სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზეა საუბარი. მათ შორის, კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია უნებართვო მშენებლობებსა და ბათუმის მერიის შიდა კონტროლის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით აღებული სესხის საკითხს. კერძოდ, ნათქვამია, რომ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით გამოყოფილი სესხის ათვისება მნიშვნელოვანი გადახრებით მიმდინარეობს: 2019 წელს ათვისებულია 78,9%-ით (გეგმა − 13 487 775 ევრო, ფაქტი − 10 636 045 ევრო), ხოლო 2020 წელს − 65,5%-ით (გეგმა − 16 224 469 ევრო, ფაქტი − 10 630 956 ევრო), ანუ საერთო მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წელს აუთვისებელი დარჩა 8 445 243 ევრო. შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა 2019 წელს თანხების აუთვისებლობა კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებით ახსნეს, ხოლო 2020 წლის გარემოება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო დაწესებულ შეზღუდვებს დაუკავშირეს. გამოყოფილი რესურსის ათვისების დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW), ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების შემთხვევაში, რადგან აღნიშნული ხელშეკრულებები კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულებების გადასახადს ითვალისწინებს. აუდიტის პერიოდში, ვალდებულების გადასახადის სახით, გადახდილია 290.371 ლარი. აღნიშნული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი − 255 133 ლარი, 2019 წლის აუთვისებლობისათვის დარიცხული ვალდებულების გადასახადია, რაც ნიშნავს, რომ გარემოებაზე პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ მოვლენებს გავლენა ვერ ექნებოდა. 2020 წლის კრედიტის აუთვისებლობას უკავშირდება მხოლოდ 35 138 ლარი, რომლის დარიცხვისას გათვალისწინებულია პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გავლენა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, საკრედიტო რესურსით მიღებული თანხების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისა და სესხზე არამიზნობრივი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მერიამ ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარება უნდა შეძლოს.
ერთ-ერთი გარემოება, რომელიც აუდიტორმა გამოავლინა, შრომის ანაზღაურების საკითხია. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით, გახარჯულია, ჯამში, 8 416 110 ლარი, რაც საბიუჯეტო გეგმის (9 169 700 ლარი) 91.8%-ს შეადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოსა და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობა დაუდგენელია, რადგან მერიის სამივე ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული ტურნიკეტები გაუმართავია, რის გამოც თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და მიმოსვლა არ აღირიცხება. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სისტემის გამართვა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ვერ მოხერხდა.
როგორც გაირკვა, გაუმართავია ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემაც, რის გამოც შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულებზე გაცემული 1 474 674 ლარის (თანამდებობრივი სარგო, პრემია/ჯილდო და დანამატი) კანონთან შესაბამისობა ვერ დადგინდა. კონკრეტულად კი, აუდიტორმა ვერ მოიპოვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა მიერ სამუშაოს, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას დაადასტურებდა. ამასთანავე, საკრებულოში შტატგარეშე დასაქმებულთა დანიშვნის ბრძანებები შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობას ან/და დავალებებს არ მოიცავდა. ხარვეზები იყო მერიის შტატგარეშე დასაქმებულთა დანიშვნის ბრძანებებშიც. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოში შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად მიიღებოდნენ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 107 051 ლარი. მუნიციპალიტეტმა ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები აუდიტორს ვერ წარუდგინა. თუმცა ცნობილია, რომ საკრებულოს არათანამდებობის პირ წევრებს ფიქსირებული გასამრჯელო არ ეძლევათ და მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდებათ. აქედან გამომდინარე, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა არსებობდეს. საკრებულოს არათანამდებობის პირებზე გაცემულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები. ეს ნიშნავს, რომ ხარჯი დაუსაბუთებელია, რადგან ყველა წევრს შესასრულებელი ვერ ექნებოდა ერთი და იგივე დავალება, რომელიც ყველასგან იდენტური მოცულობის ხარჯს მოითხოვს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2019-2020 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, 107 051 ლარი გაიცა.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს შეიცავს, ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების მიზნით განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებს ეხება. ბათუმის მერიამ 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 188 500 ლარი გამოყო. გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ ორი ხელშეკრულება გაფორმდა. მიმწოდებელი ვალდებული იყო, საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეები საცხოვრებელ ადგილამდე გადაეყვანა. მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, შესაბამის სფეროში დასაქმებულ სამ იურიდიულ პირს ფასების წარმოდგენის მოთხოვნა გაეგზავნა. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2020 წლის 4 თებერვალს, „აჭარტრანსრეგულირებასთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე, მერიამ წვევამდელების ტრანსპორტირების მომსახურება 46%-ით ნაკლებ ფასად შეისყიდა. შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ განმარტეს, რატომ არ იყო აღნიშნული მიმწოდებელი ჩართული ფასების დადგენის პროცესში. ამ გარემოების გამო, მუნიციპალიტეტმა 22 408 ლარის ეკონომიის შესაძლებლობა დაკარგა.
„ფაქტ-მეტრმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ 2020 წელს, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, გაფორმებულია ექვსი ხელშეკრულება. აქედან ოთხ შემთხვევაში, შემსყიდველი აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეების ტრანსპორტირების მომსახურების პერიოდი 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 956 500 ლარს შეადგენს. (გამარტივებული შესყიდვები: CMR2000155818; CMR2000124641; CMR200089099; CMR200064435; CMR200061989; CMR200061157)
ანგარიშში მოხვდა ბათუმელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ხარისხიც ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოებში 55 მლნ ლარზე მეტია გადახდილი, თუმცა სანაპირო ზოლის ნაწილი უკვე ზღვაში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 2021 წლის თებერვალში დასრულდა და ასეთ მოკლე დროში არ უნდა დაზიანებულიყო. აუდიტის პერიოდში გაირკვა, რომ ნაგებობა ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული. ამიტომ, როგორც მერიაში აუდიტორებს განუმარტეს, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსის გარეშე, მერია ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე (რაც სანაპირო ზოლის კვების მიზნით, ინერტული მასალის შეტანასაც გულისხმობს) პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. აქედან გამომდინარე, ნაგებობის მოვლა-შენახვა უზრუნველყოფილი არაა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება შეიძლება დაზიანდეს და დამატებითი ხარჯი გამოიწვიოს.
რაც შეეხება ბათუმისთვის კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემას - ქაოსურ და უნებართვო მშენებლობებს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა. მიუხედავად ამისა, ქალაქში უნებართვო მშენებლობები გრძელდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რეზონანსულია ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე „მეტრო ტერმინალის“ მიერ უკანონოდ დაწყებული მშენებლობა. საუბარია მრავალსართულიან კორპუსებზე, რომელთა დანიშნულებაც დღემდე უცნობია. ამ ეტაპზე, როგორც მერია აცხადებს, კომპანია 49-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა მშენებლობა გრძელდება და მიუხედავად ოპოზიციის არაერთი პროტესტისა, კორპუსების რაოდენობა იზრდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს ობიექტი, შესაძლოა, არაკანონიერი ბიზნესსაქმიანობისთვის შენდება, რაც კრიმინალურ გარჩევებსა და დანაშაულის ზრდას გამოიწვევს. ასეთ დამოკიდებულებას უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის გაუმჭვირვალობა იწვევს. აღნიშნულ გარემოებასა და სხვა უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ მერია სათანადო ღონისძიებებს დროულად არ ატარებს, რაც უნებართვო მშენებლობების აღკვეთასა და უკანონოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟს აფერხებს. მისი დასკვნით, ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემა სუსტია და არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს.