ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ რომ 2022 წლის ბიუჯეტი მანამდე დაამტკიცა, სანამ 2021 წლის მოწვევის საკრებულო შეიკრიბებოდა, ამის შესახებ ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე, წინა მოწვევის დეპუტატებმა საკრებულოს რეგლამენტის ის მუხლი შეცვალეს, რომელიც ბიუჯეტის განხილვის კონკრეტულ ვადებს აწესებდა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილება პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის ვადებს შეეხო. ოპოზიცია, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევდა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტი ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ წევრები კი განმარტავდნენ, რომ გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

მოგეხსენებათ, ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისთვის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს გადაეცემა. დარგობრივი კომისიები განიხილავენ და შესაბამის შენიშვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას უგზავნიან.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები ჰქონდათ დარგობრივ კომისიებს და რომელი მათგანი გაითვალისწინა აღმასრულებელმა ორგანომ. ინფორმაცია ბათუმის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

მერიის მიერ გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ საკრებულოს შენიშვნა ჰქონდა საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით. მერიის პოლიტიკის სამსახური განმარტავს, რომ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც 53 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე მეხუთე ფაზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო საინვესტიციო პროგრამა შემუშავების პროცესშია. აღნიშნული თანხით გათვალისწინებულია წყალარინების სისტემის მოწყობა აეროპორტის, ინდუსტრიულ და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე - მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება, ინჯალოს რეზერვუარის მშენებლობა და სხვა სამუშაოები. სამსახურის განმარტებით, პროგრამის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების საკითხი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის სესხის გამოყოფა ჯერ კიდევ 2019 წელს გადაწყდა. მაშინ საუბარი იყო 60 მლნ ევროზე. 2020 წელს კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის სესხის გამოყოფის თაობაზე დადებული ხელშეკრულება შეწყდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ონლაინგამოცემა „ბათუმელებს“ პასუხობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობა კი უკვე წლებია, რაც წყლის სისტემებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დანართის დანართი 1 თანახმად, „კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი“, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 2007 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წელს უწყვეტი წყალმომარაგების სერვისს 86 000 აბონენტი იღებდა, ხოლო 2022 წელს მათი რაოდენობა 3 500-ით გაიზრდება. ამ შედეგს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ შესაბამისი პროექტები განხორციელდება. რაც შეეხება გამწმენდ ნაგებობებში ჩართული საკანალიზაციო ქსელების წილს, გასულ წელს 75%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი დაგეგმილია, რომ 5%-ით გაიზარდოს. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის სანიაღვრე სისტემის გაფართოება და გამტარუნარიანობის გაუმჯობესება. დანართში განმარტებულია, რომ ქალაქს სრულად გამართული სანიაღვრე სისტემა არ გააჩნია, რის გამოც ხშირი და ინტენსიური წვიმების დროს, იტბორება, რაც მოსახლეობას აზარალებს.

აღნიშნული პრობლემა ბათუმის მოსახლეობას მრავალი წელია, რაც აწუხებს. ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიონობით ლარია გათვალისწინებული, თუმცა საკითხი მოუგვარებელია. თუ 2021 წლის ბიუჯეტის დანართს დანართი 2 ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის დანართში საკითხთან დაკავშირებით მითითებული ინდიკატორები უცვლელად მეორდება. ანუ 2020 წლის საბაზისო და 2021 წლის მიზნობრივი მაჩვენებლები ზუსტად ემთხვევა 2021 და 2022 წლის საბაზისო და მიზნობრივ მაჩვენებლებს (საბაზისო: 86 000 აბონენტი და 75% გამწმენდ ნაგებობებში ჩართული საკანალიზაციო ქსელის წილი; მიზნობრივი: 89 500 აბონენტი და 80% საკანალიზაციო ქსელი).

საკრებულოს შენიშვნა ჰქონდა სატრანსპორტო სისტემებისა და სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შენიშვნასთან მიმართებით სამსახური პასუხობს, რომ შიდა საავტომობილო გზებზე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის მიზნით, რამდენიმე ქუჩა გაცალმხრივდა და რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთწლიანი კვლევა განხორციელდა. მერია ასევე განმარტავს, რომ ქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერებების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, მისი შემდგომი მოწყობის მიზნით. ასევე, გაწერილია პარკირების სერვისის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს საკითხიც ქალაქის მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის არაერთი წელია, რაც პრობლემატურად რჩება.

საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე მერიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიმართ საკანონმდებლო ორგანოს დაინტერესება პლანეტარიუმის მშენებლობას ეხება. სამსახური პასუხობს, რომ პროექტის განხორციელებას მხარს დაუჭერს. თუმცა პროექტი 2022 წლის ბიუჯეტში არ შეუტანიათ. მერიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. პლანეტარიუმის მშენებლობის თემაც ქალაქისთვის არახალია. მასზე საუბარი დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. მაგალითად, 2015 წელს საკრებულოს ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში თემა კიდევ ერთხელ წამოწია, თუმცა მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში არ შეიტანა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკურ კომისიას შენიშვნები ჰქონდა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა კეთილმოწყობის სამმართველოსთან. მათ შორის, ჩაქვი-მახინჯაური-მწვანე კონცხის საზღვრებში არსებული რთული რელიეფური ადგილების წყლით მომარაგების საკითხით დაინტერესდა, რაზეც ორგანიზაცია პასუხობს, რომ მწვანე კონცხის დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების პროექტი შესყიდული აქვს. ღირებულება 8 251 284 ლარს შეადგენს.

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, არის გადათხრილი და შემდეგ უხარისხოდ დაგებული ასფალტი. საკრებულოს ამ შენიშვნას სამმართველო პასუხობს, რომ გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქალაქის არაერთი ქუჩა და ტროტუარი მაინც მოუწესრიგებელია. განსაკუთრებით - არაცენტრალურ უბნებში.

რეზონანსული იყო საკითხი რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილის აყრისა და ასფალტის საფარის გადაგების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბათუმელების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანოს სამმართველო განუმარტავს, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ქვაფენილი ისეა დაზიანებული, მისი აღდგენა არაეფექტურია. ამიტომ უკვე შესყიდული აქვთ პროექტი, რომელიც ასეთი ქუჩების კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა კეთილმოწყობის სამმართველოს მისამართით შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიასაც. ერთ-ერთი მათგანი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების ღონისძიებებში გოგოლის ქუჩის №23-ში მდებარე სახლისთვის დამცავი კედლის მოწყობას გულისხმობს. პასუხის თანახმად, საპროექტო ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დავალება მიეცა. იყო ასევე შენიშვნა სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამაში რამდენიმე ქუჩის მონაკვეთების ჩართვის თაობაზე. საკრებულოს კომისიამ შენიშვნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ქვეპროგრამის მისამართითაც გამოთქვა. კერძოდ: ქვეპროგრამაში მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზო კარის მონტაჟის დამატების შესახებ. სამმართველომ განუმარტა, რომ 2021 წელს რამდენიმე ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა. ამიტომ პროექტს საპროექტო ორგანიზაციას გადაუგზავნის, დეტალური შესწავლისა და გადაფასების მიზნით.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შენიშვნაზე, რომელიც გარე განათების ქსელის განვითარებასა და მოვლა-პატრონობის მომსახურების გადასახადის შემცირებას, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გეგმის შემუშავებას ეხება, ადრესატი პასუხობს, რომ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საინტერესოა, რომ საახალწლოდ განათებული ბათუმის მიღმა არაერთი ქუჩა ჩაბნელებულია.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესყიდვის მიზნით, 1 450 000-ლარიანი ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ აქვს გაფორმებული, რომელიც ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მომსახურება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაეწია. თუმცა თითქმის ერთი თვით ადრე ქუჩები უკვე ჩაბნელდა და კომპანიამ განაცხადა, რომ თანხა ამოეწურა. აღნიშნულ ტენდერშიც მხოლოდ „აჭარგანათება“ მონაწილეობდა. შესყიდვა მომსახურებას 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით ითვალისწინებს. სამმართველოს განმარტებით, ხელშეკრულება ერთ კვირაში გაფორმდება.