4 თებერვალს Facebook - მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა ცნობილი იტალიელი მიკრობიოლოგის, ანდრეა ქრისანტის (Andrea Crisanti) ფოტო წარწერით: „I morti sono per la maggior parte persone vaccinate” („გარდაცვლილების უმეტესობა ვაქცინირებულია“). პოსტს თან ერთვის აღწერა: „გარდაცვლილების უმეტესობა ვაქცინირებულია - ესაა იტალიის მუშკეტერი კრიზანტი! აღიარებები გრძელდება, თუმცა ხალხის ტვინის უჯრედი ისე დააპროგრამეს, ინერციით გარბიან!“.

2 თებერვლის დილის გადაცემაში „L'aria che tira“ ანდრეა ქრისანტიმ იტალიაში არსებული კოვიდ სიტუაცია მიმოიხილა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან ყურადღება გარდაცვლილთა რაოდენობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იტალიაში გარდაცვლილთა უმეტესობას სწორედ ვაქცინირებული ადამიანები წარმოადგენენ. ეს ფრაზა ანტივაქსერულმა ჯგუფებმა მალევე აიტაცეს და იტალიაში Facebook- ჯგუფებსა თუ ვებგვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა. მათი მტკიცებით, მიკრობიოლოგმა ანდრეა ქრისანტიმ „საიდუმლო“ გამოააშკარავა, რომ თითქოს ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ არაეფექტურია და გარდაცვლილთა უმეტესობაც სწორედ ამიტომ არის ვაქცინირებული.

სინამდვილეში, ანდრეა ქრისანტის ამ ფრაზის კონტექსტის გარეშე გამოყენება მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. აღნიშნულ გადაცემაში ქრისანტი ე.წ ვაქცინების პარადოქსზე საუბრობს, რაც მარტივ ლოგიკას ეფუძნება: თუ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვაქცინირებულია, ბუნებრივია, რომ გარდაცვლილთა შორის ვაქცინირებული ადამიანებიც არიან. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ამ დროის მონაცემებით, 12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 90%-ია აცრილი.

ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციის FactCheck.org -ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მანიპულირება, ანტივაქსერულად განწყობილი ჯგუფებისთვის განსაკუთრებით იმ ქვეყნებშია დამახასიათებელი, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მაღალია. ეპიდემიოლოგები და ბიოსტატისტიკის ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად - მათ შორის, გარდაცვლილთა რაოდენობაც მოიმატებდა. ეს მარტივი მიზეზის გამო სავსებით პროგნოზირებადი იყო. არც ერთი ვაქცინა (მათ შორის - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები) არ არის 100%-ით ეფექტური, სწორედ ამიტომ თუ მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობა ვაქცინირებულია, მათ შორის კორონავირუსით გარდაცვალება მაინც მოსალოდნელია.

„წარმოიდგინეთ ჰიპოთეზური სამყარო, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი აცრილია ვაქცინით (რომლის ეფექტურობა არ არის 100%). მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება, ყველა გარდაცვლილი ადამიანი სრულად ვაქცინირებული იქნება”,- წერს დეივიდ შპიგელჰალტერი, კემბრიჯის უნივერსიტეტის რისკებისა და მტკიცებულებათა კომუნიკაციის ვინსტონის ცენტრის თავმჯდომარე და ენტონი მასტერსი, სამეფო სტატისტიკური საზოგადოების წარმომადგენელი ჟურნალ Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის ცენტრის 2022 წლის 2 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, იტალიაში 47 618 873 ადამიანი იყო ვაქცინირებული (ერთი დოზით, ორი დოზით, ან ორი დოზითა და ბუსტერით) , ხოლო 6 392 072 არავაქცინირებული. ვაქცინირებულთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობა 0.007% იყო, ხოლო არავაქცინირებულთა შორის 0.05% - ესე იგი, 7-ჯერ მეტი.

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.