2022 წლის 3 და 4 იანვარს, ონლაინ მედია სააგენტო „თვალსაზრისზე“ ირაკლი ჯანყარაშვილის ორი სტატია შემდეგი სათაურებით გამოქვეყნდა - The National Interest – შესაძლოა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ალიანსიდან გარიცხვა მოხდეს“ და „ნატო-დან ბალტიისპირეთის ქვეყნების გარიცხვა აქტიურად განიხილება“. როგორც ჯანყარაშვილი აღნიშნავს, ის უცხოური გამოცემის The National Interest-ის სტატიას ეყრდნობა და რუსეთ-აშშ-ს შორის NATO-სა და ევროპაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს განიხილავს. სტატიაში საუბარი NATO-დან ბალტიისპირეთის ევროპის გარიცხვაზეა საუბარი, იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მხარეები ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის გარანტიების საკითხებზე შეთანხმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ The National Interests-ის სტატიაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შესაძლო განვითარების სცენარებზე ნამდვილად არის საუბარი, „თვალსაზრისზე“ გამოქვეყნებულ სტატიებში ფაქტობრივად კონტექსტი უგულებელყოფილია და ერთი ექსპერტის მოსაზრება იმის არგუმენტად არის წარმოდგენილი, რომ ალიანსიდან შესაძლოა ბალტიისპირეთის გარიცხვა მოხდეს.

2022 წლის 1 იანვარს, The National Interest-ზე დევიდ პაინის სტატია - „სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად“ („Negotiate Peace With Russia to Prevent War Over Ukraine“) გამოქვეყნდა. ავტორი ვრცელ სტატიაში ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს, მათ შორის, მის სურვილზე უკრაინის რუსეთთან შეერთების საკითხზე. ავტორი სტატიაში, ვლადიმერ პუტინის მიერ აშშ-სა და NATO-სთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების შეთანხმებასაც ახსენებს, რომლითაც, ავტორის თქმით, მან ყველას მიანიშნა, რომ „მისი [შეთანხმების] უარყოფის შემთხვევაში შედეგი რუსეთ-უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყება“ იქნება. აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთი დასავლეთ საზღვრებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფას ომის გზით მიაღწევს თუ მოლაპარაკებების გზას აირჩევს, ჯერ კიდევ საკითხავი ამბავია.

სწორედ ამ საკითხის განხილვისას, პაინი სტატიაში ახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი ლიდერებისთვის პუტინის შემოთავაზება მიუღებელია, „ის არც ისეთი მიზანშეუწონელია, როგორც ამას ბევრი დასავლელი კომენტატორი ამბობს“. ამ თემაზე საუბრისას კი ავტორს სტატიაში ამერიკელი კომენტატორის ჯეიკობ დრაიზინი მოსაზრება მოჰყავს, რომელიც პუტინის აშშ-ისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების დოკუმენტს განიხილავს. მან ივარაუდა, რომ კონკრეტული დოკუმენტი „„ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებად“ და „არააგრესიულ პაქტად, რომელიც მზადაა ხელმოწერისათვის““ მოიხსენია, რომელიც „აღმოსავლეთ ევროპაში „ბუფერული ზონის“ შექმნას ისახავს მიზნად. ირაკლი ჯანყარაშვილის სტატიაში ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ კვლავ დევიდ პაინის მოსაზრებებია გადმოტანილი და არა რომელიმე ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადება.

მაგალითად, „თვალსაზრისზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ - „რუსეთის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების შეთანხმების პუნქტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ვალდებულებას აიღებს, თავიდან აიცილოს ნატოს შემდგომი აღმოსავლეთით გაფართოება და უარი თქვას ყოფილ სსრკ-ის სახელმწიფოებთან შეთანხმებების გაფორმებაზე, ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ალიანსიდან გარიცხვა მოხდეს. პუტინის მოთხოვნები არც ისე უსაფუძვლოა, როგორც ამას ბევრი დასავლელი კომენტატორი ექსპერტი ამბობს. ამ ინფორმაციით, არის შანსი, რომ ვაშინგტონმა გადადგას ასეთ მოულოდნელი ნაბიჯი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სასიცოცხლო ინტერესები ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ტერიტორიაზე.... უფრო მეტიც, ვაშინგტონს ამ რეგიონში „სასიცოცხლო ინტერესები“ არ გააჩნია. გარდა ამისა, სამხედრო თვალსაზრისით, ეს რესპუბლიკები, ძალიან სუსტია და შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო ოპერაციების პლაცდარმის როლი შეასრულონ“.

რეალურად, The National Interest-ის სტატიაში აღნიშნული მონაკვეთი სხვა ფორმულირებით არის მოყვანილი და ნათელია, რომ ეს მოსაზრება კონკრეტულ ექსპერტს ეკუთვნის. ტექსტში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ უსაფრთხოების დებულებაში ნათქვამია, რომ „აშშ-მა უნდა აიღოს ვალდებულება, აღკვეთოს NATO-ს შემდგომი აღმოსავლეთით გაფართოება და უარი თქვას ალიანსში ყოფილი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან მიღებაზე“, ეს დებულება შეიძლება ინტერპრეტირებადი იყოს, როგორც NATO-დან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გარიცხვის მოთხოვნად. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დებულებას მიუღებლად მიიჩნევს, ის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რადგან აშშ-ს არ გააჩნია სასიცოცხლო ინტერესები ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში და ბოლო საბრძოლო თამაშები მუდმივად აჩვენებს, რომ აშშ რუსეთთან ამ ტერიტორიებზე მარცხდება“. ამდენად, სტატიის ორიგინალ ვერსიაში „თვალსაზრისისგან“ განსხვავებით არ არის ნახსენები, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები სამხედრო თვალსაზრისით სუსტია და მათი გამოყენება მხოლოდ სამხედრო ოპერაციების პლაცდარმად შეიძლება იქნას გამოყენებული და ამიტომ მას ამერიკა მარტივად დათმობს. ამ კონკრეტული მუხლის გარდა, სტატიაში წარმოდგენილია მოსაზრებები რომელთა მიხედვითაც, აშშ რუსეთთან და ჩინეთთან მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ყოვლისმომცველი უსაფრთხოების შეთანხმება უნდა გამოიყენოს. იქვე გაჟღერდა, რომ დამატებით უსაფრთხოების თემებზე საუბარი სწორედ აშშ-რუსეთს შორის იანვრის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრებზე მოხდებოდა.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ The National Interest-ის სტატიაში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე ნამდვილად არის საუბარი, NATO-დან ბალტიისპირეთის ქვეყნების გარიცხვაზე მოსაზრება კონკრეტულ ექსპერტს ეკუთვნის. შესაბამისად, „თვალსაზრისის“ ვებ-გვერდზე ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში სათაურად და ტექსტში გაჟღერებული მტკიცება, რომ „ნატო-დან ბალტიისპირეთის ქვეყნების გარიცხვა აქტიურად განიხილება“/ The National Interest – შესაძლოა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ალიანსიდან გარიცხვა მოხდეს” ტყუილია და მკითხველს მცდარ შთაბეჭდილებებს უქმნის დასავლეთში მიმდინარე დისკუსიებზე. დღემდე ამერიკის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან, მსგავსი მოსაზრება არ გაჟღერებულა, უფრო მეტიც, აშშ ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ულტიმატუმებს, რომლებიც სახელმწიფოთა და მათ შორის, NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, საფრთხეს შეუქმნის, არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება.

რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე აქტიურად მიმდინარეობს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები. რუსეთი NATO წევრი სახელმწიფოებისგან წერილობით ლეგალურ დოკუმენტის მიღებას ითხოვს, რომელშიც გაცხადებული იქნება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, მათ შორის ალიანსში არ გაწევრიანდებიან საქართველო, უკრაინა. ცნობისთვის, მოსკოვმა ვაშინგტონს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შედგენილი დოკუმენტები, 2021 წლის 15 დეკემბერს, მოსკოვში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდს წარუდგინა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ კონკრეტული შეთავაზებების გადაცემამდეც, აქტიურად აცხადებდა, რომ „ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა“. იენს სტოლტენბერგიც და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაუფარავად აჟღერებდნენ იმ პოზიციასაც, რომ ისინი არ არიან თანახმა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც იარსებებს გავლენის სფეროები.

მიმდინარე წლის იანვარში გამართულ შეხვედრებზე აშშ-მა და ალიანსის ქვეყნებმა არაერთხელ გამოხატეს ერთგულება ალიანსის ერთიანობისადმი და არა თუ რომელიმე ქვეყნის ალიანსიდან გარიცხვის საკითხი არ დაუყენებიათ დღის წესრიგში, არამედ მათ ღიად დააფიქსირეს მხარდაჭერა NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი. მიუხედავად რუსეთის მოთხოვნისა, რომ ალიანსმა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრებას გულისხმობს, გააუქმოს, 9-10 იანვარს ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. იგივე პოზიცია გააჟღერეს NATO-რუსეთის საბჭოზე 12 იანვარს და აღნიშნეს, რომ მოკავშირეები „არ იტყვიან უარს საკუთარ შესაძლებლობაზე, დაიცვან ერთმანეთი, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული ძალების განთავსებით“.

რაც შეეხება უშუალოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და NATO-ს ურთიერთობებს, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში NATO აქტიურად ზრდის მის წარმომადგენლობას ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრების ტერიტორიის დასაცავად. მათ შორის ახლა ამ ტერიტორიებზე განლაგებულია ბრიტანული, კანადური, გერმანული და ამერიკული სამხედრო დანაყოფები, რაც დემონსტრირებაა ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერისა და იმისა, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე.

ამდენად, საკითხი, რომ NATO-დან ბალტიისპირეთის ქვეყნების - ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის, გარიცხვა ევროპაში რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად განიხილება, სიმართლეს არ შეესაბამება.

წყაროს შესახებ:

„თვალსაზრისი“ ონლაინ მედია სააგენტოა, რომელიც მკვეთრად ანტიდასავლურ და პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. 2020 წლის განმავლობაში „თვალსაზრისი“ სხვა პრორუსულ გამოცემებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის, NATO-სა და ევროკავშირის მადისკრედიტირებელ კამპანიებში, რომლის ფარგლებშიც დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალას ავრცელებდა. ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.