აპრილში გამოვლენილ ძველი შტამებით ინფიცირებულ შემთხვევებში”. ამდენად, ოქსფორდის აღნიშნული კვლევა დელტასა და ვუჰანურ შტამს შორის სხვაობას ასახავდა და არა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებში ვირუსულ დატვირთვას.

ოქფორდის უნივერსიტეტის მიერ დელტა ვარიანტზე ჩატარებული კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ გავრცელებული მტკიცება, თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსის მეტი რაოდენობა აღმოჩნდა, არ შეესაბამება სიმართლეს და კვლევით მიღებული შედეგების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარმა, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა დევონ გრეისონმა გავრცელებულ მტკიცებას „კვლევის მიგნებების საშინლად არასწორი ინტერპრეტაცია“ უწოდა.

ამავდროულად, სამედიცინო ჟურნალ ლანცეტმა, რომელმაც კვლევა გამოაქვეყნა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო მხოლოდ წინასწარი კვლევის შედეგები და ექსპერტების მიერ გადამოწმებას საჭიროებდა.

მოგვიანებით, დელტა შტამის შესახებ მრავალი კვლევა ჩატარდა. CDC-ის მონაცემებით, ვაქცინირებული ადამიანები დელტა ვარიანტით მაინც დაინფიცირდნენ და ვირუსის სხვებზე გავრცელების პოტენციალი ჰქონდათ, თუმცა გაცილებით დაბალი სიხშირით, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებს. დელტა ვარიანტის გაჩენამდე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყვნენ აცრილები და შემდგომ დაინფიცირდნენ, არავაქცინირებულებთან შედარებით უფრო ნაკლები ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ, ანუ ნაკლებად გადამდებები იყვნენ. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ადამიანებს დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსული რნმ-ის და კულტივირებად ვირუსის რაოდენობის მსგავსი დონე ჰქონდათ. ეს კი მიუთითებდა იმაზე, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული, ვაქცინირებული ადამიანებიც კი შესაძლოა ისევე გადამდებები აღმოჩენილიყვნენ, როგორც არავაქცინირებულები. თუმცა, დელტა შტამით ინფიცირებული ვაქცინირებულები ნაკლები დროით იყვნენ გადამდებები, რადგან კვლევებმა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსული რნმ-ის რაოდენობის და კულტივირებადი ვირუსის დონის სწრაფი კლება აჩვენა. არაერთი კვლევით, დელტა ვარიანტით ინფიცირებული სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად გადამდებები აღმოჩნდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელნიც საერთოდ არ იყვნენ, ან ერთი დოზით იყვნენ აცრილები.

გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვაქცინებს შეუძლიათ ვირუსის გადაცემა შეამცირონ, მათ შორის - დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც. სრულად ვაქცინირებული პირები ნაკლებად გადამდები აღმოჩნდნენ, ვიდრე არავაქცინირებულები ან ერთი დოზით აცრილი პირები.

რაც შეეხება ომიკრონის შტამს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ Covid-19-ის ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირდა, არსებული ვაქცინები ლეტალობის და დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან ეფექტურად იცავს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ Pfizer-ის და Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის [ბუსტერი] ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 90%-ია, როგორც დელტას, ასევე ომიკრონის ვარიანტების წინააღმდეგ.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე