ბოლო პერიოდში, ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, ვრცელდება მითი, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი სეზონური გაციებაა. მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ძირითადად ანტივაქსერები ავრცელებენ. თუმცა ანალოგიური შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმაც გააკეთა, მისი თქმით „ომიკრონი როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი“.

არსებობს ვარაუდი, რომ „ომიკრონმა“ შესაძლოა პანდემია დაასრულოს, თუმცა მტკიცება, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი სეზონური გაციებაა [ან გრიპი], სიმართლეს არ შეესაბამება.

პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ სეზონური გაციება [როგორიცაა რინო-ვირუსები] და გრიპის ვირუსი, რომელსაც სეზონური გაციებისგან განსხვავებით, დაავადების გაცილებით მძიმე მიმდინარეობა და გართულება [ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილი] ახასიათებს. მინისტრი განცხადებისას დაავადების მსუბუქ მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, შესაბამისად, ის „სეზონურ გრიპში“, სავარაუდოდ, სეზონურ გაციებას გულისხმობს. COVID-19-ის, მათ შორის „ომიკრონის“ სეზონურ გაციებასთან გაიგივება, შეცდომაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ ბევრად უფრო საშიში დაავადებაა, ვიდრე ჩვეულებრივი გაციება და არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან. ამასთან, „ომიკრონი“ განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს იმ ქვეყნებში წარმოადგენს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონი“ ჯანდაცვის სექტორისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ის უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება და ამასთან, COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. შემთხვევების სწრაფი მატება ჰოსპიტალიზაციას გაზრდის, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ისე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

ჯანმოს თანახმად, მითია, თითქოს ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მოქმედებს. სრული ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა, COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს. COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც მრავალი სხვა ვაქცინის, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის, დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც აუცილებელია გამაძლიერებელი დოზის [ბუსტერი] მიღება. ბუსტერ დოზით აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის - 60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ, ასევე ჯანდაცვის მუშაკები.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ „ომიკრონს“ აქვს გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები... სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს. ასაკოვანი მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, კვლავ რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად“.

ჯანმოს ინფორმაციით, როდის დასრულდება პანდემია და როდის მიიღებს COVID-19 სეზონურ ხასიათს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2 ვირუსი ენდემური გახდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაქრება, ცალკეულ ტერიტორიებზე ვირუსის ცირკულაცია მუდმივად იქნება, თუმცა გარკვეული პერიოდულობით, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად აფეთქებებს გამოიწვევს. ამისთვის, ადამიანთა საკმარისმა რაოდენობამ უნდა მოიპოვოს იმუნიტეტი ვაქცინაციისა და ბუნებრივი დაინფიცირების გზით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს - „ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვითარდება... ჩვენ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვართ იმ ეტაპზე, რომ პანდემია ენდემიად გამოვაცხადოთ“.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფოტო:Verywell / Brianna Gilmartin