ირაკლი ჯორბენაძე: ცხრა მილიონ ნახევარი ლარი დავტოვეთ 2012 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და მაშინ ეს დაახლოებით 6 მლნ დოლარზე მეტი იყო. ახლა არის 17 მლნ 600 ათასი თითქმის და რამდენი დოლარია, მაყურებელმა გადათვალოს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ჯორბენაძის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის, ხულოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადდა. გადასახდელების გეგმა 9 625 007 ლარს შეადგენდა. ხულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი 17 664 100 ლარია. აშშ დოლარში გაანგარიშებით, ბიუჯეტი 2014 წელს დაახლოებით 5.66 მლნ აშშ დოლარს უდრიდა, წელს კი, დოლარში კონვერტაციით, უხეშად 5.67 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შვიდი წლის განმავლობაში ბიუჯეტის შემცირება/მიზერული სიდიდით გაზრდა, ბუნებრივია, საგანგაშო იქნებოდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში გადახდის საშუალებას ლარი წარმოადგენს და არა აშშ დოლარი. ამიტომ, რეალური ეკონომიკური პარამეტრების შეფასებისას, მაჩვენებლები ფასების დონით კორექტირდება და არა - ვალუტის კურსით.
იმის გასაგებად, დროის გარკვეულ მონაკვეთში გაიზარდა, თუ შემცირდა ხულოს ბიუჯეტი, საჭიროა აღნიშნული თანხების ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით კორექტირება. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე, ქვეყანაში ფასების ზრდამ დაახლოებით 47% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი ბიუჯეტი, 9,6 მილიონი ლარი, დღევანდელ ფასებში, დაახლოებით 14.1 მილიონი ლარია. როგორც 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმიდან ჩანს, წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 17,7 მილიონ ლარამდე დახარჯავს. შესაბამისად, რეალური ბიუჯეტი იზრდება. ბიუჯეტის დოლარში კონვერტირებით რეალობის მცდარად წარმოდგენა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად, განცხადების ავტორის მიერ მოყვანილი რიცხვები მეტ-ნაკლებად ზუსტია, რეალობას დამახინჯებულად ასახავს და კონტექსტს საპირისპიროდ წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ჯორბენაძის განცხადება არის მანიპულირება.
შენიშვნა: მაჩვენებელი, რომელსაც პოლიტიკოსი ასახელებს, 2014 წლის ბიუჯეტის გეგმას ემთხვევა და არა - 2013 წლის გეგმას. ამიტომ ჩვენ შესადარებლად სწორედ ხულოს 2014 წლის ბიუჯეტი ავიღეთ.
ანალიზი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის, ხულოს საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა: „ცხრა მილიონ-ნახევარი ლარი დავტოვეთ 2012 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და მაშინ ეს დაახლოებით 6 მლნ დოლარზე მეტი იყო. ახლა არის 17 მლნ 600 ათასი თითქმის და რამდენი დოლარია, მაყურებელმა გადათვალოს“.
საქართველოს მუნიციპალიტეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წლის არჩევნების შემდეგ შეცვალა. ირაკლი ჯორბენაძის განცხადების მიხედვით, ის 2012 წელს მომზადებულ 2013 წლის ბიუჯეტის გეგმაზე საუბრობს. თუმცა მის მიერ დასახელებული პარამეტრი 2014 წლის ბიუჯეტის გეგმას ემთხვევა. ამიტომ, ჩვენი აზრით, ეს ტექნიკური შეცდომაა და შესადარებლად სწორედ 2014 წლის ბიუჯეტი ავიღეთ, რომელსაც ხელს ნოდარ თავართქილაძე, 2010 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე აწერს. 2013 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ხულოს მუნიციპალიტეტის შემოსულობების გეგმა 9 037 631 ლარს შეადგენდა, ხოლო გადასახდელების - 9 625 007 ლარს. 2022 წლის გეგმით, ბიუჯეტის გადასახდელები 17.6 მლნ ლარს შეადგენს.
საორიენტაციოდ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2013 წლისთვის გაცვლითი კურსის საბიუჯეტო მაჩვენებლად აღებულ იქნა დაახლოებით 1.7 ლარი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - 3.1129. შესაბამისად, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, გადასახდელები დაახლოებით 5 მლნ 66 ათასი აშშ დოლარს უდრიდა, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას კი დაახლოებით 5 მლნ 67 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. თუ დავუშვებთ, რომ ამ პრინციპით შედარება რელევანტურია, გამოვა, რომ 2022 წლისთვის, 2014 წელთან შედარებით, ბიუჯეტი მხოლოდ მცირედით გაიზარდა. აქვე, უნდა აღინიშნოს რომ ბუნებრივია, გაცვლითი კურსები დროთა განმავლობაში იცვლება, შესაბამისად ერთ კონკრეტულ თარიღში მონაცემების შედარება შეიძლება მხოლოდ საორიენტაციოდ მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პოლიტიკოსები, ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურების დინამიკიდან გამომდინარე, რეალობის უფრო დრამატულად წარმოსაჩენად, სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელს ხშირად აშშ დოლარში ითვლიან. ეს კი, როგორც წესი, ეკონომიკური თვალსაზრისით არასწორი და მანიპულაციურია. „ფაქტ-მეტრი“ მსგავს განცხადებებს სისტემატურად ეხმაურება. საქართველოში ანგარიშსწორების ერთეული ლარია. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოქალაქეების ხარჯები ლარში ითვლება და არა - უცხოურ ვალუტაში.
ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით, ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობაზე პირდაპირ არ აისახება. ლარის გაუფასურება ბევრ ფაქტორზე უარყოფით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით იმ ქვეყანაზე, რომელიც იმპორტდამოკიდებულია. ბუნებრივია, ასეთ დროს უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის ფასი იზრდება. ასევე მოსახლეობასაც და ქვეყანასაც ეზრდება უცხოურ ვალუტაში არსებული სესხის მომსახურების ტვირთი. თუმცა, ბუნებრივია, ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებით და ინფლაცია ერთმანეთს პირდაპირპროპორციულად არ უკავშირდება და ფასების ცვლილებაზე მთელი რიგი სხვა ფაქტორები მოქმედებს. რეალური ეკონომიკური პარამეტრების შეფასებისას, გამოიყენება ფასების დონის ცვლილება, ანუ ინფლაცია, რომლითაც ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები კორექტირდება. ინფლაციის დონის გავლენა ლარის მსყიდველუნარიანობას ამცირებს. ბიუჯეტზე მუშაობისას საბიუჯეტო ორგანიზაცია, შემოსულობებისა და გადასახდელების დაგეგმვისას, ამ ფაქტორს ითვალისწინებს.
2014 წლიდან დღემდე, ინფლაციამ დაახლოებით 47% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი ბიუჯეტი, 9,6 მილიონი ლარი, დღეისთვის, დაახლოებით 14.1 მილიონი ლარია. როგორც 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმიდან ჩანს, წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 17,7 მილიონ ლარამდე დახარჯავს. შესაბამისად, ბიუჯეტის დოლარში კონვერტირებით რეალობის დამახინჯება ხდება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტი არ გაზრდილა.