25 იანვარს, Facebook-გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებმა“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ჩინეთი ახდენს თავისი ზოგიერთი საავტომობილო გზის საკონცენტრაციო ბანაკად გადაკეთებას“. 2 თებერვალს, „TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი“-ის ეთერში ხატია სიჭინავას ინტერვიუს მონაკვეთი გამოქვეყნდა, რომელშიც სიჭინავა ასევე ჩინეთში აუცრელი ხალხის კოლონიებში გადაყვანაზე საუბრობს. იდენტური ვიდეო ვიდეოპორტალ Age.ge-ზეც განთავსდა. რეალურად, პოსტებში გავრცელებული მტკიცება, რომ თითქოს ჩინეთში აუცრელი ადამიანებისთვის კოლონიებს აშენებენ და იქ ათავსებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, ჩინეთი უკვე ორი წელია ე.წ. „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკას აწარმოებს, რაც ფართომასშტაბიან ტესტირებას და კონტაქტების მოკვლევას გულისხმობს, ახალი შემთხვევების სწრაფად აღმოჩენა-დაფიქსირება-იზოლაციის მიზნით. ამ პოლიტიკის გამო ქალაქების უბნების, რაიონებისა თუ მთლიანი ქალაქების ლოქდაუნში მოქცევა და იზოლაციის მიზნით ინფიცირებული ადამიანების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა ხდება. ამ ეტაპზე კორონავირუსის ეპიცენტრს ჩინეთში ქალაქი სიანია წარმოადგენს, სადაც დეკემბრის ბოლოს კარანტინი გამოცხადდა და მოსახლეობას სახლიდან გასვლა აეკრძალა.

წყარო: CNN- სპეციალური საკარანტინე სივრცე

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მკაცრი პირობების გამო სოციალურ ქსელში ჩინეთის მაცხოვრებლები მწვავე კრიტიკას გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ საკარანტინე სივრცეებში ცუდი პირობები ჰქონდათ, მათ შორის უჩიოდნენ საკვების ნაკლებობას, ოთახების ზომის სიმცირეს და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ საკარანტინე სივრცეებში ადამიანები ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად გადაჰყავთ, ასე მოხდა სწორედ ქალაქ სიანის შემთხვევაშიც. ის პირები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ და მათი კონტაქტები, განურჩევლად ვაქცინაციის სტატუსისა, ერთნაირად იყვნენ გადაყვანილნი საკარანტინე სივრცეებში.

რაც შეეხება უშუალოდ, „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, იდენტური ვიდეო YouTube-ზე ჩინური იეროგლიფებით იძებნება- 据说~这是河南安阳隔离点。(ქართულად: ამბობენ, რომ ეს არის საიზოლაციო სივრცე ანიანგი, ჰენანში). როგორც ჩინური მედია წერდა, მას შემდეგ რაც ჰენანის პროვინციაში ომიკრონის 443 შემთხვევა დაფიქსირდა, ქალაქ ანიანგში საკარანტინო სივრცის აშენება იგეგმებოდა, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება აღარ მომხდარიყო. სხვა ადგილობრივ მედიაში, აღნიშნული საკარანტინე სივრცის მშენებლობის პროცესიდან სხვადასხვა ფოტოებსაც ვხვდებით (იხ. ფოტოები). ამდენად, ჩინეთში საკარანტინე სივრცეები შენდება და არა „საკონცენტრაციო ბანაკები“, რომელშიც აუცრელ ადამიანებს ათავსებენ.

წყარო: xinhuanet.com

აღსანიშნავია, ისიც რომ ჩინეთში დღეს კოვიდის საწინააღმდეგო პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, როგორც ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ისე ოლიმპიდის მონაწილე თუ უბრალო დამსწრე პირებისთვის. გამკაცრებული პროტოკოლის თანახმად, ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან ქალაქამდე სპეციალური ტრანსპორტით, ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში გადაჰყავთ. ამასთან, თამაშებთან დაკავშირებული თითოეული პირი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლებიც, ვალდებულები არიან ყოველდღიურად ტესტი ჩაიტარონ. სპორტსმენებს ოლიმპიადის ფარგლებში ოლიმპიური სოფლის დატოვება და ქალაქში გასვლაც აკრძალული აქვთ.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები იმის შესახებ, რომ თითქოს ჩინეთში საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ კოლონიებს აშენებენ, რათა მასში აუცრელი ადამიანები მოათავსონ, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.