მტკიცება: „მესამე აცრის მერე დროა აიღოთ ტესტი სპიდზე. - ლუკ მონტენიე”

ვერტიქტი: ყალბი ამბავი

12 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა „გიგლა სულიკო ომანაშვილმა“ გამოაქვეყნა პოსტი: „მესამე აცრის მერე დროა აიღოთ ტესტი სპიდზე.- ლუკ მონტენიე”. ომანაშვილის მტკიცებით, ფრანგმა ვირუსოლოგმა, ექიმმა ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ [კორონავირუსის საწინააღმდეგო] ვაქცინის მესამე დოზით აცრის შემდეგ აუცილებელია შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომზე ტესტის აღება. პოსტის ავტორი, აღნიშნული დეზინფორმაციის საშუალებით, ცდილობს ყალბი ინფორმაცია გაავრცელოს, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანში შიდსის გამოწვევა შეუძლია. ფრაზა, რომელიც ფრანგ ვირუსოლოგს მიაწერეს, აქტიურად ვრცელდებოდა ანტივაქსერულად განწყობილი ინგლისურენოვანი Facebook-მომხმარებლებისა და ჯგუფების მიერ (ბმული 1 , ბმული 2).

გავრცელებული დეზინფორმაცია გადაამოწმა დამოუკიდებელმა ფაქტების გადამამოწმებელმა რამდენიმე უცხოურმა ორგანიზაციამ, მათ შორის Reuters-მა და Lead Stories-მა. აღმოჩნდა, რომ არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა. ამავდროულად, ექსპერტები ადასტურებენ, რომ დღეისათვის არსებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ შეუძლია გამოიწვიოს შიდსი - „არ არსებობს არც ერთი შესაძლო მექანიზმი, რომლითაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (და საერთოდ, რომელიმე ვაქცინა) გამოიწვევდა შიდსს” - ამბობს ბინარ თალაბანი, კარდიფში მცხოვრები ბრიტანელი ექიმი და მკვლევარი.

ექიმი თალაბანი აღნიშნავს: „ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი მტკიცებულება, რომ ეს მოსაზრება გავამართლოთ. ამ დეზინფორმაციის გავრცელება არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში და შიშით განაწყობენ ვაქცინების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე არსებული 10 მილიარდი დოზით დადასტურებულად უსაფრთხოა. ვაქცინებს, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინას, არ შეუძლია გამოიწვიოს შიდსი ან უფრო მოწყვლადი გახადოს ორგანიზმი სხვა ვირუსით დაინფიცირების მიმართ“.

Reuters-ი ასევე გამოეხმაურა მტკიცებებს, რომ ავსტრალიური კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საცდელი ვარიანტი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ფრაგმენტს შეიცავდა. თავდაპირველად, ქვინსლენდის უნივერსიტეტისა და ბიოტექნიკური ფირმის CSL-ს მიერ ვაქცინაზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ის ხელს უშლიდა შიდსის ტესტს, თუმცა, CSL-ს თანახმად, ჩატარებულმა კვლევებმა უარყო იქ იმუნოდეფიციტის ვირუსის არსებობა. აღნიშნული ცდა საბოლოოდ საერთოდ შეჩერდა და ეს ვაქცინაც არ არის ხელმისაწვდომი.

„არც ერთი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უშლის ხელს შიდსზე ტესტირებას“,- აცხადებს ემეშ ედალჯა (Amesh Adalja), ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მკვლევარი. მან Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა : „არც ერთი ამჟამად არსებული და კომერციულად ხელმისაწვდომი ვაქცინა არ ახდენს გავლენას აივ-ტესტებზე. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები (ან ე.წ ბუსტერ დოზა) იწვევს აივ-ინფექციას“. ამასთან, მან განმარტა, რომ არც ერთი ხელმისაწვდომი ვაქცინა ან ბუსტერ დოზა არ შეიცავს იმუნოდეფიციტის ვირუსის რაიმე კომპონენტს.

2020 წლის 17 აპრილს ლუკ მონტანიემ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ის ვირუსი HIV ვირუსის ნაწილაკს შეიცავდა. სამეცნიერო საზოგადოებამ ეს თეორია უარყო.

ცნობისთვის, ღია წყაროებზე დაყრდნობით (ბმული 1, ბმული 2), მონტანიე, რომელმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს) აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო, 2022 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე