2022 წლის 23 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა Tina Topuria-მ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აშშ-ში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 16-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობამ 65%-ით მოიმატა. თოფურიას თქმით, თავდაპირველად ეს ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა, რასაც შემდგომი გამოძიებები მოჰყვა. თოფურია პოსტში vaccineimpact.com-ზე განთავსებულ სტატიას - „აშშ-ში 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობის 65%-მდე გაიზარდა 2021 წლის განმავლობაში, ექსპერიმენტული COVID „ვაქცინების“ წელი“- აზიარებს. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და აშშ-ში გარდაცვალებების რიცხვის ზრდა არა კოვიდვაქცინაციასთან, არამედ უშუალოდ კოვიდინფექციასთან არის დაკავშირებული.
როგორც Associated Press-ის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა წერს, იანვრის დასაწყისში სოციალურ ქსელებში, მედიასა და ონლაინ ბლოგებში აქტიურად გავრცელდა მანიპულაციური ინფორმაცია, რომ აშშ-ში 2021 წლის მესამე კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ გარდაცვალების ანაზღაურების ხარჯების ზრდა შეინიშნება, რაც რეალურად კოვიდვაქცინების მავნებლობის მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან კოვიდვაქცინები სწორედ 2021 წელს გახდა ფართოდ ხელმისაწვდომი. რეალურად, ზემოთ აღნიშნული მტკიცებები აშშ-ში გარდაცვალების სტატისტიკასა და კოვიდვაქცინაციას შორის კავშირის დადგენას ხელოვნურად ცდილობს. სადაზღვევო ინდუსტრიის აღმასრულებელი პირები აცხადებენ, რომ აშშ-ში სიკვდილიანობის ზრდაში წვლილი სავარაუდოდ კორონავირუსის დელტა ვარიანტმა და დაგვიანებულმა სამედიცინო მკურნალობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც ამერიკის დაავადების კონტროლისა და მედიცინის ცენტრის (CDC) ანგარიშებია ნაჩვენები, მილიონობით ადამიანის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, გარდაცვალებების შემთხვევები ძალიან იშვიათად არის აღწერილი.
როგორც Associated Press წერს, სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად გავრცელებული მტკიცება 14-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალებების 65%-ით გაზრდის შესახებ, ინდიანაპოლისის სადაზღვევო კომპანიის OneAmerica-ს აღმასრულებელი დირექტორს, სკოტ დეივსონს ეკუთვნის. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, დეივსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ შრომისუნარიანი ასაკის დაზღვეულ პირებში გარდაცვალების მაჩვენებლის 40%-ით ზრდა დააფიქსირა. სოციალურ ქსელებში დეივსონის მოყვანილი სტატისტიკა დაამახინჯეს და ვაქცინაციის შედეგებს მიაწერეს, ასევე გამოქვეყნდა ბლოგი სათაურით - „სამუშაო ძალის მქონე ახალგაზრდების რეკორდული მაჩვენებელი იღუპება COVID-19-ის ვაქცინების წარმოებაში ჩაშვების შემდეგ“. დეივსონმა Associated Press-თან საუბარში CDC-ის მონაცემებსა და საკუთრივ კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში გაზრდილი სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი აშშ-ში COVID-19-ით, ან იმ აუნაზღაურებელი ზიანის შედეგად იყო გამოწვეული, რომელიც პაციენტებს ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ აღენიშნებოდათ.
სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული კვლევითი ჯგუფის LIMRA-ს სპიკერმა, კეტრინ ტერუმ განაცხადა, რომ კომპანიას 2021 წლის ბოლო მონაცემები არ აქვს, თუმცა არავითარი ვარაუდიც კი არ არსებობს, რომ ვაქცინებს გარდაცვალებებთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს. მისი თქმით, სიკვდილიანობის რიცხვის ზრდას 2021 წლის ზაფხულში აშშ-ში სწრაფად გავრცელებულმა კორონავირუსის დელტა ვარიანტმა შეუწყო ხელი. ამასთან, CDC-ის მონაცემების თანახმად, დელტა ვარიანტმა წინამორბედ ვარიანტთან შედარებით, უფრო დიდი გავლენა ახალგაზრდა და შრომისუნარიან ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებზე მოახდინა.
Associated Press-ი ჯერ კიდევ დეკემბერში CDC-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ 2021 წელი „ყველაზე მომაკვდინებელი“ წელი იქნებოდა ქვეყნის ისტორიაში, ხოლო COVID-19 გარდაცვალების მე-3 მიზეზი იქნებოდა გულის დაავადებებისა და სიმსივნის შემდეგ. ექსპერტები ასევე აღნიშნავდნენ, რომ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის აპრილამდე წამლის ზედოზირების შემთხვევებმა 100 000-ს გადააჭარბა, რაც ასევე სავარაუდოდ 2021 წლის სტატისტიკაზე იმოქმედებდა.
აშშ-ში სიკვდილიანობის ზრდის მიუხედავად, ცნობები კოვიდვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების შესახებ ძალიან იშვიათია. CDC-მ სულ გარდაცვალების 9 შემთხვევა აღრიცხა, რომელიც Johnson & Johnson COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით გამოწვეული იშვიათი თრომბით იყო გამოწვეული (ამ ვაქცინის 17 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზის ადმინისტრირება მოხდა). ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამერიკელების უდიდეს ნაწილს Pfizer-სა და Moderna-ს ი-რნმ ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია და ამასთან, თრომბის განვითარების იშვიათ რისკს არ შეიცავს.
ამდენად, თინა თოფურიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა-უსაფრთხოების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
-------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.