სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტის დევიდ სასოლის ფოტო გავრცელდა, რომელზეც რუსულად შემდეგი წარწერაა დატანილი - „Президент Европейского парламента Давид Сассоли умер в возрасте 65 лет от “дизфункции иммунной системы”, верятно, вызваной вакциной против Covid-19. Oн был одним из главных людей, стаящих за ведением паспортов вакцины на територии ЕC“. (ქართულად: ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში „იმუნური სისტემის დისფუნქციით “გარდაიცვალა, რაც შესაძლოა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იყოს გამოწვეული. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ადამიანი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინის პასპორტების შენარჩუნებას ცდილობდა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული არ არის.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 10 იანვარს გარდაიცვალა, რის შესახებაც სასოლის პრეს-სპიკერმა twitter-ზე დაწერა.
იტალიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი ფლორენციიდან, დავიდ სასოლი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ის იტალიაში, ავიანოს საავადმყოფოში 26 დეკემბერს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებების გამო მოათავსეს, რის გამოც, ოფიციალური საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა.
მიმდინარე წლის სექტემბერში სასოლი სტრასბურგის საავადმყოფოში ლეგიონელას ინფექციით გამოწვეული პნევმონიის მძიმე ფორმას მკურნალობდა. იტალიაში დაბრუნების შემდგომ, მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში თავის მიმდევრებს შეატყობინა, რომ ლეგიონელას რეციდივი დაეწყო. აღსანიშნავია, რომ დავიდ სასოლი წლების განმავლობაში სისხლის ავთვისებიან სიმსივნეს, მიელომას ებრძოდა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაც ჩატარებული ჰქონდა. ლეგიონელას ინფექციით გამოწვეულმა პნევმონიამ კი მისი კლინიკური მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა. სასოლი ოქტომბრიდან დისტანციურად მუშაობდა, ნოემბერში ოფიციალურად განაახლა თავისი პოლიტიკური მოვალეობები, თუმცა დეკემბერში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამდენად, ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირება, უსაფუძვლოა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დავიდ სასოლი ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდპასპორტების შენარჩუნების მომხრე იყო, სიმართლეა. მას საკმაოდ მკაფიო და მტკიცე პოზიცია ჰქონდა კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ელექტრონული პასპორტებით გადაადგილება სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური საშუალება იყო.
------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.